ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7 მარტის სხდომის შემდეგ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა განცხადება გააკეთა.

თორნიკე ავალიშვილი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში გვესტუმრა და ამ განცხადების გასაჯაროება ითხოვა:

„2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს ვახანის საარჩევნო ოლქში ჩაიშალა. მაჟორიტარობის ყველა კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა და ამით სოლიდარობა გამოუცხადა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის ოჯახს, რომელიც ითხოვდა მკვლელობის ხელახალ გამოძიებას.

მერაბ არევაძის ოჯახი და ვახანელები აცხადებდნენ, რომ არ ენდობიან წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ გამოიძიებას.

ვახანელი ამომრჩევლებისგან ოჯახისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება, პროკურორთან ერთად, შეხვდა ვახანის მოსახლეობას. ამ შეხვედრაზე მოსახლეობამ მოითხოვა ხელახალი გამოძიება და სიმართლის დადგენა. ისინი დაჰპირდნენ ვახანელებს, რომ საკითხი ხელახლა იქნებოდა გამოძიებული. იმერეთის მაშინდელმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულში შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუცილებლად გამოიძიებდნენ ამ საკითხს. ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე დაჰპირდა ოჯახს, რომ გადაიხდიდა ექსჰუმაციის თანხას.

ვფიქრობდი, რომ ამ საკითხს გამოიძიებდნენ ხელახლა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

არ მინდა, რომ ამ თემით ხელახლა მოხდეს აპელირება მომავალ არჩევნებზე, – ან კანდიდატურა მოიხსნას ვინმემ, ან არჩევნები ჩაიშალოს. სანამ არჩევნები მოახლოებულა, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, – დაიწყონ ამ საკითხის ხელახალი გამოძიება და რეალურად გამოიძიონ.

მე კი ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს რაც გამოიძიეს, ის არის რეალობა, მაგრამ პასუხი უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, რაც აქვს გარდაცვლილის ძმას. ჩაატარონ ხელახლა ექსპერტიზა, ნახონ, რა ვითარებაში დაიღუპა ბატონი მერაბ არევაძე.

7 მარტს საკრებულოს მივაწოდე ფირი, სადაც გარდაცვლილის ძმა ტ/კ „არგოს“ ჟურნალისტს ეუბნება, რომ თურმე ჩვენ ავსულვართ ღამით მასთან, შეგვითავაზებია თანხა გაჩუმების სანაცვლოდ. ამ პიროვნებამ დააკონკრეტოს, ვინ ავიდნენ ავტომატებით და ვინ განახორციელა ოჯახზე ზეწოლა, რომ ხმა არ ამოეღო; მიაწოდოს ეს ინფორმაცია პროკურატურას და გამოიძიონ საქმე ხელახლა, – ამაზე მნიშვნელოვანი ფაქტები რა უნდა ეთქვა გარდაცვლილის ძმას.

მე, თორნიკე ავალიშვილი, ხარაგაულში ვარ, არსად გავრბივარ. თუ ასეთი ფაქტი იყო, პროკურატურამ დამკითხოს და გავცემ პასუხს,“ – აცხადებს თორნიკე ავალიშვილი.

რეინჯერ მერაბ არევაძის მკვლელობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალისტ ნინო ბაქრაძის ჟურნალისტურ გამოძიებას. სტატია მომზადებულია პროექტის „ორგანიზებული დანაშაული და კორუფციის გაშუქება“ ფარგლებში და გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემამ netgazeti.ge 2014 წლის 17 დეკემბერს.