ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სახეობებიდან ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია შეჯიბრმა „მხიარული სტარტები.“ მასში მუნიციპალიტეტის 19 სკოლა ჩაერთვება.

დღეს, 26 თებერვალს, „მხიარული სტარტები“ იმართება ღორეშისა და მოლითის, კიცხისა და ხარაგაულის გიმნაზიის, ბორითისა და ვახანის საჯარო სკოლების გუნდებს შორის.

პირველ მარტს „მხიარულ სტარტებში“ ერთმანეთს შეხვდებიან ნადაბურისა და ბორის, ხარაგაულის #3 და ხევის, ბაზალეთისა და წიფის საჯარო სკოლების გუნდები.

4 მარტს ერთმანეთს შეეჯიბრებიან ვაშლევისა და ლეღვანის, ზვარესა და ხარაგაულის #2 საჯარო, მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების გუნდები.

„მხიარული სტარტების“ მონაწილე მეცხრამეტე, ხიდრის საჯარო სკოლას, კენჭისყრით, პირველ ეტაპზე, დასვენება ერგო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან „მხიარულ სტარტებში“ გამარჯვებული ერთი გუნდი გაემგზავრება რეგიონალურ ტურში მონაწილეობისათვის.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტის შვიდ სახეობაში ტარდება. უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სპორტის სამ სახეობაში. მაგიდის ჩოგბურთში გუნდურად გაიმარჯვა ბორის საჯარო სკოლამ. ინდივიდუალურ თამაშებში მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებს შორის გაიმარჯვა ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გიორგაძემ და ხოლო გოგონებს შორის – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია გლუნჩაძემ.

კალათბურთში ვაჟებს შორის გაიმარჯვა ნადაბურის საჯარო სკოლამ, ხოლო გოგონებში – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლამ.

გეზრბენში ვაჟებს შორის გამარჯვებულია მოლითის საჯარო სკოლა, გოგონებს შორის – ხევის საჯარო სკოლა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 29 თებერვლიდან დაიწყება შეჯიბრი მინიფეხბურთში. მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ასევე გაიმართება შეჯიბრი ფრენბურთსა და ბადმინტონში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში სპეციალისტის ხათუნა ტაბატაძის ინფორმაციით, ინფორმაციით, 20 მარტს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორებს მუნიციპალიტეტებმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სპორტის სახეობების მიხედვით გამარჯვებული გუნდების შესახებ. ამის შემდეგ დაიგეგმება რეგიონალური ტურების ჩატარების დრო და ადგილი, სპორტული სახეობების მიხედვით.

თამთა გოგოლაძე

mkhiaruli-startebi-1 mkhiaruli-startebi mkhiaruli-startebi-3