kharagauleli eqimebis aqcia

ხარაგაულის საავადმყოფო „ადითიდან“ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და გადასვლის პროცესი უკვე დაწყებულია, – ეს ინფორმაცია პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს 9 აგვისტოს გამართულ აქციაზე ამცნო. შპს „ადითი“ ხარაგაულის თანამშრომლები, წლებია, გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან. უმძიმეს პირობებში, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე ემსახურებიან პაციენტებს.

სახელფასო დავალიანებების გასტუმრება, ანაზღაურების მომატება და ხარაგაულში სამედიცინო მომსახურეობის შენარჩუნების მოთხოვნა გახლდათ 9 აგვისტოს ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომელთა მორიგი აქციის მთავარი მოთხოვნები.

რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს, – ამბობს შპს „ადითი“ ხარაგაულის დირექტორი ქეთევან აბრამიშვილი, – ოთხი თვეა, უხელფასოდ ვმუშაობთ. შპს „ადითი“ ანაზღაურების გადაუხდელობის მიზეზად სადაზღვევო კომპანიებისგან თანხის მიუღებლობას ასახელებს. გვეუბნებიან, რომ მძიმე სიტუაციაა. ჩვენზე უკეთ ვინ ხედავს, რომ აუტანელი მდგომარეობაა. გამგეობასაც მივმართეთ, საკრებულოსა და დეპუტატსაც ვთხოვეთ დახმარება. როდის იქნება ხელფასი, – ამაზე არ ვიცი, რა ვუპასუხო თანამშრომლებს. მათ მიმართ პასუხისმგებლობა მე მაკისრია.

სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ვინც უშუალოდ უნდა გააუმჯობესოს პაციენტების სამედიცინო მომსახურეობა, მათ არ აქცევს ყურადღებას. ჩაგვყარეს დიდ ორმოში და ვართ სიბნელეში, აბსურდში, უიმედობასა და სრულ გაუგებრობაში. ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს ნორმალური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ნახევარ სიცოცხლეს ვტოვებთ ავადმყოფთან რაღაც თეთრების სანაცვლოდ და იმასაც ვერ ვღებულობთ თვეების განმავლობაში. ღირსება დაგვიბრუნონ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომ არ ვიგრძნოთ თავი მონებად და ასე დაჩაგრულებად! თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, მედპერსონალი იძულებული გახდება, თანდათანობით დატოვოს აქაურობა. ეს გამოიწვევს ხარაგაულში საავადმყოფოს დახურვას, რითაც დაზარალდება მოსახლეობა.“

იზო კურტანიძე, ექთანი: ოთხი თვე რომ სახლში ათ ლარსაც ვერ შეიტან, როგორ შეიძლება?!

ნანი არევაძე, ექიმი: -აუარებელი გადაუდებელი პაციენტი შემოდის ჩვენთან – დაკბენილები, სოკოთი მოწამლულები… შეიძლება ხუთი თვე დახმარება გაუწიო ამდენ მძიმე პაციენტს და არაფერი აიღო?! ღამის 3 საათზე უნდა დავჯდე წვეთოვანთან, გადახდილი თანხიდან კი მხოლოდ ორი ლარია ექიმის და იმასაც ვერ მივიღებთ ათ თვეს.

თინა მჭედლიძე, ექიმი: -მონათმფლობელურ წყობილებაში, შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, მონას აძლევდნენ წყალს და საკვებს. ჩვენ გვეუბნებიან, არც ძველ ანაზღაურებას მოგცემთ, არც ახალსო. თვეებია, 24 საათის განმავლობაში ვმორიგეობთ მოლოდინის რეჟიმში. ყველა ექიმი სერტიფიცირებულია. ვერ ვანებებთ ჩვენს საქმეს თავს. თუ დასახურია ეს საავადმყოფო, დროულად დაიხუროს, თუ არადა, გააუმჯობესონ პირობები.

პოლისიანს უნდა მოვემსახუროთ უფასოდ, მაგრამ ამ პოლისით რომ ანაზღაურებას ვერ ვიღებთ?! სახელმწიფომ მედიცინის მუშაკებზეც უნდა იფიქროს და მხოლოდ პაციენტზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. რატომ ჩაგვაყენეს ამ მდგომარეობაში?! ძალიან დიდი იმედით შევხვდით ახალ მთავრობას, მაგრამ კარგს და სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ მედიცინის კუთხით.

ლია გიორგაძე, ექთანი: -სირცხვილი იმ სახელმწიფოს, ჩემი ვალი რომ აქვს 20 ლარი!

ზაური ჭუმბურიძე, ექიმი: -ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ პაციენტების დასახმარებლად. ავადმყოფს ვერ ვღალატობთ და ვინც ანაზღაურება უნდა ჩაგვირიცხოს, სარგებლობენ ამით. არაადამიანურ მდგომარეობაში ვართ. საკვები ხომ უნდა მიიტანო სახლში, დენის ფული ხომ უნდა გადაიხადო?! ასე არ შეიძლება.

ედელა სხილაძე, ბუღალტერი: -თვეში ვითხოვთ 5 ათას ლარს 40 თანამშრომელი. ჩვენი ოთხი თვის დავალიანება 20 ათასი ლარია.

აზა ფურცელაძე, ექიმი: -სახელმწიფო დაზღვეულებზე თანხას იხდის, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა არის გაურკვეველი. გასულ წლებში სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულეს, რომ აეშენებიათ ასი საავადმყოფო. გადაიხადეს სადაზღვევო კომპანიებმა საავადმყოფოების მშენებლობის თანხა და დღეს არიან გაკოტრებულები. ჩვენ გვეუბნებიან, ფული არ არისო. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს თანხას ურიცხავს, მაგრამ კომპანიები არიან გაკოტრებულები. ჩვენთან არც საავადმყოფო ააშენეს და არც შრომის ანაზღაურებას გვიხდიან.

ხარაგაულში საჭიროა საავადმყოფო. ზესტაფონის ოცსაწოლიანი ჯეოჰოსპიტალი ვერ გაწვდება ზესტაფონელი, ხარაგაულელი, ბაღდათელი პაციენტების სამედიცინო მომსახურებას.

ხარაგაულელთა უმრავლესობა სადაზღვევო კომპანია „ირაოშია“ დაზღვეული. ამიტომ „ირაოსთან“ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა, რომ „ადითს“ შესრულებული სამუშაოს საფასური ჩაურიცხოს.

nაღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა სამედიცინო დახმარება გაუწიეს საავადმყოფოში მოტეხილობით შემოსულ პაციენტს.

nაქციაზე პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, რომ უერთდება ხარაგაულელი ექიმების პროტესტს და აღნიშნა, რომ აქციაზე მოსვლამდე ტელეფონით ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძეს.

ნოდარ ებანოიძე: -მინისტრის მოადგილემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში შეწყდება „ადითთან“ ხელშეკრულება. ფინანსთა სამინისტრო მზადაა „ადითის“ დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოების დაფინანსებისთვის, მხოლოდ ამისთვის საჭიროა „ადითის“ ვალდებულებების დათვლა, რისთვისაც შექმნილია ჯგუფი. როგორც მინისტრის მოადგილემაც აღნიშნა, „ადითს“ დაქვემდებარებული რვა საავადმყოფოდან ხარაგაულის საავადმყოფოა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, რადგან გაუცემელ ხელფასებს ემატება შენობის კატასტროფული მდგომარეობა.

ამ ორ-სამ თვეში იქნებ მოახერხონ ხარაგაულის საავადმყოფოს რეაბილიტაცია, სანამ სრული რეაბილიტაცია დაიწყება, – აღნიშნა აქციაზე ნოდარ ებანოიძემ, – ახალი დაწესებულება აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარება გადმოიბარა სახელმწიფომ და დამატებით გადასცემენ ახალ ავტომანქანებს.“

რაც შეეხება „ირაოსგან“ შპს „ადითისთვის“ თანხის ჩარიცხვას, როგორც ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, მთავრობამ შექმნა ჯგუფი დაზღვევო კომპანიების საქმიანობის შესასწავლად ამ კუთხით.

nდეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აქციის მონაწილეებს გადასცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრის მახათაძის ინფორმაცია, რომ 12 აგვისტოს კვირაში სამინისტრო იწვევს შპს „ადითის“ დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოების, მათ შორის ხარაგაულის საავადმყოფოს, წარმომადგენლებს „ადითიდან“ საავადმყოფოების სახელმწიფოსთვის გადმობარების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

ლაურა გოგოლაძე