

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
გამგებელმა ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, მუნიციპალიტეტში გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ანგარიშში არ არის ასახული პრობლემები. თვითკრიტიკა საჭირო და უაცილებელია,“ – აღნიშნა დეპუტატმა იური ლურსმანაშვილმა.
ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ გელაშვილის, აზრით, კარგი იქნებოდა, ანგარიშში საუბარი ყოფილიყო პრობლემებზეც და არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გაკეთდა. ის 2016 წელს ნადაბურში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა.
ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა იკითხა, გაგრძელდება თუ არა ბაზალეთი-ღარიხევის მიმართულებით გარე განათების ქსელი და სოფლების გაზიფიცირება. მანვე მოიკითხა შიდა აუდიტისგან ა(ა)იპ-ებში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება. ის ა(ა)იპ „ხალხური შემოქმედების სახლში“ ზოგი მომღერლისთვის დაფინანსების შემცირებისა და ადმინისტრაციის ხელფასების გაზრდის მიზეზით დაინტერესდა.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა გამგებელს ჰკითხა, პირადად გაეცნო თუ არა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ მოითხოვა სოციალურ პროგრამაში ცვლილება ონკოდაავადებულებისთვის თანადაფინანსების გასაზრდელად.
„ანგარიშში არ გამოვკვეთეთ პრობლემები. შევეცადეთ პოზიტივი წარმოგვედგინა. პრობლემებს ვხედავთ, ვმუშაობთ მათი გადაჭრის გზებზე და თანხების მოზიდვაზე, – აღნიშნა გამგებელმა, – ნადაბურში უახლოეს წლებში ცენტრალური გზა მობეტონდება. მოწესრიგდება ამბულატორიის ინფრასტრქტურა. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას მივაწოდეთ ინფორმაცია ბავშვთა კონტინგენტის შესახებ. თუ მიზანშეწონილად ჩათვლიან და თუ მოიძებნება თანხები, ნადაბურში საბავშვო ბაღი, შესაძლოა, 2017 წლამდე ამოქმედდეს.“
გამგებლის ინფორმაციით, შემოაქვთ ეკონომიური ე.წ „ლედნათურები,“ რაც მისივე თქმით, 5-6-ჯერ შეამცირებს ელენერგიის დანახარჯს. „წელს ვგეგმავთ ბაზალეთი-ღარიხევის, საქარიქედი-კიცხის, ზვარე-ნუნისის მიმართულებით, თეთრაწყაროში სკოლამდე და ეკლესიამდე გარე განათების მოწყობას,“ – აღნიშნა გამგებელმა.
სოფლების გაზიფიცირების თაობაზე გამგებელმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
„შიდა აუდიტის სამსახურისგან გამოვლენილი ზოგი შენიშვნა გამოსწორებულია, ზოგი – გადაცდომაა. შეიძლება ზოგი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი გავუშვათ, ზოგს მივუთითოთ და ა. შ. ა(ა)იპ „ხალხური შემოქმედების სახლის“ ხელძღვანელობას ვეტყვით, რომ ეფექტურად გამოიყენონ თანხები ფოლკლორის განვითარებისათვის და არა ცალკეულ პირთა კეთილდღეობისთვის,“ – აღნიშნა გამგებელმა.
კობა ლურსმანაშვილმა თორნიკე ავალიშვილს ასე უპასუხა: -პრობლემა, რომელსაც ხედავთ, ურთიერთშეჯერებული პოზიციებით გვითხარით. განა პროექტები თქვენი შვილებისთვის არ კეთდება?! ვიცი პრობლემები და რეაგირება ხდება. ზოგი რამ კი თქვენი მხრიდან გადაჭარბებულია.
ინგა მაღრაძე: -ბატონო კობა, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა. საკრებულოს სხდომაზეც იყო ამაზე საუბარი…
კობა ლურსმანაშვილი: -თქვენი განცხადება, რომ გამოვლენილია ხარვეზები, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. დავადგინეთ ხარვეზი ღია ესტრადაზე და შემსრულებელი გაასწორებს. ამ მიმართულებით, ერთადერთ შემთხვევაში ვიზიარებ თქვენს პოზიციას. დანარჩენი რა ხარვეზებზე საუბრობთ, არ ვიცი.
რაც შეეხება სოციალურ პროგრამაში ცვლილებას, ონკოდაავადებულებისთვის სამედიცინო გამოკვლევისა თუ ქიმიოთერაპიის თანადაფინანსებაზე, გამგებლის თქმით, იმსჯელებენ ამ საკითხზე. „არ ვიცით, რა ფინანსურ ტვირთთან იქნება დაკავშირებული ეს ცვლილება და შევძლებთ თუ არა,“ – აღნიშნა გამგებელმა.
გამგებლის ანგარიშს საკრებულო 7 მარტის სხდომაზე განიხილავს.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“