მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაში მონაწილეობის მიზნით საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევად.

კონკურსის მიზანია მოტივირებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების შერჩევა, რომლებიც ცერნში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სასწავლო პროცესში დანერგავენ და კოლეგებსაც გაუზიარებენ.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საჯარო სკოლების მოქმედ ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებსაც:

  • დადასტურებული აქვთ ფიზიკის საგნობრივი კომპეტენცია ან/და გააჩნიათ ფიზიკის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • აქვთ სკოლაში ფიზიკის სწავლების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი CERN -ის კვლევით ცენტრში.

განაცხადის წარდგენის წესი:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ teachers.gov.ge-ის ოფიციალური ელფოსტიდან მისამართზე: cern@tpdc.ge
  • რეზიუმე (CV);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • პრეზენტაცია PDF ან PowerPoint ფორმატში.პრეზენტაცია:პრეზენტაციის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს და უნდა მოიცავდეს ორ სავალდებულო ნაწილს:
    1. კანდიდატის საუკეთესო პრაქტიკა ფიზიკის სწავლების პროცესში, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს კანდიდატის მიერ რეალურად განხორციელებული ერთი კონკრეტული საგანმანათლებლო პრაქტიკა – გაკვეთილი, ექსპერიმენტი, პროექტი, კვლევითი დავალება, STEM აქტივობა, ფიზიკის კლუბის საქმიანობა ან სწავლების სხვა გამოცდილება;
    2. ცერნისა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობა – კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს:
    • რა იცის ცერნის საქმიანობისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
    • რა პროფესიული საჭიროებები და ინტერესები აქვს, რომელთა განვითარებასაც აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს;
    • როგორ უკავშირდება ცერნის საქმიანობა და პროგრამის შინაარსი მის დღევანდელ პედაგოგიურ პრაქტიკას;
    • რა მოლოდინები აქვს სტაჟირებისგან;
    • როგორ გამოიყენებს სტაჟირების ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ სასწავლო პროცესში;
    • როგორ გაუზიარებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს, სკოლას, პროფესიულ საზოგადოებასა და ფიზიკის სხვა მასწავლებლებს.

    კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. 

დაწვრილებით ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის შესახებ გაეცანით ამ ბმულზე.