
1998 წლის 24 მარტიდან იწყება „ჩემი ხარაგაულის“ ისტორია. თუმცა, იქნებ უფრო ადრიდან…
…იქნებ, – გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინდელ რაიონულ გაზეთს რომ პრობლემები შეექმნა…
…ელექტროენერგია ღამის თერთმეტის ნახევარზე მოდიოდა, ორ საათში ლინოტიპიც ხურდებოდა და იწყებოდა ტელეფონით შეხმიანება – ლინოტიპი გახურდა!!!
რედაქციის მაშინდელი მძღოლი ბუხუტი ბენდიაშვილი რედაქციისა და სტამბის თანამშრომლებს სახლებში ჩამოგვივლიდა.
ფაქტობრივად, შუაღამისას ვიწყებდით მორიგი ნომრის ტექსტის აკრეფა-დაკაბადონებასა და გაზეთის ბეჭდვას… მერე ლენინგრადიდან ლინოტიპის ნაწილების მოწოდება შეწყდა…
-ახალგაზრდა რომ ვიყო, მეც სწორედ შენსავით მოვიქცეოდიო, – სერიოზული გამხნევება და მხარდაჭერა გამოდგა ჩემთვის რაიონული გაზეთის მაშინდელი რედაქტორის, ბატონ ავთანდილ ხიჯაკაძის, ეს სიტყვები, – ახალგაზრდული დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა მამუკა ჭიპაშვილმა და ნიკო მაჭავარიანმა რომ ახალი გაზეთის დაფუძნებისა და ახალი ტექნოლოგიებით გამოცემის იდეა შემომთავაზეს.
1998 წლის 24 მარტს გაზეთის გამოცემა საწერკალამით, უზარმაზარი შემართებითა და რწმენით დავიწყეთ!
18 წლის მანძილზე „ჩემი ხარაგაულის“ შემოქმედებითი გუნდის თავდაუზოგავ შრომას, პროფესიონალიზმს, უამრავ ტრენინგს, საზღვარგარეთ სტაჟირებებს, კონკურსებში მიღწეულ წარმატებებს „ჩემი ხარაგაული“ განვითარების ახალ-ახალ ეტაპებზე გადაჰყავდა.
18 წლის მანძილზე „ჩემი ხარაგაული“ ოთხგვერდიანი ყოველთვიური გაზეთიდან ქართულ რეგიონულ მედიასივრცეში აღიარებულ და წარმატებულ მულტიმედია ორგანიზაციად გარდაიქმნა!
უკვე მეოთხე წელია, ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებთ უფროსკლასელებს – მომავალ ჟურნალისტებს, – „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებს.
…გასულ ზაფხულს ხარაგაულის რკინიგზის სადგურთან, მატარებლის მომლოდინე უცნობი ქალბატონი ჩემით დაინტერესდა, – შემთხვევით, სადგურის მოლარე ხომ არ ბრძანდებითო?
-არა, ბატონო, ფოსტალიონი ვარ-მეთქი და გაზეთების დარიგება განვაგრძე… – ძალიან გიყვართ თქვენი საქმეო, – ჩემმა გამოცდილმა კოლეგებმა დაასკვნეს.
დიახ, უზომოდ გვიყვარს ჩვენი საქმე და ჩვენი მედიის დამოუკიდებლობა!
ამიტომ მოვდივარ, მედგრად და გაბედულად, უკვე 18 წელია
– უკვალავ ბილიკზე ახლის ძიებაში;
– სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციით;
– სიმართლისა და ჭეშმარიტების დასადგენად;
– მკითხველების სიყვარულითა და თანადგომით;
– უამრავი გულშემატკივარის მხარდაჭერით;
– ვუმკლავდებით ბუნებრივ სირთულეებს;
ხელოვნურად შექმნილი ბარიერები გვაძლიერებს!
საიუბილეოდ გვინდა მადლობა ვუძღვნათ ჩვენს ერთგულ ხელმომწერლებს, მკითხველებს, მოქალაქე ჟურნალისტებს, რესპონდენტებს, დისტრიბუტორებს, რეკლამის მომწოდებლებს; ყველა იმ ადამიანს, ვისაც თუნდაც მცირედი წვლილი შეაქვს, ვინც ჩართულია დამოუკიდებელი მედიის გამოცემაში და ვისაც ნათლად ესმის დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების მნიშვნელობა.
დამოუკიდებელი მედია ხომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, თვითმმართველობისა და დემოკრატიის განვითარების გარანტია.
„ჩემი ხარაგაულის“ ისტორია 1998 წლის 24 მარტიდან იწყება და მტიცედ გვწამს, უსასრულოდ გაგრძელდება!
ლაურა გოგოლაძე
„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი