რა გავლენას მოახდენს ხარაგაულში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მმართველი კოალიციის გადაწყვეტილება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე, ეყოლებათ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატები ხარაგაულში, – ამ შეკითხვებით კოალიციაში შემავალი პარტიების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს მივმართეთ.

manana-barbaqadze

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს: „დამოუკიდებლად რომ ვიქნებით, გავაკეთებ თუ გავაფუჭებ, უკვე მეცოდინება, რომ პასუხისმგებლობა გადმოვა ჩემზე, როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრზე და ამ ხელისუფლების წარმომადგენელზე. ვფიქრობ, რომ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიებიც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და გაუფრთხილდებიან თავიანთი პარტიების სახელს და მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს.“

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატს, მანანა ბარბაქაძის ამბობს, – „რასაკვირველია, ცენტრალური ოფისი ჩვენთან შეთანხმებით გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს არ მოხდება ისე, ადრე რომ ხდებოდა, – მოწონდა თუ არა ხალხს, ისეთ კანდიდატს რომ სთავაზობდნენ.“

mikheil-chipashvili-2

-კოალიციაში შემავალი ყველა პარტია კონკურენციის რეჟიმში გადავა, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭიპაშვილი, – ჩვენ-ჩვენი საარჩევნო პროგრამა გვექნება. ამომრჩეველს მიეცემა საშუალება, მისთვის ყველაზე სასურველი და მისაღები პარტია აირჩიოს. ამ შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანი გახდება საარჩევნო პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატს, აუცილებლად გვეყოლება. განიხილება რამდენიმე პიროვნება და უახლოეს დღეებში ზუსტად გვეცოდინება.

 

kelenjeridze-iuza

-ყველას აინტერესებს, თუ როგორ გზას დადგებიან პარტიები, – ამბობს „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე, – მთავარია, რომ კოალიციური რეჟიმი და ურთიერთთანამშრომლობა არ დაირღვეს. ახლა კონსულტაციების პერიოდია. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ტყელამაძე ძალიან კარგად აფასებს ამ პროცესს. ევროპული არჩევნებიც ასეთია, – ცალ-ცალკე ჩაერთონ პარტიები არჩევნებში. მაჟორიტარი კანდიდატის საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში. მრეწველთა პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები შევიკრიბებით და ყველაფერი დაზუსტდება. მთავარია, რომ ამ სიტუაციებმა ქაოსი არ შეიტანოს პოლიტიკურ პროცესში. ეს უნდა იყოს გაწონასწორებული და დაბალანსებული, ურთიერთობები უნდა დალაგდეს. არ უნდა დაზარალდეს ქვეყანა, მოსახლეობა და ეკონომიკა.

 

gela-golubiani

– ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა, – ამბობს ხარაგაულში „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე გელა გოლუბიანი, – კვირას „ეროვნული ფორუმის“ ყრილობა იქნება. პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაც ჩასატარებელია. ვნახოთ, შეიძლება კოალიციაში შემავალი პარტიების ცალ-ცალკე მონაწილეობა არჩევნებში უკეთესიც იყოს. გააჩნია როგორ გამოიყენებენ ამას პარტიები. ეს ტრაგედია არ არის. ვფიქრობთ მაჟორიტარობის კანდიდატზეც. თუ პარტია გქვია, უნდა გყავდეს მაჟორიტარობის კანდიდატი. გაგაგებინებთ ყველაფერს უახლოეს ხანში.

mixeil-gelashvili

„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ხარაგაულში მიხეილ გელაშვილი ფიქრობს, რომ კოალიციიდან პარტიების გასვლამ, შესაძლოა, ადგილზე დაპირისპირებები გამოიწვიოს, თუმცა, მისივე თქმით, არა კატასტროფული. „ჩვენი პარტიის ყრილობაზე, კვირას გადაწყდება კოალიციიდან გასვლა-არგასვლის საკითხი. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატს, შესაძლოა, არ გვყავდეს.“

ნინო კაპანაძე