ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში მდებარე ეკლესიის შენობა სავალალო მდგომარეობაშია. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მშენებელ-ინჟინერი, მშენებლობის ექსპერტ-ზედამხედველი ბესო დავაძე აქვეყნებს.

მისგან მოპოვებული ინფორმაციით, ეკლესიაზე ბზარები სამი თვის შენიშნა და ამჟამად, უფრო საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ ამბობს, რომ შენობაზე ბზარებმა მოიმატა.

„პირველ რიგში, საჭიროა გეოლოგების მოწვევა და გამოკვლევა, რატომ გაიხსნა დიაგონალზე ეკლესიის შენობის იატაკი და კედლები, – ამბობს ბესო დავაძე, – სასწრაფოდ უნდა შველა, თორემ ბზარები ჭერზედაც გადავა და შენობა შუაზე გადაიხსნება.

შენობის გასამაგრებლად, აუცილებელია არმირება შიგნიდან და გარედან, – შენობის ირგვლივ მიწა 2-3 მეტრზე უნდა გაითხაროს, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია შემოერტყას და ბეტონი ჩაისხას. ამით, შენობა, ფაქტობრვად, ახალდასხმულ ფუნდამენტზე დამაგრდება.

ეს სამუშაოები არ იქნება ადვილი, რადგან ეკლესიის კარებთან ახლოს საფლავებია. არმირებასაც საკმაოდ დიდი თანხა დასჭირდება. თუმცა, შენობა სასწრაფოდ მისახედია“.

დავინტერესდით, ფარცხნალის ეკლესიის შენობის მდგომარეობის შესახებ ფლობს თუ არა ინფორმაციას და რა ზომებს იღებს ფარცხნალში მერის წარმომადგენელი ავთანდილ თაბუკაშვილი. 

„ხუთი წელია, ფარცხნალის თემში მერის წარმომადგენლად ვმუშაობ და ამ წლების განმავლობაში ბზარების მატება ფარცხნალის ეკლესიაზე არ შემინიშნავს, – ამბობს ავთანდილ თაბუკაშვილი, – შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, შენობის გამაგრების მოთხოვნით არაფერი დაგვიგეგმავს და არავისთვის მიგვიმართავს“.

ფარცხნალის ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ძეგლთა დაცვის განყოფილების გამგე ნიკო დეკანოსიძე ინფორმირებულია. ის ამბობს, რომ 2009 წელს „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ მიერ ამ ეკლესიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ეკლესიის კედლები კი 10-12 წლის წინ დაიბზარა.

ნიკო დეკანოსიძის ინფორმაციით, ფარცხნალის ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ძეგლთა დაცვის სააგენტო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, მარგვეთისა და უბისის ეპარქია.

„ამ ტაძრის გამაგრება საჩქაროა, – ამბობს ნიკო დეკანოსიძე და გადაწყვეტილება, რა და როგორ გაკეთდეს, ეპარქიამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ერთობლივად უნდა მიიღონ“.

ფარცხნალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. ამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.