1924 წლის აგვისტოს აჯანყება საქართველოში, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავდა მიზნად, მარცხით დამთავრდა.

ამ აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სიმონ ბლიაძე, რომელიც 1903 წელს იოსებ ბლიაძისა და მაკრინე ბუხნიკაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სოფელ ვერტყვილაში. იგი ნიჭიერებითა და სწავლისადმი დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. სოფლის ორკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის გიმნაზიაში, სადაც დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს ისტორიისადმი. 1918 წლის 26 მაისს 15 წლის გიმნაზიელი სიმონ ბლიაძე დიდი სიხარულით შეხვდა, მალე სამსახურიც იშოვა და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში ჩაერთო.

1921 წლის თებერვლის მოვლენებმა მძიმე დაღი დაასვა სიმონ ბლიაძის ცნობიერებას და უყოყმანოდ ერთვება არალეგალურ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, ჭიათურის ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი ხდება.

აჯანყების დამარცხების შემდეგ სიმონ ბლიაძეს საქართველოში აღარ დაედგომებოდა.  დაპატიმრების შემთხვევაში მისი დახვრეტა გარდაუვალი იყო. 1924 წლის შემოდგომაზე მამის ძმასთან, ალექსანდრე ბლიაძესთან, ერთად მან მძიმე და სახიფათო გზა განვლო ვერტყვიჭალიდან თურქეთის საზღვრამდე. აქ იგი სამშობლოს ბედით შეძრული მწუხარედ გამოეთხოვა ჯერ ბიძას, შემდეგ მშობლიურ მიწას ემთხვია და გეზი სტამბოლისაკენ აიღო.

1924 წლის ბოლოს სიმონ ბლიაძე სხვა ემიგრანტ ქართველებთან ერთად მარსელში ჩადის. სამშობლოდან დევნილებს თავის შენახვა უჭირთ. მათ მხსნელად მოევლინა ლადო ბაქრაძე, დემოკრატიული საქართველოს ყოფილი ელჩი პოლონეთში, რომელიც 1925-30 წლებში საფრანგეთის მონბელიარის მხარის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. ლადო ბაქრაძე იმ პერიოდში „პეჟოს“ საავტომობილო ქარხნის დირექტორთან თანამშრომლობდა. ამით მან მიაღწია იმას, რომ ქართველ ემიგრანტებს ქარხნის პროფესიულ სკოლებში ხელობა შეესწავლათ. სიმონ ბლიაძე მღებავის პროფესიას დაეუფლა და „პეჟოს“ ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ.

იმ პერიოდში სიმონ ბლიაძეს საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იგი არაერთხელ სტუმრობდა ლევილს, სურდა მიეღო ინფორმაცია საფრანგეთში ემიგრირებული დემოკრატიული საქართველოს მთავრობის წევრებისაგან, მაგრამ დარწმუნდა, რომ სასტიკი პოლიტიკური რეპრესიების გამო სამშობლოში დაბრუნება ძალზედ სარისკო იყო.

1933 წელს სიმონმა ფრანგული ენის დაწყებითი სწავლების სერთიფიკატი მიიღო, ხოლო მომდევნო წელს კი ჯვარი დაიწერა სტრასბურგელ ფრანგ მარიანა იმბერზე, რომელთან ერთადაც თავიდან ქ. ვანვში დაიწყო ბედნიერად ცხოვრება, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო მას უწევს ლევილთან ახლოს მდებარე სოფელ სენ-ჟერმენ ლე არპაჟორში სახლის შეძენა და იქ ოჯახთან ერთად გადასვლა  საცხოვრებლად.

1939 წელს სიმონი უყოყმანოდ შედის საფრანგეთის არმიის რიგებში, რამაც გაუადვილა შემდგომში რთული პროცედურის გავლა მოქალაქეობის მისაღებად. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ბატალიონი გერმანელთა ალყაში მოექცა. მან დიდი რისკის ფასად მოახერხა ალყიდან გაღწევა და ზურგის ნაწილთან შეერთება, ერთი წლის შემდეგ კი დემობილიზებულ იქნა და კვლავ მუშაობას განაგრძნობს, სამსახურიდან დაბრუნებული საღამოობით მეუღლესთან ერთად ბაღს უვლის, რათა ომის დროს ამ მძიმე წლებში ოჯახი როგორმე გამოკვებოს.

მიუხედავად იმისა, რომ სიმონ ბლიაძე ბედნიერად ცხოვრობდა თავის მოსიყვარულე მეუღლესთან და ოთხ  შვილთან ერთად (ნინა – ექთან-მასაჟისტი, არსენი – კომერციული აგენტი, ალექსანდრე – კერძო მეწარმე (მას შინაურობაში სიმონი გოგის ეძახდა) და კატერინა – ქირურგი-სტომატოლოგი), სამშობლოსადმი მონატრების მწვავე განცდა არასოდეს განელებია. ბევრჯერ, საკუთარ მამულში მომუშავეს, ვერტყვილის სანახები ედგა თვალწინ ვენახსა თუ ყანაში მომუშავე ახლობლებთან ერთად. მან ხომ არაფერი იცოდა მშობლების, და-ძმების შესახებ.

1950-იანი წლებიდან მის ცხოვრებაში ახალი მონაკვეთი იწყება, რადგან ემიგრანტებს ჯერ ოჯახებთან მიმოწერის უფლებას აძლევენ, ხოლო შემდგომ წლებში კი მათი მონახულების. 1967 წლის ზაფხულში ვერტყვილაში მთელი სოფელი გამოსულა ქუჩაში ფრანგი ქართველების „სიმონის  გოგოების“, ნინასა და კატერინას, სანახავად.

სიმონ ბლიაძის ოცნებას ფრთები შეესხა და დადგა ის ნანატრი დღეც, როცა 1973 წელს რამდენიმე კვირით თავის მამულში ჩადის. „…მაშინ მე უკვე სტუდენტი ვიყავი და ნათლად მახსოვს მაღალი,  ინტელიგენტური გარეგნობის, დახვეწილი მანერების მქონე, შესანიშნავი მოსაუბრე სიმონ ბლიაძე. ჰკითხეს კიდეც, როგორ შეინახეო ასე უნაკლოდ ქართული მეტყველება. მან კი უპასუხა: ექვთიმესთან ნასაუბრებ კაცს ქართულს აბა რა დამავიწყებდაო. დიდი იყო მასთან შეხვედრის სურვილი და ისიც, გასაგები მიზეზების გამო, უამრავ შეკითხვას მოკრძალებულად პასუხობდა. ამავე დროს უსაზღვრო სიყვარულით იყო გამსჭვალული ყველას მიმართ…“ – იგონებს  ბატონი თემურ ბლუაშვილი.

სიმონ ბლიაძეს ლევილში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან ძალზედ ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ აქ ხვდებოდა იგი ექვთიმე თაყაიშვილს და დემოკრატიული საქართველოს მთავრობის სხვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებს, სადაც იმართებოდა საუბრები საქართველოს წარსულსა, აწმყოსა და მომავლის გარშემო და კულტურის ბევრ საგულისხმო დეტალზეც, რაც რიგითი ემიგრანტისათვის დიდი სკოლა იყო.

სამშობლოზე ფიქრში გალეული, ღირსეული მამულიშვილი სიმონ ბლიაძე 1995 წელს, 92 წლის ასაკში, გარდაიცვალა და დაკრძალულია სენ-ჟერმენ ლე არპაჟონის მამულში, საოჯახო სასაფლაოზე.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დიდ მადლობას უხდის ბატონ თემურ ბლუაშვილს, რომელიც წლების წინ გახლდათ მუზეუმის თანამშრომელი და აქტიურად იყო ჩართული ფონდის გამდიდრების საქმეში. იგი დღესაც განაგრძობს ამ საქმიანობას თავის სოფელში და აგროვებს უნიკალურ ინფორმაციებს. სწორედ მან მოგვაწოდა ეს მასალა და კიდევ ერთი თავდადებული ადამიანის ღვაწლი არ დაუკარგა მომავალ თაობას.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი