რიკოთის უღელტეხილზე ახალი მაგისტრალისა და მისი ალტერნატიული გზის მშენებლობაზე მთავრობა ორი წელიწადია საუბრობს.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე

Posted by საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო on Friday, April 1, 2016

ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რიკოთის უღელტეხილს ზესტაფონთან დააკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს გვირაბებისა და ხიდების მშენებლობას.

იგეგმება მეორე გზის მშენებლობა, რომელიც ბუნებრივი პირობების გაუარესების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტისთვის რიკოთის გზის ალტერნატიული გზა იქნება და ხარაგაულის გავლით ზესტაფონამდე ჩავა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ხარაგაულის გზა უნდა გამოსულიყო ძირულაზე. „მე ვთვლი, რომ უმჯობესი იქნება, თუ მოვძებნით სწორ მიმართულებას, რომ გავიდეს პირდაპირ ზესტაფონზე. მაშინ რიკოთის უღელტეხილის არსებული გზის მოდერნიზებული ვარიანტი იქნება ავტობანი და თუ მთავრობა თავის დროზე ჩათვლის საჭიროდ, ის შეიძლება გახდეს ფასიანიც.“

მინისტრის მრჩეველი, გიორგი სეთურიძე, რომელიც ამ პროექტს კურირებს, ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი თავისი მასშტაბით უნიკალურია. გიორგი სეთურიძის თქმით, ასაშენებელია 20 კილომეტრი ორმხრივი გვირაბი და ხიდები. გზის პროექტირება დაწყებულია, თუმცა, როგორც მინისტრის მრჩეველი ამბობს, ფასიანი მონაკვეთების არსებობაზე, ჯერჯერობით, საუბარი არ მიდის.

„სახელმწიფო აშენებს ალტერნატიულ გზას, – სხვა კატეგორიის გზა იქნება, რომელიც გაივლის ხარაგაულის მიმართულებით და რიკოთზე, მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებისას, იქნება შემოვლითი გზა. ორივე გზის მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 54 კილომეტრია. დაიწყება ჩუმათელეთიდან და დამთავრდება ზესტაფონის გასასვლელში.“

როგორც გიორგი სეთურიძე ამბობს, რიკოთის უღელტეხილისა და ზესტაფონის დამაკავშირებელი ახალი გზა, რომელსაც მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, ერთ-ერთი რთული პროექტია. პროექტის ხარჯები კონფიდენციალურობის მიზეზით არ სახელდება, თუმცა როგორც სეთურიძე ამბობს, სახელმწიფოს წილი აღნიშნული პროექტის დაფინანსებაში 20 პროცენტის ფარგლებში იქნება.

„მთებიც უნდა დაიხვრიტოს, მთის ქანებიც უნდა ჩამოიშალოს, ხიდებიც უნდა გაკეთდეს. პირველი მონაკვეთის, ჩუმათელეთი-ხევის, მშენებლობა, იმედი გვაქვს, რომ დაიწყება 2017 წელს. ხევი-ზესტაფონის მონაკვეთის დაპროექტება წელს დაიწყება და ალბათ 7-8 თვით უფრო გვიან დაიწყება მშენებლობა.

რიკოთის ალტერნატიული გზისა და ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა პროექტის მიხედვით, 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ვის გადაეცემა მართვაში აღნიშნული გზა.

აბრეშუმის გზის ფორუმზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თუ ჩინელები ააშენებენ გზას და მართავენ 30-დან 50 წლამდე, ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტიანობიდან გამომდინარე.