kharagaulis_gamgeobaგამგეობის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ურთიერთობა, საჯარო მოხელეთა პოლიტიკური კუთვნილების გამო წარმოქმნილი პრობლემები, მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსალოდნელი კონკურსი და სხვა საკითხები განიხილა 17 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მის მიერ ორგანიზებულ თათბირზე.

თათბირს ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები, სპეციალისტები და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საკრებულოს წევრები.

„არის თემები, რომლებიც კოორდინირებას და მეტ მჭიდრო კავშირებს მოითხოვს საკრებულოსთან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან, – აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მან სასოფლო-სამეურნეო ბარათების თემა მიიჩნია და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საუბრები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და იმედია, პერსპექტივა ამ კუთხით გამოჩნდება. „ადამიანები დაზარალდნენ და როგორმე უნდა დავეხმაროთ ბარათების მიღებაში,“ – აღნიშნა გამგებელმა.

კობა ლურსმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა გამგეობის სამსახურების კოორდინირებულ მუშაობაზე და აღნიშნა, რომ სამსახურები მუშაობენ სრული დატვირთვით. მანვე განაცხადა, რომ უმჯობესია, კულუარული ჩურჩულის ნაცვლად კრიტიკული მოსაზრებები მასთან გამოითქვას და ის სიამოვნებით მოისმენს განსხვავებულ, ჭკვიანურ მოსაზრებებს. „ყოველთვის მივესალმები ჭკვიანურ მოსაზრებებს. სასურველი იქნება, ეს მოდიოდეს ჩემი სამსახურებიდან, ჩემი თანამშრომლებიდან, რამეთუ მე მათ პოზიციას აღვიქვამ მოყვრის პოზიციად. კრიტიკა სასურველია იმისთვის, რომ ჩვენ გავაჯანსაღოთ, თუ რამე ხარვეზები გვაქვს მუშაობაში. ხშირ შემთხვევაში თქვენი წინადადება შეიძლება იყოს გადამწყვეტი.“

გამგებელმა ყურადღება გაამახვილა კადრების თემაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო გარკვეული პიარის ნაწილი, მხოლოდ ვისგან – არ დაუკონკრეტებია. გამგებლის თქმით, „განსაკუთრებით ნიჭიერი და კომპეტენტური ადამიანების მოსვლა გამგეობაში უზრუნველყოფს დამატებითი პროდუქტიული სამუშაოს შექმნას, ისეთს, როგორიც მაგალითად დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს სხვადასხვა კომისიების მუშაობის ფონზე.“ გამგებელი თვლის, რომ სოციალურ საკითხებზე გამგეობის შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს იმის მიუხედავად, რომ არაერთი კრიტიკა მოუსმენია ამ სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ, თუმცა ეს კრიტიკა სამსახურებრივ მოვალეობებს არ უკავშირდებოდა.

გამგებელი მიიჩნევს, რომ დიდი შრომა გაწია სტიქიით დაზარალებულთა შესწავლელმა კომისიამ. საკრებულოსთან შეთანხმებით რაღაცები დაიხვეწა და მიდგომები უფრო ოპერატიული გახდა. გამგეობამ შეიმუშავა პროექტი, თუ როგორ დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს და უახლოეს ხანში დასამტკიცებად წარუდგენს საკრებულოს.

კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე აღნიშნა, რომ ხშირად ესმის კრიტიკა გამგებლის მოადგილეების რაოდენობასთან დაკავშირებით. მან სხვა მუნიციპალიტეტების მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ შეიძლება მოადგილეებით არ არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგეობები წარმოდგენილნი, მაგრამ იქ სამსახურებია გაცილებით დანაწევრებული და გაზრდილი. გამგებელი ფიქრობს, რომ მოადგილეების მუშაობა გაცილებით ეფექტურს ხდის გამგეობის საქმიანობას.

მან ისაუბრა კადრებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეისათვის გამგეობაში დასაქმებული ყველა კადრი საჭიროა. „მიხარია და მეამაყება, რომ აქ ამ ფორმატით ხართ წარმოდგენილი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შესაბამისად არ არის დაკავებული და თავის სამსახურებში კონკრეტული საქმეებით დატვირთული, წარმოადგინოს საკუთარი შეხედულებები.“

გამგებელმა შეხვედრაზე ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. გამგებლის ინფორმაციით, იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები. დღეის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 მილიონ 281 ათას ლარს აღწევს. აქედან შრომის ანაზღაურება, ძირითად შტატებზე მილიონ 295 ათასი ლარია,  შტატგარეშე მომუშავეების – 142 ათასი ლარი. ეს ბიუჯეტის 22, 9%-ია. „საუბარი იმაზე, რომ რაღაც კატასტროფა გვემუქრება და ბიუჯეტი შეიძლება დაგვიცარიელდეს, დილეტანტის ნათქვამია.  დამატებით შემოსული თანხებით საშუალება გვაქვს უფრო მეტი ღონისძიებები დავგეგმოთ და გავაკეთოთ.“ გამგებელმა სურვილი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით განსხვავებულ მოსაზრებებს სიამოვნებით მოისმენს, რადგან დამკვიდრდება საბიუჯეტო საკითხების საჯაროდ განხილვის პრაქტიკა.

გამგებელმა მიმართა გამგეობის თანამშრომლებს, განსაკუთრებით რწმუნებულებსა და სპეციალისტებს, რომ თავი შეიკავონ სამუშაო საათებში პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობისგან. „ზოგიერთის თავხედობა იმდენად შორს წავიდა, რომ ამა თუ იმ პარტიაში მყოფი რწმუნებული პარტიის თავმჯდომარეს მოიაზრებს თავის ხელმძღვანელად. ამას მე ვხედავ და ასე ნუ აკეთებთ. ვინც ასე იქცევა, ის ცდება და ჰგონია, რომ ჰყავს მფარველი. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთან ურთიერთობაში მფარველები არ არსებობენ.“ გამგებელმა რწმუნებულებს მოუწოდა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლონ სპეციალისტებთან და მათი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატებთან. „მოსახლეობას არ აინტერსებს, ვის ვინ მოსწონს ამ შენობაში, ხალხს პრობლემების მოგვარება აინტერესებს. ვინც ასეთ გუნდურ მუშაობას ვერ აეწყობა, წაბრძანდით, ბატონო.“

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ურთიერთობას, კობა ლურსმანაშვილის თქმით, გამგეობა განწყობილია ამ ურთიერთობებისთვის დადებითად და მიაჩნია, რომ ბიუროც ამ რეჟიმით ითანამშრომლებს გამგეობასთან. თუმცა, მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დაკავებული იყო გამგეობის კრიტიკით. „არც მე, არც დეპუტატი და არც საკრებულო არ უნდა ვიყოთ დაკავებული სხვა საქმეებით, გარდა მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვისა.“

გამგებელმა ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მან მოუწოდა რწმუნებულებს, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას. „არავის წაგცდეთ ხელი. თქვენ არ გევალებათ მოძებნოთ ვინმე და რამეს დაჰპირდეთ. ორგანიზაციებმა თვითონ უნდა გააკეთონ განაცხადები შესყიდვების სამსახურში. ამ საკითხში დამიდექით გვერდში. ჩვენ ყველაფერს შევასრულებთ, მაგრამ ასეთი ერთი ფაქტიც რომ გამოვლინდეს, ჩვენ ძალიან შევრცხვებით.“

კობა ლურსმანაშვილი საჯარო მოხელეთათვის ჩასატარებელ კონკურსსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისია მუშაობს და კონკურსის გამოცხადების მოლოდინშია. „არის მოსაზრება, რომ საქართველოში ერთიან ფორმატში ჩატარდეს კონკურსი, ერთიანი ტესტებით და ერთგვაროვანი მიდგომებით, რომ ყველას ჰქონდეს ობიექტურობის განცდა. ეს გაცილებით აძლიერებს ნდობას ასეთი კონკუსების მიმართ. ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაებას კონკურსში და დაიკავოს სასურველი თანამდებობა.“

გამგებელი შეკრებილთ პრემიების გაცემის თაობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ყველა მიიღებს პრემიას, ეს იქნება დახმარება.  კობა ლურსმანაშვილის თქმით, პრემია ეკუთვნის იმას, ვინც იქნება კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი და მისი შრომა იქნება თვალნათელი.

„ბევრი გამოიტანს დღეს დასკვნებს და თუ ვინმე გამგეობის შემადგენლობიდან გათავისუფლდება, ეს არ იქნება დაკავშირებული არც პოლიტიკასთან, არც პირად შეხედულებებთან, ეს იქნება კავშირში მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, თუ როგორ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ასეთია ჩემი პოზიცია და იმედია, ამ პოზიციას თქვენ არ გააპროტესტებთ,“ – დასძინა გამგებელმა შეხვედრის ბოლოს.

თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კოორდინირება საკრებულოსთან.

შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა მალხაზ კუპრაძემ თანასოფლელთა რამდენიმე პრობლემა გააჟღერა. დეპუტატის ბიუროს მისამართით გამგებლის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნაზე კი აღნიშნა, რომ ერთად უნდა მოილაპარაკონ, თუ როგორ გახადონ ურთიერთობა უფრო კოორდინირებული.

ნინო კაპანაძე