„სიმჭლის, ანუ ხორცმოკლებულთა (გამხდართა) სენი“ – ასეა განმარტებული  ჯგუფი, იგივე ტუბერკულოზი, სულხან-საბას ლექსიკონში. საუკუნეების მანძილზე ეს დაავადება მართლაც უპოვართა სნეულებად მიიჩნეოდა.

მისი წარმოშობა და გავრცელება ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, კვების რაციონზე, ჯანმრთელობის სისტემის სრულყოფილებაზე, მაგრამ დღეს იგი უკვე შეძლებულთა და სოციალურად უზრუნველყოფილთა დაავადებად იქცა.

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაავადება, პრაქტიკულად, დამარცხებულად მიიჩნეოდა, მაგრამ 20-25 წლის შემდეგ იგი უფრო აგრესიული, გაძლიერებული და ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მდგრადი ფორმით დაუბრუნდა კაცობრიობას. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით:
ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 8.5 მლიონი ადამიანი ავადდება და 2.7-3 მილიონი იღუპება. ამათგან 100 ათასამდე ბავშვი და არასრულწლოვანია;
– ყოველ 10 წამში ტუბერკულიზით 1 ადამიანი კვდება;
– დედამიწის ყოველი მე-3 ადამიანი ატარებს ტუბერკოლოზის ჩხირს;
– დაავადებულთა საერთო რიცხვი 60 მილიონს აღწევს;
– ერთი  ბაქტერიოგამომყოფი საშუალოდ 10-15 ადამიანს გადასცებს ინფექციას;
– იგი კაცობრიობის გლობალურ საშიშროებადაა აღიარებული; იგი არ წარმოადგენს რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლებას.

ტუბერკულოზი და საქართველო:
– საქართველოში ყოველი ასი ათას მცხოვრებზე 133 დაავადებული მოდის;
– სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5 %-ს შეადგენს;
– მიუხედაად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ეპიდემიური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, საქართველო მაინც რჩება იმ 27 ქვეყნის რიცხვში, სადაც ტუბერკულოზი მძიმე ტვირთად არის აღიარებული;
– ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში უფასოა.

დაავადება უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ეგვიპტეში XX საუკუნის დასაწყისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქვის ხანაში გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი, რომლის გულმკერდის მალებს ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ემჩნევა. ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები, რომლებსაც ტუბერკულოზურად შეცვლილი ძვლები აქვთ. დაავადების აღმოჩენისთანავე გახდა ცნობილი, რომ მას ინფექციური ბუნება აქვს. ამიტომ სპარსეთში დაავადებულებს იზოლაციაში აქცევდნენ, ინდოეთში იკრძალებოდა შეუღლება როგორც დაავადებულებთან, ისე მისი ოჯახის წევრებთან. დაავადება პირველად ჰიპოკრატემ აღწერა, ხოლო ტერმინი ,,ტუბერკულოზი“ მედიცინაში ფრანგმა მეცნიერმა ლანეკმა დაამკვიდრა.

1882 წელს გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა.

1921 წელს – შეიქმნა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური BCG ვაქცინა.

1944 წელი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის საწყისად ითვლება, როდესაც სინთეზურად მიღებულმა ანტიბიოტიკმა სტრეპტომიცინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა დაავადების მკურნალობაში.

დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიათა ჯგუფს მიუკუთვნება. მას რამდენიმე სახელით იხსენიებენ: კოხის ბაცილა, კოხის ჩხირი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. მიკობაქტერიის დამახასიათებელი თვისებაა მისი მჟავა გამძლეობა – იგი მშვენივრად გრძნობს თავს მჟავას გარემოში.

ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში. გარდა ამისა, იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსებში, ძვლებში, სახსრებში, თირკმელებში, შარდის ბუშტში. და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი).

ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველების, ცემინების ან სუნთქვის დროს გარემოში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.

ტუბერკულოზით დასვებოვნების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც ჯანმრთელი და ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანის კონტაქტი ხდება დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ტუბერკულოზით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს საკვების გზითაც. ინფექცია შეიძლება ორგანიზმში შეიჭრას მიკობაქტერიების შემცველი აუდუღარი რძის ან რძის პროდუქტების მიღებისას. ასეთ შემთხვევაში ინფექციის წყარო არის ტუბერკულოზით დაავადებული საქონელი.

ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ  2 სტადიას: ინფიცირებას და დაავადებას. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით  ჩასუნთქულ ჰაერთან ერთდ აღწევს ფილტვის ალვეოლებში. თუ ორგანიზმის დამცველობითი ძალა ძლიერია, მაშინ მიკობაქტერიების წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც ინფექციის გამომწვევების ირგვლივ ქმნიან სქელ კედელს, თრგუნავენ მის გამრავლებას: წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერა. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება ინფიცირებას. ამ დროს ადამიანს არ აღენიშნება დაავადების ნიშნები და არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. ინფიცირებულთა უმრავლესობას არ უვითარდებათ აქტიური ტუბერკულოზი.

ზოგიერთ ინფიცირებულ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დაავადება. ეს ხდება ინფიცირებისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის დამცველობითი ძალების დაქვეითების შედეგად.

ინფიცირება და დაავადება სხვადასხვაა!

ინფიცირების შემთხვევაში პროფილაქტიკური მკურნალობით შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილება. დაინფიცირების შემდეგ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ:
– არასრულფასოვან კვებაზე მყოფი პირები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ადამიანები;
– ავადმყოფები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ სტერიოდულ ჰორმონებს;
– სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭის და თორმეტგოჯა წყლულოვანი დაავადებები და ა. შ.)
– ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები;
– ნარკომანები;
– შიდსით დაავადებული პირები.

ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ადვილად დაღლა; ღამის ოფლიანობა; მადის დაქვეითება; წონაში დაკლება; შრომის უნარის დაქვეითება.

ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს: გახანგრძლივებული ხველა (2 ან მეტი კვირის განმავლობაში), ხველა უპირატესად ნახველის გამოყოფით, ხმიანი ხველა, ფილტვებიდან სისხლდენა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა. ფილტვგარეშე ტუბერკულოზის დროს, სხვადასხვა ლოკალიზაციისას ვლინდება დაზიანებული ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ლოკალური სიმპტომატიკა. ტუბერკულოზზე საეჭვო სიმპტომების არსებობისას მაშინვე მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად.

გახსოვდეთ:

ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი ჩივილების არსებობისას დროულად მიმართეთ ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერებსა და კაბინეტებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც სახელმწიფო სტარდარტის ფარგლებში უფასოდ ჩაგიტარდებათ საჭირო გამოკვლევები და მკურნალობა; მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ ექიმ-ფთიზიატრის უშუალო მეთვალყურეობით.

ტუბერკულოზი იკურნება, თუ თქვენ ჩაიტარებთ სტაციონარული ქიმიოთერაპიის სრულ კურსს.

წყვეტილი მკურნალობა წამლებისადმი გამძლე ტუბერკულოზის განვითარებას იწვევს.

ტუბერკულოზის არსებობისას, თუ არ ჩაიტარებთ სათანადო მკურნალობას, დაავადება ღრმავდება, აზიანებს ორგანიზმის ყველა სისტემას და შეიძლება სასიკვდილო შედეგითაც დამთავრდეს.

დროულად აღმოჩენილი და ადექვატურად ნამკურნალები ტუბერკულოზი განკურნებადია!

გულნაზი ვეფხვაძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი