ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე ღია წერილით მიმართავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ კობა ლურსმანაშვილს:

„საკრებულოს 14 მარტის სხდომაზე თქვენგან წარმოდგენილი ანგარიშის განხილვის შემდეგ არ გესიამოვნათ საჯაროდ ჩემი საკუთარი აზრის დაფიქსირება ბოლო ერთი წლის მანძილზე თქვენს მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღშფოთდით და ჯერ ინდმეწარმეებთან „გარიგებაში“ დამადანაშაულეთ, შემდეგ კი „ჩმორი“ მიწოდეთ. თანაც დასძინეთ, – „სასაცილოა, ჩმორები რომ ბლატავს დაგიწყებენ.“

ვფიქრობ, რომ ეს, გადაღლილობის გამო, უნებლიეთ წამოგცდათ ან არ გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა. შევეცდები განგიმარტოთ, რომ

„ჩმორი“ არის ადამიანი, რომელიც „ზენიტში“ მყოფ ნაციონალურ მოძრაობას და მათ მაჟორიტარ დეპუტატს სუფრებს უშლიდა თანამდებობებზე დანიშვნის სანაცვლოდ, მაგრამ თქვენებური ჟარგონით რომ ვთქვათ „გადააგდეს;“

„ჩმორია“ ადამიანი, რომელიც თანამდებობას ღებულობს რომელიმე პარტიის მხარდაჭერით, რომელსაც ერთგულებასა და სიყვარულს ეფიცება. მერე კი, უეცრად, „სკამის სიყვარულის“ და თანამდებობის დატოვების შიშით მიატოვებს ამ პარტიას და უარყოფს, რომ არანაირი კავშირი წარსულში მათთან არ ჰქონია და მის არც ერთ წევრს არ იცნობს;

„ჩმორია“ ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ზიზღი აკავშირებს ზოგიერთ თანამდებობის პირთან, მაგრამ რადგან პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა მათი წარდგენა თანამდებობაზე, დიდი ზარზეიმით, ზიზღის გამოუმჟღავნებლად უნდა დაუჭიროს მხარი;

„ჩმორია“ ადამიანი, რომელსაც თავი „მართლმადიდებლად“ მოაქვს, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რელიგიისათვის გამოყოფილ თანხას საკათედრო ტაძარს ვერ ურიცხავს „სკამის დაკარგვის“ შიშით;

„ჩმორია“ ადამიანი, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს ათავისუფლებს პოლიტიკური ნიშნით. ამას კი საჯაროდ ვერ აღიარებს და ცრუობს, თითქოს არაეთიკური საქციელის გამო გაათავისუფლა…

უსასრულოდ შემიძლია ანალოგიური მაგალითებით განგიმარტოთ სიტყვა „ჩმორის“ მნიშვნელობა, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ საკმარისია.

ახლა კი მოვითხოვ საჯაროდ დაასახელოთ ის ინდმეწარმეები (თუნდაც ერთი), ვისთანაც ვიყავი გარიგებაში თქვენი მოადგილეობის ან საკრებულოში საქმიანობის დროს.

საზოგადოებისათვის ნათელი რომ გავხადოთ, დააკონკრეტეთ, რა სახით ვიყავი მათთან გარიგებაში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას, – ხომ არ გთხოვდით ხელშეკრულების გაფორმებას ჩემს სიმამრთან ან ჩემს მეგობართან, რომელთანაც წარსულში საერთო ბიზნესი მაკავშირებდა? იქნებ გუბერნატორს დავარეკინე და მისი თხოვნით გააფორმეთ ხელშეკრულება ჩემს რომელიმე ახლობელთან? ან ჩემი უმცროსი ძმა ხომ არ მივუჩინე რომელიმე ინდმეწარმეს და მისი მეშვეობით ჩემამდე ხომ არ მოდიოდა „გაბერილი ხარჯთაღრიცხვებით“ შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი თანხები?

გთხოვთ, არ დამზარდეთ, – ბოლომდე „მამხილეთ,“ რათა მეორედ აღარ გავბედო „წილებში ჩაჯდომა“, უკანონოდ არ მოვიხმარო ბიუჯეტის თანხა.

თუ ვერ დაასახელებთ იმ ადამიანს, ვისთანაც გარიგებაში ვიყავი, არ იფიქროთ ბოდიშის მოხდას ვითხოვდე თქვენგან, რადგან ცრუ და ცილისმწამებელი ადამიანებისაგან ჩემთვის ბოდიშის მოხდა არაფერს ნიშნავს.

და ბოლოს, ბატონო გამგებელო, უდავოდ ნიჭიერი კაცი ბრძანდებით, მაგრამ გეტყობათ მახსოვრობის უნარი არ გივარგათ. თუ ჩემი მისამართით ურცხვად გააგრძელებთ ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებებს, ვეცდები, შეგახსენოთ თქვენი წარსული, – ვინ იყავით, საიდან მოდიხართ, ან გამგებლად მოსვლის დღიდან დღემდე ჩვენს შორის ვინ არის „ჩმორი“ და „კორუმპირებული“, – წერს ღია წერილში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უჩა ბერაძე.