ბორითის კულტურის სახლში დღეს კონკურსის, „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ზონალური ტური გაიმართა.

ბორითის, უბისის, ვაშლევის, ღორეშის, ვერტყვიჭალის, ნადაბურისა და ხევის საჯარო სკოლების გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხარაგაულის წარსულის, გამოჩენილი და სახელოვანი თანამემამულეების, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული თარიღების ცოდნაში.

ფინალის საგზური ხევის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

„ჩვენთვის ამ კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შემეცნებითი თვალსაზრისით, – ამბობს ხევის საჯარო სკოლის გუნდის წევრი ხატია ტაბატაძე, –  ბევრი რამ შევიტყვეთ ხარაგაულის შესახებ. ხარაგაულშიც გავაგრძელებთ ბრძოლას პირველი ადგილისთვის.“

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის თქმით, პროექტი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება.

„ხარაგაული ყოველთვის გამოირჩეოდა ინტელექტუალური პოტენციალით და ეს უნდა გაგრძელდეს მომავალში. მთავარია, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდეთ მშობლიურ კუთხეებში და ხელი შუწყოთ მის განვითარებას,“ – მიმართა დავით კიკნაძემ მოსწავლეებს.

პირველი ზონალური ტურის გამარჯვებულია ვახანის საჯარო სკოლა.

მორიგი ზონალური ტური 12 აპრილს კიცხის საჯარო სკოლაში გაიმართება წყალაფორეთის, ხიდრის, ვარძიის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლების გუნდებს შორის.

13 აპრილის  ხარაგაულის კინოთეატრში ერთმანეთს შეხვდებიან ხარაგაულის #2, #3, სასულიერო გიმნაზიის, ლაშისა და საღანძილის საჯარო სკოლების გუნდები.

კონკურსის, „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ორგანიზატორები არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი, გამგეობის კულტურის სამსახური და საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

BORITI- BORITI-1