მეოთხე წელია, რაც მოსახლეობამ, არჩევნების გზით, ნდობის მანდატი კოალიციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიანიჭა. რა შეიცვალა ამ წლების მანძილზე ხარაგაულელი ამომრჩევლისთვის, რა გამოწვევების წინაშე დგას ხელისუფლება, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნოდარ ებანოიძეს ვესაუბრეთ.

-ბატონო ნოდარ, გეგმავთ თუ არა წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და რა ფორმით – დასახელდებით ისევ მაჟორიტარობის კანდიდატად თუ პარტიული სიით გსურთ პარლამენტარობა?

-ჯერჯერობით, ამ საკითხზე, საბოლოო მოლაპარაკება კოალიციაში არ დასრულებულა. რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ და გადაწყვეტილებას, პარტიის სახელით ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი და ვინ გამსვლელ სიაში, იღებს პარტიის ეროვნული კომიტეტი, რომლის წევრი მეც ვარ. პარტიულ სიაზე და მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებაა საჭირო კოალიციის შიგნით. მე პოლიტიკაში ვარ. პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ ის არის, რომ ამ პროცესში მყოფმა ადამიანმა, თუ ამისი შესაძლებლობები აქვს, მთავარ პოლიტიკურ აქტში – საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მე პოლიტიკაში ვრჩები. 1999 წლიდან ყველა საპარლამენტო არჩევნებში ვმონაწილეობდი. იმ დროსაც, როცა კარგად ვიცოდი, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წარმატების შანსები მცირე მქონდა. ვნახოთ, ახლა რა ფორმით ჩავერთვები საპარლამენტო არჩევნებში. კოალიცია უახლოესი ორი თვის განმავლობაში მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს.

-2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქები დამსხვილდა. ხარაგაულის საარჩევნო ოლქი ერთიანდება ბაღდათის საარჩევნო ოლქთან და მას შემოუერთდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ საარჩევნო ოლქები დამსხვილდა წინა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე…

-ეს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული არგუმენტია. ჯერ ერთი, ოლქების დამსხვილება არ ქმნის პრობლემებს. თუ ვინმე ფინანსურ რესურს იყენებდა, სწორედ რომ ჩაკეტილ სივრცეში უფრო ადვილი იქნებოდა მისი გამოყენება. მსხვილი ოლქები ითხოვს ცნობადი ადამიანების გამონახვას. ჩვენ კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომ მაჟორიტარი უნდა აირჩეს 50% პლუს ერთი პრინციპით. აქედან გამომდინარე, ეს უფრო ართულებს არჩევას. წინა არჩევნების შედეგებს რომ გადავხედოთ, ასეთი კანონი რომ ყოფილიყო, 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ხარაგაულში არჩევნების მეორე ტური ჩატარდებოდა.

ოლქები დავამსხვილეთ საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადგან არათანაბრობა სერიოზული პრობლემა იყო. მაგალითად, გლდანის 150 ათას ამომრჩეველსა და ყაზბეგის 5 ათას ამომრჩეველს ერთი და იგივე რაოდენობის წევრი ჰყავდა პარლამენტში, რაც, ბუნებრივია, არ არის ნორმალური. ეს რომ მომგებიანი ყოფილიყო, ასეთ დამსხვილებას სწორედ „ნაციონალები“ გააკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას. აბსოლუტურად არ არის ლოგიკა ოპოზიციის ნათქვამში, პირიქით, ეს მმართველი გუნდისთვის არის უფრო მეტად რთული.

-უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა სახის სირთულეებს შექმნის ოლქების დამსხვილება და რას მოგვიტანს კარგს?

-მაჟორიტარ დეპუტატს, ისევე როგორც პარტიულ სიაში მყოფ პიროვნებას, ირჩევ პარლამენტში სამუშაოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა გასწიოს. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს, თუ ვინმე იფიქრებს, რომ იმიტომ ვცდილობ ხარაგაულისთვის პროექტების მოზიდვას, რომ ხარაგაულის მაჟორიტარი ვარ. იგივეს გავაკეთებდი, პარტიული სიით რომ გავმხდარიყავი პარლამენტარი. ხშირად სხვა მუნიციპალიტეტების ადგილობრივ პროცესებშიც მიმიღია მონაწილეობა, როგორც სპეციალისტს და როგორც პარლამენტარს. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩემთან შემოდის განცხადებები სხვადასხვა ჯგუფებისგან და არ მომმართავენ როგორც ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს.

ადამიანების გონებაში გამჯდარია, რომ ერთ მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს. ამის გადასალახად სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება. მსგავსი სისტემები ბევრგანაა. ამასწინათ გერმანიაში ვიყავი და იქაც მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემაა. ერთი ოლქის მაჟორიტარმა მითხრა, რომ ის წინასაარჩევნოდ აცნობს მოსახლეობას თავის იდეებს კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით, შემდეგ კი თემატური შეხვედრები აქვს, – როცა საკითხი უკავშირდება რაიმე საკანონმდებლო ცვლილებას. ეს დროც დადგება ჩვენთან.

მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენ გვყავს ადგილობრივი ხელისუფლება. მაჟორიტარ დეპუტატს არ აქვს არავითარი კანონისმიერი ბერკეტი, რომ ჩაერიოს ადგილობრივ საკადრო საკითხებში. ყველას აქვს თავისი საქმე. თუმცა, ის რომ, იმ ოლქის პრობლემები ყველაზე მეტად იცოდეს იქ არჩეულმა მაჟორიტარმა და უფრო მეტად დაიცვას იქაური ამომრჩევლის ინტერესები, ბუნებრივია.

ახალი ინიცატივით 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება და თუ ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი, შეიძლება ისევ დღეს არსებული, – ოლქების დამსხვილება დარჩეს და ეს არ არის უბედურება.

-ბატონო ნოდარ, რა არის რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი?

-ზოგადად ეს არ არის კოალიციაში შემავალი ორი პარტიული ჯგუფის დაპირისპირება. ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება. მე მაგალითად, მრეწველთა პარტიის ყველა წევრთან, ყველა დეპუტატთან მაქვს ისეთივე ურთიერთობა, რაც მქონდა ამ შეხლა-შემოხლამდე.

ეს არის პოზიციათა დაპირისპირება. როდესაც დეპუტატი ეჭვით უყურებს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, როდესაც კოალიციისგან გაცხადებულ მიზნებს მისი განცხადებები ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია.

არანაკლებ მწვავე იყო პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებები მრეწველთა მიმართ. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ ვდგავართ ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე. ამისთვის ბევრი იშრომა არაერთმა ადამიანმა, – მათ შორის წინა ხელისუფლებამ, იმის წინამორბედმა. როდესაც არჩევანს აკეთებ, – ევროპა თუ ის სივრცე, სადაც ჩვენ ვიყავით დიდი ხნის განმავლობაში, სივრცე, რომელიც ჩაკეტილია და მიდრეკილია დიქტატურისაკენ, – მიუღებელია ჩვენთვის.

-სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაამტკიცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის ექვსი თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ წინა წლებში, ამავე სამსახურისგან გამოგზავნილი რეკომენდაციები ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია და დარღვევები ისევ გრძელდება. რატომ იხარჯება აუდიტის სამსახურის მხრიდან რესურსები, თუ მათი რეკომენდაციები არ შესრულდება?

-2008 წლამდე აუდიტის სამსახურისგან გამოცემული აქტები და ანგარიშები იყო სავალდებულოდ შესასრულებელი. 2006-2009 წლებში მუნიციპალიტეტები არ შედიოდა აუდიტის სამსახურის შემოწმების არეალში და მუნიციპალიტეტებს კერძო აუდიტორები ამოწმებდნენ. წარმოუდგენელია, რომ გერმანიაში აუდიტის სამსახურმა რაიმე რეკომენდაცია შეიმუშაოს და ვინმემ თქვას, რომ ის რეკომენდაციაა და არა სავალდებულოდ შესასრულებელიო. რეკომენდაციას ან არგუმენტირებულად უნდა უპასუხო, რომ იქ რაიმე არასწორია, ან უნდა შეასრულო. სხვაგვარად აღმასრულებელი ხელისუფლება ადგილზე ვერ დარჩება. ასეთი ანგარიშები, პირველ რიგში, საკრებულოს ეხმარება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე სრულყოფილი კონტროლისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვა ეფექტიანობის მიხედვით რომ შემოწმებულიყო, ანგარიში უფრო მძიმე იქნებოდა. თუმცა, ამ ანგარიშშიც საკმაოდ სერიოზული შენიშვნებია შესყიდვებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, პროგრამებთან დაკავშირებით. რეკომენდაციების შესრულება შესაბამისმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს. საკრებულო, რომელსაც ასეთი ანგარიში ეგზავნება და ის წლიურ ანგარიშს დაუმტკიცებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მიანიშნებს იმაზე, რომ წარმომადგენლობითი ორგანო ან პოლიტიზირებულია, ან ვერ ერკვევა საკითხებში.

როცა ვამბოდი თავის დროზე, რომ ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა იქნებოდა რთული, მართალი ვიყავი. ახლა იძულებული ხარ, შეამცირო. სპეციალისტებმა დაგვანახეს, რომ პრობლემებია. რეკომენდაციას არ შეასრულებ, – შენ დაზარალდები.

ჩვენი კომიტეტი აუდიტის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობს. სამუშაო ჯგუფი შევქმენით და აუდიტის ანგარიშების საფუძველზე პარლამენტში ვხვდებით სამინისტროებისა და იმ უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც შეამოწმა აუდიტის სამსახურმა. ვისმენთ ორივე მხარის მოსაზრებებს და შემდეგ ჩვენ ვწერთ რეკომენდაციებს.

უახლოეს დღეებში პარლამენტში განვიხილავთ წალკის, ფოთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების აუდიტის ანგარიშებს. თუ არ იქნება შესრულებული ეს რეკომენდაციები, მაშინ ჩაერთვება პარლამენტი. თავად აუდიტის სამსახური აწყობს ანგარიშის საჯარო განხილვებს. ანგარიშის განხილვა უკვე გაიმართა კახეთში. ასე მოხდება იმერეთშიც. შესაძლოა, ცალკეულ შენიშვნებზე დასაბუთებული არგუმენტაცია მიიღოს კიდეც აუდიტის სამსახურმა, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, არავის აქვს უფლება, აუდიტის ანგარიშების ფორმულირებებს შეეხოს. ის უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა, მსოფლიო და ევროპული ორგანიზაციების წევრია. აუდიტის თანამშრომელთა გადამზადებაზე უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია ზრუნავს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მსჯელობას მოვუსმინე, განიხილონ თუ არა აუდიტის დასკვნა. დიდად ბედნიერი არ ვიყავი, როცა ვისმენდი, რომ საკრებულოს წევრებს ელემენტარული წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ სამსახურის ანგარიშების მიდგომებთან დაკავშირებით. ეს უნდა განიხილონ აუცილებლად. რეკომენდაციის შეუსრულებლობა მტკიცე არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული. რად გვინდა, რომ მოვიტყუოთ თავი და ვთქვათ, რომ საქმე კარგადაა. პირველ რიგში, სწორედ მუნიციპალიტეტებს სჭირდება ასეთი ანგარიში და ამ რეკომენდაციების შესრულება უფრო ეფექტურად მუშაობისათვის.

აუდიტის ანგარიშში არასოდეს იწერება, რა გაკეთდა კარგად. ეს უნდა შეაფასოს მოსახლეობამ და უნდა აისახოს არჩევნების შედეგებზე. რაც არ გაკეთდა კარგად, ეს უნდა გითხრას შესაბამისმა სამსახურმა. მაგალითად, რით უნდა გაამართლო, დაბა ხარაგაულში რომ ერთ-ერთი გზა ორჯერ გაკეთდა. თავიდანვე რომ სწორად დაგეგმილიყო, დაიზოგებოდა რამდენიმე ათეული ათასი ლარი, რომელიც სხვა მიმართულებით დაიხარჯებოდა. დემაგოგებს ყველაფერზე აქვთ არგუმენტები, მაგრამ ასეთი არგუმენტები დემაგოგიურია. შეიძლება არგუმენტი ქურდსაც ჰქონდეს, – მიჭირს და სხვა გზა არ მაქვსო, მაგრამ არგუმენტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს.

იმედია და მჯერა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლება იტყვის, თუ რა გზებით გეგმავს მდგომარეობის გამოსწორებას, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს. სხვათაშორის, სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იმაზე ბევრად უკეთესად ითვისებს, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტები. გვჭირდება შესაბამისი კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც უხარისხობას არ დაუშვებენ.

-გამოსავალს რაში ხედავთ, რომ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია რეკომენდაციად არ დარჩეს.

-კიდევ ერთხელ ვამბობ, ხარაგაულში ჩვენ მივიღეთ ბიუჯეტი, სადაც ძალიან ცოტა რამაა გათვალისწინებული წიფისთვის, ნადაბურისთვის, მოლითისთვის. ბიუჯეტს ხმა იმიტომ კი არ უნდა მისცე, რომ უმრავლესობაში ხარ, ბიუჯეტს ხმა იმიტომ უნდა მისცე, რომ ის უნდა აკმაყოფილებდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს. თუ პასუხის მომთხოვნი არ იქნა, ბუნებრივია, ასეთი რამ არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება.

პარლამენტი ჩაერთო აუდიტის დასკვნების შესრულების ზედამხედველობაში და გავაგებინებთ მთელ ქვეყანას, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჭკვიანურ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ადამიანები, სამწუხაროდ, ბიუჯეტის სახსრებს თავისად არ მიიჩნევენ. ის ჩვენი ფულია, რომელსაც ჭკვიანური დახარჯვა სჭირდება. დამოკიდებულებაა მთავარი, – რასაც უფრთხილდები, იმას უფრო კარგად განკარგავ. ბოლო დროს ადამიანები უფრო მეტად კრიტიკულები გახდნენ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდება. ამ თემაზე გამგებელსაც ვესაუბრე. რეკომენდაციების რაღაც ნაწილის შესრულება დაწყებულია.

აუდიტის სამსახურის პრესტიჟზე მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. კერძო აუდიტორების მიმართ გვქონდა წლების მანძილზე პრეტენზიები. აღმოჩნდა, რომ კერძო აუდიტორს პრობლემები რომ აესახა, უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. სულაც არ მიხარია ახლა, რომ შეიძლებოდა საქმე უკეთ ყოფილიყო და ვერ არის.

-დაასახელეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც კოალიციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აწუხებდა ხარაგაულის მოსახლეობას და მოგვარდა.

-ბევრი პრობლემა იყო და ისევ ბევრია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაღაც მიმართულებით პრობლემები აღმოვფხვერით. შემიძლია ვილაპარაკო გაუმჯობესებაზე, რაც არის სხვადასხვა მიმართულებებით.

ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა იმაზე მეტი, ვიდრე წინა წლებში. ეს, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტის ფულით გაკეთდა. ახლა კანონმდებლობას ვხვეწთ იმ მიმართულებით, რომ თვითმმართველობამ ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები გაზარდოს. დღეს კიცხში ვიყავი. ამ ზონის ყველა სოფელში ახალი საბავშვო ბაღია, მოასფალტებულია ცენტრალური გზები და წელს კიცხის გაზიფიცირება იგეგმება.

ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც უგზოობას უკავშირდება, ჯერჯერობით, ისევ პრობლემაა. თუმცა, ამ კუთხით რეალური ნაბიჯები გადაიდგა – 2016 წლის ბოლოს დაიწყება გზის მშენებლობა და ალტერნატიული საავტომობილო მაგისტრალი გაკეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ზონის მოსახლეობისთვის. მარელისში ასფალტირებული გზა იგება, ბევრ სოფელში გზები კეთილმოეწყობა. განათდა სოფლებში ცენტრალური გზები და ეს ნამდვილად მომწონს. ჩაკეტილი სივრცე გაიხსნა და მეტი თავისუფლებაა ადამიანებისთვის. წარმოუდგენელია ახლა, რომ რომელიმე პარტიას აქ ოფისის დაქირავება მოუნდეს და გამგებელმა რაიმე პრეტენზია გამოთქვას, როგორც ეს 2012 წლამდე იყო.

-სამი უმთავრესი პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდა.

-პირველ რიგში დასაქმების პრობლემაა. სერიოზულად უნდა ვიზრუნოთ ადამიანთა გადამზადების კუთხით. ორი წელია ვლაპარაკობ, რომ როცა ალტერნატიული გზის მშენებლობა დაიწყება, წიფელი და მოლითელი ვერ იშოვის კვალიფიციური მძღოლის, შემდუღებლის და ა. შ. ადგილს, რადგან ასეთი სპეციალისტები არ გვეყოლება ადგილზე. გზის მშენებლობას, დიდი ალბათობით, უცხოური კომპანია მოიგებს. სამწლიანი მშენებლობის დროს კვალიფიციური ადამიანები დასჭირდებათ.

ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის მიზანშეუწონლობაზე  როცა ვლაპარაკობდი, ნამდვილად არ ვიყავი იმ ადამიანების პირადი მტერი, რომელთაც არ აქვთ საქმე და იღებენ ანაზღაურებას. მე ვამბობდი, რომ უნდა შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები და ადამიანები უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანები.

ტურიზმის მიმართულებით სერიოზული მუშაობა გვჭირდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებით უნდა დავაინტერესოთ ტუროპერატორები, რაც შემოსავალს მოიტანს.

პრობლემაა ზოგადად ქვეყანაში განათლების სისტემა, რადგან ვერ უშვებს კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომ მთიან სოფელშიც კი ადამიანმა ხარისხიანი განათლება მიიღოს და ამით მიგრაციას ხელი შევუშალოთ.

სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა ისევ რჩება პრობლემად და მოსახლეობა იძულებულია, სამასალე მორი არალეგალურად მოიპოვოს. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება. მოლითის სატყეო უბანზე ძალიან მალე დაიწყება პილოტური პროგრამა, –  სამასალე ხე-ტყის დამზადება-რეალიზაცია. იგეგმება ტყის გარკვეული ნაწილის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა. ამისთვის სერიოზული პროექტი უნდა მომზადდეს.

ხარაგაულში სოციალური ფონი, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მძიმეა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ არ განხორციელებულიყო, ბევრი ადამიანი ისევ უსასოო მდგომარეობაში იქნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ნინო კაპანაძე