
მრავალი შვილი დიდი სიმდიდრე და სიხარულია. ჩვენს გვერდით, ხარაგაულში, ცხოვრობს სოსო დავაძისა და ხათუნა მანჯავიძის ხუთშვილიანი ოჯახი.
ქალბატონი ხათუნა საზოგადოებაში წარმატებული ქალბატონია და მიიჩნევს, რომ ოჯახი და სამსახური ერთმანეთს ავსებს.
ხათუნა მანჯავიძე ზესტაფონში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. შემდეგ ხარაგაულელ სოსო დავაძესთან ერთად შექმნა ოჯახი.
„რთულ პერიოდში მომიხდა შვილების გაზრდა, მაგრამ ახალგაზრდა რომ ხარ, უფრო ადვილად გადალახავ პრობლემებს. მომავლის იმედი არასდროს დამიკარგავს, – ამბობს ქალბატონი ხათუნა, – პროფესიით ქიმიკოსი ვარ, მაგრამ გადავწყვიტე, გერმანული ენა შემესწავლა. სამი შვილი მყავდა და ისევ წავედი თბილისში სასწავლებლად, გავხდი სტუდენტი და ავიღე გერმანული ენის მასწავლებლის დიპლომი.
ახალი შექმნილი იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და იქ მიმიღეს ვიზიტორთა სამსახურის თანამშრომლად. ეროვნულ პარკში მუშაობის დროს ერთი დიდი სკოლა გავიარე. პრობლემების დაძლევის თანამედროვე ხედვები ჩამომიყალიბდა. პარალელურად ვმუშაობდი ხარაგაულის #2 სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად.
შემდეგ მუზეუმში გავაგრძელე საქმიანობა. ეროვნულ პარკში მიღებული გამოცდილებით სკოლაში ბევრი პროექტი განვახორციელე. ვფიქრობ, რომ ყველა სამსახური ძალიან საინტერესო იყო და დიდი გამოცდილება შემძინა. მუზეუმში მუშაობისას მივიღე მიწვევა გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ზოგს ჰგონია, რომ აუცილებელია წინასწარ ვინმეს სამსახური უნდა სთხოვო და „ჩააწყო.“მაშინ მე გამგებელს არ ვიცნობდი. 2012 წელს, ცისანა ჭიპაშვილთან ერთად, ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის.“
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხარაგაულში პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების შემკრები ურნები გაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ათ საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დაასახელეს.
ამჟამად ვმუშაობ დასუფთავების სამსახურში. ვთვლი, რომ ესეც საინტერესოა, რადგან ნარჩენების მართვის სფერო აუთვისებელია.“
-ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის შვილები?
-ძალიან ტრაფარეტულია, მაგრამ ზოგადად ასეა, – შვილები ჩემთვის ყველაფერია. შვილებმა ძალიან ბევრი რამ მომცეს. მათთან ერთად ვსწავლობ, ვიზრდები, ვაკვირდები. უფროსი შვილი 25 წლისაა და უმცროსი ხუთი წლის. ვცდილობ, ის შეცდომები, რაც პირველ შვილთან დავუშვი, მეორესთან აღარ განმეორდეს.
ხშირად ჩემ შვილებს უთქვამთ, შენ გინდა ის გავაკეთოთ, რასაც შენ ვერ მიაღწიეო. ხანდახან მათ რომ ვუსმენ, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. იმ ღირებულებებს, რასაც ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, ჩემს შვილებში ვხედავ და კმაყოფილი ვარ. ჩემი შვილების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი.
-შეადარეთ თქვენი და თქვენი შვილების თაობა ერთმანეთს.
-ჩვენმა თაობამ რა შედეგებიც მოვიტანეთ, ეს დღეს ჩანს. დღევანდელი თაობა უფრო დამოუკიდებელი და თავისუფლად მოაზროვნეა და ეს გამოჩნდება მომავალში.
-დედის დღესთან დაკავშირებით თუ მიგიღიათ რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი?
-ყველაზე ძვირფასი და საყვარელია შვილებისგან ნაჩუქარი ღია ბარათები. ლექსიც დაუწერიათ ჩემთვის. ის ტექსტები სავსეა გრამატიკული შეცდომებით. თუმცა, ყველას სათუთად და დიდი სიყვარულით ვინახავ.
-როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და სამსახურს?
-სამსახური და ოჯახი ერთმანეთს ავსებენ. მე რომ სამსახურში ყოფნა არ მიხაროდეს, ვერ ვიქნები პროდუქტიული ოჯახში და პირიქით. ხან სად ვტოვებდი ბავშვებს და ხან სად. ზოგჯერ დათმობებზე წასვლას მოითხოვს სამსახური და ამას ოჯახის ხარჯზე გადაუვლია, მაგრამ ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მე ყოველთვის ვიყავი საქმიანი, მებრძოლი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, სიახლეებს ვეძებდი. ამას ვახმიანებდი და ისინი ისმენდნენ. მეუღლეც ძალიან მიწყობს ხელს.
ხანდახან მსაყვედურობდნენ შვილები, – გეძახით და არ გვისმენ, შენს ფიქრებში ხარო. ყურადღებას ითხოვდნენ, დედა ენატრებოდათ. წლისა და სამი თვის იყო მართა, ძიძასთან რომ დავტოვე და სამსახურებრივი საქმისთვის საფრანგეთში წავედი ათი დღით.
ახლა მეუბნებიან, კარგია, შენი ცხოვრება და ინტერესები რომ გაქვსო. შვილებს უხარიათ თთოეული ჩემი წარმატება.
მათთან ხან მკაცრი ვარ, ხან მეგობრული. ახლა გაცილებით ბევრს ვფიქრობ, როგორ ვიურთიერთო შვილებთან. მკაცრად მოვითხოვ, რომ არ მომატყუონ, არ იყვნენ უპასუხისმგებლოები.
-ქალბატონო ხათუნა, თქვენი ინიციატივითა და ხელშეწყობით შეიქმნა ქალთა ანსამბლი „მანდილი.“ გვიამბეთ ამის შესახებ.
-მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა, სინათლე და სიხალისე შეგვეტანა სოფლად მცხოვრები ქალბატონების ცხოვრებაში. გვსურდა, ქალბატონებს ეგრძნოთ თავისუფლება და საკუთარი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულიყვნენ.
სამწუხაროდ, რამდენიმე ქალბატონმა უარი გვითხრა. ეს ქალბატონები ისეთი ბედნიერები არიან, როცა მღერიან, რომ მეც ბედნიერებით ვივსები. დედის განწყობა გადადის შვილებზე, ოჯახის წევრებზე, რადგან ოჯახში ამინდს დედა ქმნის.
ქმრებიც გებულობენ, რომ ცოლს სამზარეულს გარდა აქვს საკუთარი ინტერესები და მათი გამოხატვის შემდეგ უფრო ამაღლდება ოჯახის წევრების თვალში, როგორც პიროვნება.
-რას უსურვებთ დედებს?
-შვილთა სიმრავლეს ვუსურვებ. შვილები არ გაზარდონ „თავისთვის,“ რაც შეიძლება ადრე გაათავისუფლონ მეურვეობისგან, მეტი თავისუფლება და დამუკიდებლობა მისცენ.
რამდენიმე ხარაგაულელმა ქალბატონმა მითხრა, რომ ჩემი მიმბაძველობით შვილები გააჩინეს. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, თუ ადამიანებს სტიმული მივეცი. 45 წლის ვიყავი, მეხუთე შვილი რომ გავაჩინე. არაფერი დაკლებია ჩემს ჯანმრთელობას.
დედებს ვუსურვებ, რომ არა მარტო ოჯახისა და შვილების მიმართ იყვნენ ყურადღებიანები, არამედ საკუთარი თავის მიმართ.
ქალბატონებს ვურჩევ, ოჯახში ყოველთვის გამოხატონ და დაიცვან საკუთარი ინტერესები. იყვნენ ლამაზები და ლაღები.
მარიამ კიკნაძე
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების
20 ივნისს, სოფელ ლეღვანში მელანო (მედიკო) ცხოვრებაძე-ლაცაბიძემ
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის