დღეს, 18 თებერვალს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიცირებითა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს (LDA-georgia) მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.

შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის არასამთავრობო სექტორი და რეგიონული მედია.

შეხვედრაზე განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოების როლი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში, მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური მექანიზმები და ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული მოდელები.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა და რომელსაც „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს, ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას. პროექტის ღონისძიებები დამყარებულია საფუძვლიან მოსაზრებაზე, რომ არც ერთი მთავრობა არ იტყვის უარს პროცესების ცენტრალიზებულად მართვაზე, რომ არა კარგად ორგანიზებული, კვალიფიციური და აქტიური მოთხოვნა ქვემოდან.

სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს შეძლებოდათ შეესრულებინათ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ პრობლემების კვალიფიციური ადვოკატირება, „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩაატარა ტრენინგები 62 მუნიციპალიტეტის 1200-მდე სოფლის ლიდერისთვის. ტრენინგების პროგრამა საზოგადოების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის გაცნობას, ინფორმაციის საჯაროობისა და მისი გამოთხოვნის წესის, პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენისა და მათზე კონცენტრირების უნარ-ჩვევების შეძენას ითვალისწინებდა.

სამოქალაქო მონაწილეობის აუცილებლობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეტი გახსნილობის აუცილებლობას შეეხო დისკუსია, რომელშიც ხელისუფლებას ოპონირებას არასამთავრობო სექტორი და მედია უწევდა.

„დღეს გამართული შეხვედრა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დიალოგის გზით წარმოაჩინონ პრობლემები და ერთად იმუშაონ მათი გადაჭრისათვის. ურთიერთობის ასეთი ფორმა უნდა შეფასდეს, როგორც კარგი მმართველობითი პრაქტიკა და ჩვენ ვეცდებით დიალოგის ეს ფორმა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს,“ – ამბობს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორი დავით მელუა.

tvitmmartveloba-1