სკოლამდელ დაწესებულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ.“

კანონი ძირფესვიანად ცვლის ტერმინებს, სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის კომპეტენციებს, ზრდის განათლების სამინისტროს ჩართულობას სკოლამდელი აღზრდის სფეროში.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ 2020 წლისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია. შეიცვლება ძიძის სტატუსი და მას აღმზრდელი დაერქმევა, ხოლო აღმზრდელს – აღმზრდელ-პედაგოგი.

კანონპროექტის თანახმად, შერეულ ჯგუფში უნდა იყოს მხოლოდ 10 აღსაზრდელი.

საბავშვო ბაღში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო მშობლებისა და აღმზრდელ-პედაგოგების მონაწილეობით.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციამ (დირექტორი ირმა სებისკვერაძე) კანონპროექტი ხარაგაულის თოთხმეტივე საბავშვო ბაღის გამგესთან ერთად განიხილა.

ლეღვნის საბავშვო ბაღის გამგე თამარ ტაბატაძემ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ მისთვის ბუნდოვანია საკონსულტაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები. მისი თქმით, საბჭო ფორმალური იქნება. ქალბატონი თამარისთვის საეჭვოა, რამდენად კომპეტენტურები იქნებიან საბჭოს წევრი მშობლები საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამებისა და ფინანსური საკითხების განხილვისას.

თამარ ტაბატაძე ასევე დაინტერესდა, როგორ უნდა დაიძლიოს ავტორიზაციისთვის აუცილებელი პირობა, რომელიც შერეულ ჯგუფში ათ ბავშვზე მეტის ყოლის უფლებას არ იძლევა. „ბაღი ერთ ჯგუფზეა გათვლილი, მეორე ჯგუფის ფუნქციონირება ვერ მოხერხდება. მე არ მექნება ფართი ჯგუფის გასაყოფად,“ – ამბობს თამარ ტაბატაძე.

ირმა სებისკვერაძის თქმით, შეიცვლება დასაქმებულთა მიმართ მოთხოვნები. შესაძლოა, ავტორიზაციასთან დაკავშირებით, აღზრდელსა და აღმზრდელ-პედაგოგს მოეთხოვოს უმაღლესი განათლება. დღეს ძიძების პოზიციაზე ზოგს არ აქვს პროფესიული განათლება.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილი მიიჩნევს, რომ გამგეებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი უფლებები და დამოუკიდებლობა, რაც გაერთიანების პირობებში მათ შეეზღუდათ.

ფსიქოლოგმა თამარ ავალიშვილმა განმარტა, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განათლების სამინისტროს დაექვემდებარება. პროგრამები და მეთოდური სახელმძღვანელოები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ყველასთვის ერთნაირი. აღმზრდელებისთვის შემუშავდება ერთნაირი სტანდარტი.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ შეიმუშავა შენიშვნები, რომლებიც 18 თებერვალს სამტრედიაში კანონპროექტის საჯარო განხილვაზე მათ ავტორებს, პარლამენტის წევრებს – ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და ოთარ ჩრდილელს წარედგინება.

ნინო კაპანაძე

kanonproeqti_ganikhiles kanonproeqtis_gankhilva