დღეს, 15 მარტს დაიწყო და 27 მარტამდე გასტანს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები.

მოსახლეობა საერთო კრებაზე გადაწყვეტს, თუ რომელი პრობლემები მოგვარდეს სოფლისთვის გამოყოფილი თანხით.

დღეს შეხვედრა შედგა ღარიხევში, წიფში, ღორეშაში, ვარძიაში, ბორითში, მაქათუბანსა და საქასრიაში.

ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ორივე სოფლისთვის გამოყოფილი თანხით ღარიხევში მობეტონდეს ცენტრალური გზის ნაწილი. ღარიხევისთვის გამოყოფილია 5 ათასი ლარი, წიფისთვის – 4 ათასი ლარი.

ღორეშაში გამგებლის წარმომადგენლის, იური მჭედლიძის ინფორმაციით, მოსახლეობის სურვილია, რომ ღორეშისთვის გამოყოფილი 15 ათასი ლარი დაიხარჯოს – საბავშვო ბაღის ეზოს შემოსაღობად, ტრაქტორით საუბნო გზების შესასწორებლად და წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად.

ვარძიის მაჟორიტარი დაპუტატის, გივი ხიჯაკაძის თქმით, ვარძიელებმა გადაწყვიტეს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 20 ათასი ლარი მოხმარდეს ვარძიის დედაღვთისას ტაძრამდე მისასვლელი გზის მობეტონებას, გზის ამავე მონაკვეთისა და ტაძრის გარე განათებას.

რაც შეეხება უბისას, ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, უბისაში სარიტუალო სახლისთვის შეიძენენ ჭურჭელს და მოეწყობა სველი წერტილები. ამავე სოფელში, ძინძიბაურის დასახლებაში მობეტონდება გზის ერთი მონაკვეთი. უბისის მოსახლეობამ ასევე მოითხოვა ორი ტონა ცემენტის შეძენა.

მაქათუბანში სარიტუალო სახლისთვის აშენდება სამზარეულო, შეიძენენ ჭურჭელს და ტალახაძეების უბანში ჩამოიწმინდება გზა. უბისისა და მაქათუბნისთვის წელს 10 000-10 000 ლარია გამოყოფილი.

ამ წუთებში მოსახლეობის შეხვედრები მიმდინარეობს ბორითსა და საქასრიაში.