ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა  (სულთანიშვილი) დღეს საკვირაო წირვის შემდეგ ქრისტიანი ადამიანის ამქვეყნიურ მოვალეობებზე ისაუბრა და მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა სინანულისკენ:

-დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის, მსახურებისა და ზიარებისათვის.

ქრისტიანი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, – იქნება ის სასულიერო პირი, მონაზონი თუ ერში მცხოვრები, უნდა განადიდებდეს და მადლობდეს უფალს. მადლიერების გამოხატვა ბოროტ ძალას დიდ ლახვარს დაასვამს და განდევნის.

უფალს ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ დაუმსახურებელი წყალობისა და მოულოდნელი სიხარულისთვის, რასაც ჩვენი მიწიერი და ზეციური ცხოვრების მანძილზე მოგვმადლებს. ადამიანის სული უკვდავია და მისი ცხოვრება და განვითარება, მიახლოება ქრისტესთან, გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება.

ქრისტიანის ცხოვრების აზრი ამქვეყნად, პირველ რიგში, უფლის ძიებაა. ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს ღმერთს, უნდა მოუფრთხილდეს მას, როგორც ყველაზე ძვირფასს. ქრისტიანმა უნდა განადიდოს უფალი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ქრისტიანი უნდა იყოს მოწყალე, უნდა შეუნდოს მოყვასსაც და მტერსაც.

დიდ დავალებას გვაძლევს ქრისტე, რომ უნდა ვიყოთ ჩვენი სიტყვის ერთგულნი. ის აღთქმა, რომელსაც დებს ადამიანი ნათლობისას და იმოსება სულიწმინდის მადლით, სამწუხაროდ, მალევე გვავიწყდება. ქრისტიანის სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი.

უფალი გვეუბნება, – ნუ დაიფიცებთ ნურავის. ამის ნაცვლად, – თქვენი „კი“ იყოს კი და თქვენი „არა“ იყოს არა.

ქრისტიანი უნდა იყოს უბოროტო, სიმშვიდითა და თავმდაბლობით შემკობილი. შემინდე, მაპატიე – ეს სიტყვები მუდამ თან უნდა ახლდეს ქრისტიანის ბაგეს. მაცხოვარი თავისი სასწაულებით გვაძლევს მაგალითებს. ის განკაცდა, კაცობრივი სხეული მიიღო, ჩვენი თანასწორი გახდა ჩვენივე სულების სამკურნალოდ.

გასრულდა აღდგომის მარხვის პირველი კვირა. მარხვაში ვძლიერდებით, რომ ხსნილში ვიყოთ გამოწრთობილები და განწმენდილები. ეს ხდება სინანულით, სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებით. ეს არ არის იოლი. უნდა ვიბრძოლოთ უფლის დახმარებით.

მარხვაში ხშირად თქვით აღსარება და ეზიარეთ. აღსარება უნდა იყოს გულწრფელი და არა მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამი. გული უნდა გავუხსნათ ქრისტეს, რომელიც გველოდება. თუ ქრისტეს გულში შევუშვებთ, ის განწმენდს ჩვენს ცოდვებსა და სიბილწეს, რასაც ჩვენი ხორციელი მდგომარეობა მოიცავს.

ყველაზე მთავარი, რისთვისაც ვართ მოწოდებულები, – სულის ცხონებაზე უნდა ვიზრუნოთ, – გადავირჩინოთ ჩვენი სულები და გადავარჩინოთ ჩვენი მოყვასი, გვერდით მყოფი ადამიანები, მათთან მივიტანოთ უფლის სიტყვა.

ხშირად განვმარტოვდეთ საკუთარ თავთან და გავაცნობიეროთ, რისთვის ვართ ამქვეყნად. ხშირი აღსარებითა და ზიარებით გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრების წესი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.