

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.
ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი შესყიდვებისა და ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევები.
კერძოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ხშირად იცვლება თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვა. ეს ზრდის პროექტების ღირებულებას.
შვიდ ხელშეკრულებაში, რომლის ღირებულება შეადგენდა 917.6 ათას ლარს, შეტანილი ცვლილებებით, შესყიდვის ღირებულება 80.0 ათასი ლარით გაიზარდა.
ტენდერში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია კანონის დარღვევით, სატენდერო დოკუმენტაციის შეცვლილი პირობებით. სანქციისათვის განსაზღვრული საურავი 0.5-0.3%-ის ნაცვლად ხელშეკრულებაში ჩადებულია 0,1%.
2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ისე შეისყიდა, რომ მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ გაითვალისწინა შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა. ამიტომ შეუძლებელია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში გამარტივებული შესყიდვით დადებულია 14 ხელშეკრულება, რომლითაც შეძენილია გზის საფარისა და წყლის სისტემის მოწყობის, შენობის რეაბილიტაციის, ხიდის რემონტისა და სხვა სამუშაოები, საერთო ღირებულებით 210.3 ათასი ლარი.
ეს ხელშეკრულებები გაფორმებულია ისეთ მიმწოდებლებთან, რომლებიც დარეგისტრირდნენ ხელშეკრულების დადებამდე 1-30 დღით ადრე. ერთი მიმწოდებელი, კერძოდ, ი/მ ფრიდონ კამკამიძე, მეწარმედ დარეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი დღის შემდეგ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გააფორმა 205.5 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები 20 ისეთ მიმწოდებელთან, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის კონტრაქტორები არ ყოფილან.
2014 წელს გამარტივებული შესყიდვით, ხელშეკრულებები გაფორმებულია 2 ისეთ მიმწოდებელთან (შპს „მარკშეიდერი“ და ი/მ გიორგი თხელიძე), რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი წინა წლებში სამუშაოების დაგვიანებით ჩაბარებისათვის დარიცხული ჯარიმები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სისტემატური ხასიათი აქვს შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაწევას. კერძოდ: 2013 წელს შეტანილია ცვლილება და გადაწეულია ვადა მიმწოდებლებთან გაფორმებულ 24 ხელშეკრულებაში, რომლის შესყიდვის ღირებულება შეადგენდა 3051.5 ათას ლარს (მთლიანი შესყიდვების ღირებულების 62%), 2014 წელს ცვლილება შეტანილია 19 ხელშეკრულებაში, რომლის შესყიდვის ღირებულება შეადგენდა 1880.7 ათას ლარს (მთლიანი შესყიდვების ღირებულების 29%). 2015 წლის 6 თვეში კი ცვლილება შეტანილია 6 ხელშეკრულებაში, რომლის შესყიდვის ღირებულება შეადგენდა 868.2 ათას ლარს (მთლიანი შესყიდვების ღირებულების 34%).
ვადის გადაწევის საფუძველი ძირითადად იყო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების კორექტირება და უამინდობა. თუმცა, ადგილი არ ჰქონია რაიმე ფორსმაჟორს, ჩვეულებრივისგან განსხვავებულ მდგომარეობას.
საჯარიმო სანქციები რომ თავდაპირველი ვადის ამოწურვისას ამოქმედებულიყო, შემსრულებლებს დაერიცხებოდათ ჯარიმა. როდესაც ჯარიმის თანხა გადააჭარბებდა სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ს, მუნიციპალიტეტს შეეძლო შეეწყვიტა ხელშეკრულება. სულ 18 მიმწოდებელს დაერიცხებოდა 158.4 ათასი ლარის ჯარიმა, რაც მიიმართებოდა ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს სამუშაოების დასრულების ვადა გადაუწია იმიტომ, რომ არ დარიცხვოდათ ჯარიმები, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“