სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაამტკიცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის ექვსი თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის საბოლოო ანგარიში.

ანგარიშის საბოლოო ვარიანტი მიიღო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატებისთვის გასაცნობად და განსახილველად.

გთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მნიშვნელოვან შედეგებს:

2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში ხარვეზიანია და საჭიროებს ხშირ ცვლილებას. შედეგად, იზრდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადები და ღირებულება.

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია სატენდერო დოკუმენტაციის შეცვლილი, შეღავათიანი პირობებით. დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები (შეთანხმებები) ან დაუნომრავია, ან არასწორად არის დანომრილი. ზოგიერთი მათგანი არ არის ატვირთული შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

მუნიციპალიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 210,3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმებულია 14 ისეთ მიმწოდებელთან, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ხელშეკრულების დადებამდე 1-დან 30 დღემდე პერიოდში.

2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გააფორმა 205,5 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 20 ისეთ მიმწოდებელთან, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის კონტრაქტორები არ ყოფილან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ სააუდიტე პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, მიმწოდებლებზე ხშირ შემთხვევაში სამუშაოების დასრულების ვადა გადაწეულია უამინდობის მიზეზით, რაც ვერ ჩაითვლება ისეთ გარემოებად, რომლის გათვალისწინება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარიმო სანქციის ამოქმედება რომ დაწყებულიყო სამუშაოების მიწოდების თავდაპირველი ვადის ამოწურვის შემდეგ, 18 მიმწოდებელს დაერიცხებოდა 158,4 ათასი ლარის ჯარიმა.

2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა დაბა ხარაგაულში, ჭიპაშვილის ქუჩაზე ქვეფენილის მოწყობის სამუშაოებზე გასწია 73,6 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი, ვინაიდან გზა მალევე დაზიანდა და საჭირო გახდა დამატებით ბეტონის საფარის გადაგება.

2015 წელს ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის საავტომობილო გზის მოხრეშვითი სამუშაოების შესყიდვის დროს მუნიციპალტეტმა ისე აიღო მიმწოდებლისთვის ინერტული მასალის კარიერით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომ არ გააჩნდა შესაბამისი ნებართვა. ნებართვის მიღება გაჭიანურდა. შედეგად, სამუშაოები დასრულდა ტენდერით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და მოსახლეობამ დროულად ვერ ისარგებლა აღნიშნული სიკეთით.

2013-2014 წლებში სოფელ მაქათუბანში განხორციელდა ხიდის მშენებლობა თანხით 151,4 ათასი ლარი. ხიდის პროექტი რამდენჯერმე გადაკეთდა, რამაც გამოიწვია ხიდის ძირითადი პარამეტრების შეცვლა: ერთმალიანიდან გადაკეთდა ორმალიანად, სიგრძე 15,1 მეტრის ნაცვლად გახდა 30,2 მეტრი; შემცირდა ტვირთამწეობა. ცვლილებების შედეგად საჭირო გახდა ფინანსური რესურსების დამატება. ამასთან, გახანგრძლივდა სამუშაოების დასრულების ვადა. ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლის დაგვიანებით.

2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, მიმწოდებლებზე ვადაგადაცილებისათვის დარიცხული და ამოუღებელი ჯარიმები შეადგენს 119,6 ათას ლარს, თუმცა შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული. შემსრულებლებზე დარიცხული ჯარიმების ამოღების მიზნით აუდიტის მიმდინარეობის დროს სასამართლოში შეტანილია სარჩელი 2-3 წლის დაგვიანებით.

2014 წელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით სამუშაოების ჩაბარებისთვის მიმწოდებლებზე არ არის გავრცელებული 41,7 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია.

სააუდიტე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების განხორციელებისას დაშვებულია სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზი. მაგალითად, 2013 წელს შესყიდულია სოფელ ხევში მდინარე ძირულაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სამუშაოები შესრულებულია მდინარე სურამულაზე. რეალურად კი ხიდის მშენებლობა განხორციელდა მდინარე რიკოთულაზე.

საანგარიშო პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულია 92,0 ათასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც არ არის დასრულებული და ვერ სარგებლობს მოსახლეობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2013 წელს ა(ა)იპ „სათნოების სახლისათვის“ შეიძინა 85 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, თანხით 10,0 ათასი ლარი, რომელიც არ არის გამოყენებული, ხოლო ა(ა)იპ-ს ყოველწლიურად ფართის დაქირავებაში გადახდილი აქვს 3,0 ათასი ლარი.

საანგარიშო პერიოდში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გზების მოხრეშვით სამუშაოებზე გამოყენებული ინერტული მასალები, სავარაუდოდ, მოპოვებულია არალიცენზირებული კარიერებიდან.

2014 წელსა და 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, ავტომანქანების რაოდენობა, რომლებიც ემსახურება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდირებულ ოდენობაზე მეტია.

სააუდიტე პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პრემიისა და დანამატის სახით სულ გაცემულია 371.3 ათასი ლარი. 2013-2014 წლებში საკრებულოს მიერ პრემიის გაცემასთან დაკავშირებით დებულება შემუშავებული არ არის. შტატგარეშე მოსამსახურეებზე ისეა გაცემული 47.4 ათ. ლარის პრემია და დანამატი, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დამატებით ანაზღაურებას.

2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის მონაცემებით ა(ა)იპ-ების მიერ არ არის წარმოდგენილი სუბსიდიით განსახორციელებელი პროგრამების ფარგლებში შესასრულებელი ღონისძიებები. არ არის დასაბუთებული, რა სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, რა პერიოდულობითა და რა მოცულობით.

2015 წელს 2013 წელთან შედარებით ა(ა)იპ-ების შტატები ისე არის გაზრდილი, რომ დოკუმენტურად არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რა გარემოებებით არის გამოწვეული აღნიშნული ცვლილება. მაგალითად, ა(ა)იპ „სათნოების სახლში“ 2013 წელს დასაქმებული იყო 8 ადამიანი, ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენდა 58-ს. ხოლო 2014 წელს ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა 3 ერთეულით, შტატების რაოდენობა კი 5 ერთეულით.

2014 წელსა და 2015 წლის 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „ხარაგაული 2011-ს“ შესაბამისი დასაბუთების გარეშე გადაეცა 35.8 ათასი ლარის სუბსიდია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2014 წელს 25.0 ათასი ლარით დააფინანსა „ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარების პროგრამა.“ თუმცა, დოკუმენტურად ვერ საბუთდება ვაზის სანერგე მეურნეობის არსებობის აუცილებლობა და განვითარების პერსპექტივა, რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენილი 1694.8 ათასი ლარის სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით, ფაქტობრივი დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე.

საანგარიშო პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლით გახარჯულია 40.4 ათასი ლარი, საიდანაც 2013-2014 წლებში გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რესტორნის მომსახურებაზე დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარის ხარჯი.

საანგარიშო პერიოდში, საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, გაცემულია 182.1 ათასი ლარი, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი ვერ იქნა. გარდა ამისა, 2013-2014 წლებში საკრებულოს თანამდებობის პირებზე კანონის დარღვევით გაცემულია 33.1 ათასი ლარი.

2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში გამგეობას სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, მიზნობრივი ტრანსფერის გარდა, საკუთარი შემოსავლებიდან მიმართული აქვს 134.5 ათასი ლარი.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები.

2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ხოლო 2015 წლის მარტში გამგებლის ბრძანებით შეიქმნა ინვენტარიზაციის კომისია. აუდიტის მიმდინარეობისას ინვენტარიზაცია არ დამთავრებულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური შეიქმნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებზე ორი თვის დაგვიანებით. 2014 წელსა და 2015 წლის 6 თვეში სამსახურს არ ჩაუტარებია გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) საქმიანობის აუდიტორული შემოწმება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2009-2012 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში არ გატარებულა. გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები არ არის აღმოფხვრილი და კვლავ მეორდება.

საქართველოს მოქმედი კანონდებლობის თანახმად, აუდიტის ანგარიში 20 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.