პროფესიით იურისტი ინგა ლურსმანაშვილი ხელოვნებითაა გატაცებული. ქმნის ორიგინალურ და განსხვავებულ ნამუშევრებს ბუნებრივი მასალისგან – რკოს ქუდებისგან, მცენარეთა თესლებისგან, ხავსისგან, თხმელის ხუხუროებისგან, ხეების ფესვებისგან…

ბავშვობიდან ხატავს, ქარგავს და ქსოვს. მასზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ და მისმა განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ ხელოვნებისადმი.

მეშვიდე კლასში იყო, როცა რკოს ქუდებისგან პირველი ნამუშევარი, ჯვარი შექმნა. შემდეგ ღვთისმშობლის ხატი დაწერა. ბუნებაში სეირნობისას ბევრ ისეთ მასალას პოულობს, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია, ინგასთვის კი მომავალი ნამუშევრის მუზაა.

სტუდენტობის დროს უფრო აქტიურად მუშაობდა ბუნებრივი მასალისგან ხალიჩების, ვაზების, თაიგულების, შანდლების დამზადებაზე. მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლა ურჩიეს. მაშინ უარი თქვა, დღეს ცოტა ნანობს.

სიმშვიდეს პოულობს ნაკეთობების დამზადებისას. დიდი სიყვარულითა და გატაცებით აკეთებს თითოეულ ნივთს. ზოგჯერ სამსახურიდან დაღლილს გადაბმულად რამდენიმე დღე და ღამე უმუშავია, რაც მისთვის საუკეთესო განტვირთვაა. თითოეულ ნამუშევარს განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება, რომ დროთა განმავლობაში არ გაფუჭდეს.

მისი ნამუშევრების პირველი გამოფენა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 1999 წელს იზა ვეფხვაძის ხელშეწყობით მოეწყო. 2005 წელს ფოლკლორის ფესტივალზე საჩხერესა და ჭიათურაში ლუიზა კიკნაძისა და ნიკო წიკლაურის ხელშეწყობით მოხვდა. ფესტივალზე წარდგენილი ინგას ნამუშევრები ჟიურის ისე მოეწონა, რომ პირველი ტურიდან პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს. მაშინ ხავსითა და მცენარეთა თესლებით დამზადებულ ხალიჩას „ფესტივალის გვირგვინი“ უწოდეს, ინგას კი „ფესტივალის ლაურეატის“ წოდება მიანიჭეს. ინგა ლურსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ირინე ჩხეიძის ინიციატივით გაიმართა. შთაბეჭდილებათა წიგნში გაოცებული და მოხიბლული მნახველები წერდნენ, რომ ვერ წარმოედგინათ, თუ ასეთი შედევრების შექმნა შეიძლებოდა ლობიოს, სოიას, გოგრის მარცვლებისგან…

იმის მიუხედავად, რომ გამოფენების შემდეგ მიღებული შეფასებები დიდ სტიმულს აძლევს შემდგომი საქმიანობისთვის, გამოფენებს მაინც ერიდება. სამების საკათედრო ტაძარში ხელოვნების დარბაზში თხოვეს, რომ მიეტანა ხალიჩა, რომელსაც პატრიარქი აკურთხებდა, მიიწვიეს სამებაში ხელოვნების პედაგოგად. მაშინდელ უარს ახლა ნანობს. თუმცა, გადაწყვიტა, რომ სპეციალურად საპატრიარქოსთვის დაამზადოს ხალიჩა.

ამჟამად ინგა ლურმანაშვილი ხალხური შემოქმედების სახლში დაინტერესებულ მოსწავლეებს ასწავლის ბუნებრივი მასალისგან ნაკეთობების დამზადებას და სუფრის გაფორმებას. კმაყოფილი და აღფრთოვანებულია რამდენიმე მოსწავლის ნიჭიერებითა და მონდომებით.

ინგა ლურსმანაშვილის სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ხელოვნებას უკავშირდება. მალე ხარაგაულელები მისგან დამზადებულ განსხვავებულ ნამუშევრებს ვიხილავთ.

ნინო ლაბაძე
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი