დღეს, 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია დაიწყო. კამპანოა 10 დეკემბრამდე — ადამიანის უფლებათა დაცვის დღემდე გაგრძელდება. 1991 წლიდან დაწყებული გლობალური ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ძალადობაგამოვლილი პირების მიმართ სოლიდარობის გამოხატვასა და ქალთა უფლებების დაცვას, რაშიც გადამწყვეტი როლი განათლებასა და საერთო ძალისხმევას ენიჭება.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა:

„ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა საყოველთაო სირცხვილია, რომელიც კვლავ საგანგაშო მასშტაბით არის გავრცელებული. დროა, დავასრულოთ ეს უსამართლობა, აღვასრულოთ სამართლიანობა ძალადობაგამოვლილი პირებისთვის და გავაძლიეროთ პრევენციული მექანიზმები.

მთავრობებმა სტაბილურად უნდა დააფინანსონ შეტყობინების კონფიდენციალური სისტემები, იურიდიული დახმარება, ჯანდაცვა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და თავშესაფრები; ასევე უზრუნველყონ კანონმდებლობის აღსრულება და უმოქმედო ინსტიტუტების პასუხისმგებლობა.

ჩვენ უნდა დავძლიოთ პატრიარქალური ნორმები, განსაკუთრებით ციფრულ სივრცეში, სადაც ანონიმურობა აძლიერებს ქალთმოძულეობას. ქალებსა და გოგონებს აქვთ უფლება, იცხოვრონ შიშის გარეშე, კაცები და ბიჭები კი აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ ბრძოლაში, როგორც მოკავშირეები“, – ნათქვამია განცხადებაში.