
-გვერდით რომ გყავს და მაინც გენატრება, – აი, ესაა ჩემთვის სიყვარული, – ამბობს თიკო ჯანიაშვილი.
-სიყვარული არის სრულყოფილება, – ამბობს თიკოს მეუღლე მირზა ინასარიძე, – ჩემი მეუღლე დღითიდღე უფრო მიყვარდება.
რამდენიმე თვე იცნობდნენ ერთმანეთს, წერდნენ ინტერნეტით, რადგან მირზა ექიმად თურქეთში მუშაობდა. შემდეგ მეგობრის ოჯახში შეხვდნენ. უფრო დასერიოზულდა ყველაფერიო, – ამბობს მირზა. შემდეგ იყო თურქეთიდან სიურპრიზებით სავსე დღეები, – ვარდების განსაკუთრებული თაიგული სიყვარულის დღეს, მოულოდნელი ვიზიტი თიკოს კონცერტზე და… ულამაზესი ქორწილი.
„თურქეთში მუშაობისას გადავწყვიტე, რომ ოჯახი შემექმნა. ამისკენ ჩემმა დაოჯახებულმა მეგობრებმა მიბიძგეს. როცა ვხედავდი, რა სითბო და ლამაზი ურთიერთობები ჰქონდათ მეუღლეებს, მეც მინდოდა, მსგავსი განმეცადა, – გვიამბობს მირზა, – თიკოსთან შეხვედრის შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ერთმანეთის მიმართ არ ვიყავით გულგრილები. ნიშნობის დღეს ბეჭედი რომ გავუკეთე, მაშინ ვუთხარი, რომ მიყვარდა. მე ჩემი საქციელით ვამტკიცებდი ყოველთვის თიკოსადმი დამოკიდებულებას.“
„7 ნოემბერი, ჩვენი ქორწილის დღე, განსაკუთრებული იყო, – გვიამბობს თიკო, – მირზას უყვარს სიურპრიზები. ერთხელ წამომცდა, ძალიან გამიხარდება, ჩემს ქორწილში ლიმუზინი თუ იქნება-მეთქი. ასევე ძალიან მსურდა, „მარიონელას“ კაბა მცმოდა. „მარიონელას“ სალონში ლიმუზინით მომაკითხა მირზამ. უბედნიერესი ვიყავი. ქორწილი ულამაზესი გამოვიდა. ჯვარიც იმ დღეს დავიწერეთ უბისაში.“
მირზა ამბობს, რომ მშობლები მის პირად ცხოვრებაში არასოდეს ჩარეულან. „დედაჩემი მე და ჩემ ძმას ყოველთვის გვეუბნებოდა, აღგზარდეთ, უკვე დიდები ხართ. ვისაც ცოლად შეირთავთ, კმაყოფილი ვიქნები. თუ რამე შეგეშლებათ, საკუთარ თავს დავადანაშაულებ, რადგან ვერ შევძელი, უკეთესები ყოფილიყავითო,“ – ამბობს მირზა.
თიკო გვიყვება, რომ დედამისმა მირზასა და მისი ურთიერთობის შესახებ თავიდანვე ყველაფერი იცოდა და ამხნევებდა.
„როგორ შევეწყვეთ ერთმანეთს?“, – მირზა ამბობს, რომ არ არსებობს ოჯახი, სადაც ყოველთვის „უღრუბლო ცა“ იქნება. „იყო კამათიც, დიალოგი, მსჯელობა, რის შემდეგაც ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებამდე მივსულვართ.“
თიკოს მინიმუმ ხუთი შვილის ყოლა სურს. მირზაც მრავალშვილიანობის მომხრეა, – რამდენსაც ღმერთი ინებებს, იმდენს გავაჩენთო, – გვითხრა.
თიკო ჯანიაშვილი საქართველოში უკვე სახელგანთქმული მომღერალი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. რას ფიქრობს მირზა თიკოს კარიერაზე და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამაზე მირზა ასე გვპასუხობს:
-თიკო საკმაოდ წარმატებული მომღერალია. გასაოცარი ვოკალური მონაცემები აქვს. ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნიჭიერებას და რაოდენ დასაფასებელია ეს ფაქტი. თიკო ოჯახის შექმნამდე კარიერულ წინსვლაზე ფიქრობდა. როგორ შეიძლება, მე მის განვითარებას ხელი შევუშალო. როცა პიროვნება მიყვარს და პატივს ვცემ, მისი გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიხარია და მეამაყება. როცა თიკოს რაიმე დასჭირდება, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. მე მისი საქმიანობის დიდი გულშემატკივარი ვარ.
ჩემი სამომავლო გეგმებია, მყავდეს ბევრი შვილი, უფრო მეტად განვვითარდე, როგორ ექიმი და თიკო აუცილებლად იდგეს დიდ სცენაზე.
ნინო გელაშვილი
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი