15 წელი გავიდა ხარაგაულელი ვეფხვია ღონღაძის ტრაგიკული აღსასრულიდან.

მისმა მეგობრებმა ვეფხვიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დარბაზში მოაწყვეს.

ამ დღისთვის ჩაიწერა ვეფხვია ღონღაძის ლექსზე „კარუსელი ისე აღარ ტრიალებს“ დალი მერაბიშვილისგან შექმნილი სიმღერა.

„შევიკრიბეთ ვეფხვიას მეგობრები, ნათესავები, აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ლექსებიდან შეიტყობენ, თუ ვინ იყო, როგორ ცხოვრობდა, როგორ უყვარდა და რას განიცდიდა ვეფხვია ღონღაძე. მისნაირი ადამიანები ჩვენს გვერდით ძალიან ცოტაა. არ შეიძლება ვეფხვია ღონღაძის დავიწყება,“ – აღნიშნა ღონისძიების ორგანზიატორმა, გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა დავით ჩადუნელმა.

ვეფხვია ღონღაძის ნიჭიერებაზე, მის გამორჩეულობაზე, განსაკუთრებულ, ღრმა ხედვაზე, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრეს ვეფხვიას მეგობრებმა და მისი ნიჭის დამფასებლებმა მამუკა ჭიპაშვილმა, ეკა შველიძემ, გურამ სახვაძემ, პაატა გოგოლაძემ.

ვეფხვიას კლასის ხელმძღვანელმა ნელი შარიქაძემ აღნიშნა, რომ მის მოსწავლეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული, თავისებური, მოკრძალებული და თავმდაბალი იყო ვეფხვია ღონღაძე.

„თვალებში ისეთი სხივი ჰქონდა, თითქოს მიღმა სამყაროს გასჩერებოდა. ტრაგედია იყო მთელი სკოლისთვის ვეფხვიას მოულოდნელი წასვლა ამ ქვეყნიდან. თუმცა, მისი სიცოცხლის გზა სხვანაირად გრძელდება ბევრ ადამიანში. ამის დასტურია დღევანდელი დღე. მადლიერი ვარ, რომ მის შემოქმედებას იზიარებთ და პატივს სცემთ,“ – აღნიშნა ნელი მასწავლებელმა.

ვეფხვია ღონღაძის ლექსები წაიკითხეს კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, მოსწავლეებმა – სოფო შველიძემ, ნინო გელაშვილმა, თათია ჭიპაშვილმა, და ამანდა ხვედელიძემ.

საგალობლები შეასრულეს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პატარა მგალობლებმა (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე).

შესრულდა ვეფხვია ღონღაძის ლექსებზე დალი მერაბიშვილისგან შექმნილი  სიმღერები.

„დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს და გული მწყდება, რომ თავის დროზე ვერ მოვეფერეთ ვეფხვიას ისე, როგორც იმსახურებდა. მისი სულისთვისაც იქნება კარგი თუ გავითვალისწინებთ და ადამიანები ერთმანეთს უფრო მეტად გავუფრთხილდებით,“ – აღნიშნა ღონისძიების დასასრულს პაატა გოგოლაძემ.

ნინო კაპანაძე

vefkhvia guram-sakhvadze