
ხარაგაულში უახლოეს მომავალში მოლაშქრეთა კლუბის ჩამოყალიბება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორ ბერიკა თურმანიძისგან მივიღეთ.
ბერიკა თურმანიძე ხარაგაულის ტურიზმის ცენტრს 2015 წლის 21 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ის ასევე არის იმერეთის სკაუტური ორგანიზაციის გამგეობის წევრი და უფროსი ლიდერი.
„ახლო მომავალში მოლაშქრეთა ფედერაციიდან ველოდებით სტუმრებს, რომლებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას და ერთად გავმართავთ ლაშქრობებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში,“ – ამბობს ბერიკა თურმანიძე.
მისივე თქმით, ხარაგაულის ტურიზმის ცენტრი აგრძელებს იმ პროექტებს, რომელთაც არსებობის სამი წლის მანძილზე ახორციელებდა, – ტურთამაშები, ახალგაზრდული ბანაკი ზვარეში, „ვიცნობდეთ ხარაგაულს“, სამოყვარულო ფილმების კონკურსი. მხოლოდ აპირებენ ამ პროექტების მასშტაბების გაზრდას. მაგალითად, წელს ხარაგაულის ტურიზმის სამსახური ახალგაზრდული ტურ-თამაშების გამართვას საქართველოს მასშტაბით გეგმავს.
2015 წლის ივნისიდან ხარაგაულის ტურიზმის ცენტრში იმყოფება მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი ამერიკელი ნათან თრარიგი, რომელიც ახორციელებს ეკოლოგიურ პროექტებს. პროექტი მოიცავს ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს ხარაგაულელ ახალგაზრდებთან ერთად. ნათანი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს გოგონათა ტურისტული ბანაკის ჩამოყალიბებას და მასში სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლების ჩართვას.
„ამაშუკეთში, კოზმანის ეკლესიის მიმდებარედ, არის უნიკალური, დაახლოებით 200 მ სიგრძის, მღვიმე. არსებობს გეოლოგების ვარაუდი, რომ ეს არის სპელეოთერაპიული (სამკურნალო) მღვიმე, თუმცა ამის გამოკვლევა-დასაბუთება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ვაპირებთ ამ ტერიტორიის დასუფთავებასა და მარკირებას, – გვამცნობს ბერიკა თურმანიძე, – ტურიზმის ცენტრი გეოლოგ გიორგი დვალაშვილთან ერთად მუშაობს ხარაგაულის რუკაზე, რომელზეც აღნიშნული იქნება ხარაგაულის კულტურულ-ისტორიული ძეგლები.
არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს სოფელ ხევში. მიმდინარეობს მუშაობა და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გვინდა ამ ადგილზე გავაკეთოთ ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი სკვერი.
მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები ამ ზაფხულს ზვარეში მოაწყობენ ბანაკს, სადაც მოვიწვევთ კონკურსით შერჩეულ 50 ახალგაზრდას საქართველოს რეგიონებიდან. გვინდა ზვარის ბანაკი მაქსიმალურად დავტვირთოთ, უფრო ცნობილი და პერსპექტიული გავხადოთ,“ – ამბობს ბერიკა თურმანიძე.
დღეისათვის ტურიზმის ცენტრი მუშაობს საგზაო ნიშნების მოწყობაზე დევის ხვრელის მიმართულებით. ასევე სურთ ცაშეკრულას კანიონში ხიდების გაკეთება.
თამთა გოგოლაძე
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში
საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის