დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

ხარაგაულის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა, სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა, ჯერჯერობით ისევ მოუგვარებელია.

შეხვედრაზე მოქალაქეებმა, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურისგან დაჯარიმდნენ, რამდენიმე სახის პრობლემა გამოკვეთეს, – ზოგი მათგანი უკვე გაუქმებული სახერხის, ზოგიც სახერხში სპეციალური დანადგარის არქონის, ზოგიც დიდი ხნის წინ საკუთარ კარმიდამოში მოჭრილი მორის გამო დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც შეშის დამზადებისას არ ჰქონდათ საშეშე ბარათი.

რამდენიმე მოქალაქემ აღნიშნა, რომ მათ ოქმზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს და სხვ.

პრობლემებიდან გამოიკვეთა ის, რომ არაეფექტურია ე. წ. სოციალური ჭრების პროგრამა. როგორც ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაგზავნილი 400 მოთხოვნიდან ბოლო ორი წელია, მხოლოდ 2 მოსახლე დაკმაყოფილდა სამასალე მერქნით.

მოქალაქეთა თქმით, არაადეკვატურია მათზე დაკისრებული ჯარიმების ოდენობა.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ბესო აბაშიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ერთ თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოლითის სატყეო უბანში, დაიწყება სამასალე ხე-ტყის მოპოვების პროგრამა. „საწყის ეტაპზე, მორის დასამზადებლად, გამოცხადდება ტენდერი. მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ინდმეწარმეს, ამხანაგობას, კოოპერატივს. სავარაუდოდ, 80 ლარი ეღირება კბმ მასალის დამზადება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება დამზადებული მასალის შესყიდვა.

ხარაგაულში ტყის ინვენტარიზაცია ჩატარებულია. ახლა უნდა მოწესრიგდეს 28 კილომეტრიანი გზა, რომ ფიზიკურად მივიდეთ ტყეკაფამდე. შევთანხმდით ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გზა მათი მონაწილეობით გაკეთდება,“ – აღნიშნა ბესო აბაშიძემ შეხვედრაზე.

სახერხის რეგისტრაციის წესი შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს დეტალურად განუმარტა ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის ცენტრალური სამმართველოს უფროსმა ლაშა ხარაბაძემ. მანვე დამსწრეთ ამცნო, რომ უახლოეს ხანში ძალაში შევა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, დაურეგისტრირებელი სახერხი დაჯარიმებასთან ერთად დაექვემდებარება კონფისკაციას.

შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ  სამთავრობო კომისიის სხდომაზე სოციალური ჭრების პროგრამის  ხარვეზებზე ისაუბრებს.

ნინო კაპანაძე

satyeos_ssekhvedra-4 satyeos_shekhvedra-1 satyeos_shekhvedra-2 satyeos_shekhvedra-5