ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შედის.

ეს საკითხი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

ცვლილებას, მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე, ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხის უკმარისობა განაპირობებს.

დახმარების გაცემის წესში ცვლილების პროექტის თანახმად, მოქალაქეს ოპერაციის თანადაფინანსების თანხა სრულად, 100%-ით, აღარ დაუფინანსდება. თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 ათასს, ოპერაციისთვის მოქალაქისგან თანაგადახდის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70%-ით დააფინანსებენ, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.

რაც შეეხება სამედიცინო გამოკვლევებს, იგივე სქემით დაფინანსდება, როგორც ოპერაციები, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

C ჰეპატიტით დაავადებულ, სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევები 30%-ით დაუფინანსდებათ, დანარჩენ ბენეფიციარებს – 70%-ით.

მედიკამენტების შესაძენად შარშან, დაავადებების შესაბამისად, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემოდა 100-დან 200 ლარამდე. მომავალში მედიკამენტებზე გაიცემა ასი ლარი, ხოლო სიცოცხლისთვის საშიში დავადებების (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) შემთხვევაში – 500 ლარი.

0-18 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირებისთვის აპარატის ელემენტის შეძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითოეული მოსარგებლისთვის წელიწადში 1000 ლარი გაიცემა. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს ნანა კიკნაძის ინფორმაციით, მათთან აღრიცხვაზეა კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ორი ბავშვი.

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალებისას შარშან ფინანსურად ეხმარებოდნენ ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა 57 ათასს არ აღემატებოდა. წელს მხოლოდ იმ ოჯახებს დაეხმარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 ათასია.

ოჯახი, პირველი შვილის შეძენისას, ას ლარს მიიღებს, ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას თანხა 50-50 ლარით გაიზრდება. ტყუპის დაბადების შემთხვევაში ოჯახი 500 ლარს მიიღებს.

შარშან მეორე შვილზე 200 ლარი, მესამეზე 300 ლარი, მეოთხეზე – 400 ლარი გაიცემოდა.

საკრებულოს დეპუტატების აზრით, უმჯობესი იყო ოპერაციების თანხა სრულად დაეფინანსებინათ. მათივე თქმით, მეტი თანხა უნდა გაიცეს ახალშობილებზე.

„ცვლილება შევიმუშავეთ შარშანდელი წლის ანალიზიდან გამომდინარე. ბევრი მოქალაქე მოგვმართავს. დახმარების მიღების ყველა მსურველს ვერ ვაკმაყოფილებთ. გასული წლის ნოემბრის ბოლოდან მოქალაქეებისგან ახალი განცხადებები ვეღარ მივიღეთ, – ვინც მოდიოდა, ყველას ვისტუმრებდით უარით, რადგან თანხა აღარ იყო. აქედან გამომდინარე, შემოვიტანეთ ცვლილება, თორემ არავის ეხალისება გაჭირვებული ადამიანების უკან გაბრუნება,“ – ამბობს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე.

2016 წელს სოციალური დახმარების გამცემი კომისია თებერვალში შეიკრიბა. მოქალაქეებზე სოციალური დახმარების სახით გაიცა 47 602 ლარი.

ნინო კაპანაძე