ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით 872 000 ლარი მიიღო. შარშან 53 200 ლარის ინვენტარი შეიძინეს, 66 500 ლარი მშენებლობა-რემონტზე დაიხარჯა.

წელს, დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, გაერთიანებას გამოეყო 818 800 ლარი, – 2015 წელს ათვისებულ თანხასთან შედარებით 54 ათასი ლარით ნაკლები. 2016 წელს საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა-რემონტისთვის განსაზღვრულია 373 700 ლარი.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება თოთხმეტ საბავშვო ბაღს აერთიანებს. ხარაგაულის #1, #2, კიცხის, ვარძიის, ხიდარის, წყალაფორეთის, მოლითის, ლეღვანის, ვახანის, ზვარეს, ხევის, ხუნევის, ვერტყვიჭალისა და ბორითის საბავშვო ბაღებში სულ 550 აღსაზრდელია.

გაერთიანებაში 179 თანამშრომელია.

„ექთანი არ გვყავს წყალაფორეთის, კიცხის, მოლითის, ხუნევისა და ხევის საბავშვო ბაღებში. ვერტყვიჭალაში გასული წლის ბოლოს, მეორე ჯგუფის გახსნამდე, ექთანი ავიყვანეთ, – ამბობს გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, – ექთანი ამოწმებს კვების პროდუქტებს და ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას. ადევნებს თვალყურს მენიუს მომზადებს, იღებს სინჯებს და ინახავს მეორე დღის შუადღემდე. გაერთიანებაში ორი ლოგოპედია – ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში. გვესაჭიროება ფსიქოლოგები.“

2015 წელს გაერთიანების თანამშრომლების ხელფასი 20%-ით გაიზარდა. ერთსა და იმავე პოზიციებზე დასაქმებულთა ხელფასები ყველგან ერთნაირია.

ირმა სებისკვერაძის თქმით, მენიუში ცვლილებები გასული წლის სექტემბრიდან შეიტანეს. საუზმეზე ჩაისა და კარაქიან პურს დაემატა რძეზე მომზადებული ფაფები და მოხარშული კვერცხი. სადილად მზადდება ხან ხორცის, ხან ბოსტნეულის წვნიანი, ასევე კატლეტი, ხორცის ან ბოსტნეულის სალათა, თევზი. სადილად დაემატა ასევე კომპოტი ან ხილი, სამხარზე ფაფა ან ორცხობილა კაკაოთი ან კვერცხიანი პური (ყიყლიყო). 2016 წლიდან მენიუს დაემატება ყველი, ფუნთუშა და კანფეტი.

ორ წელზე მეტია, საუბრობენ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებაზე. გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ პროექტი გამზადებულია. „გაზიფიცირებისთვის უნდა შეიცვალოს სტანდარტები. სამზარეულო უნდა განცალკევდეს შენობისგან. „გაზიფიცირების შემთხვევაში გაიზრდება გათბობის ხარჯი. ზესტაფონში ერთი საბავშვო ბაღია გაზიფიცირებული და ყოველთვიური ხარჯი 10 ათასი ლარია. ჩვენ წელს 12 ათას ლარად შევიძინეთ 14 საბავშვო ბაღისთვის სამყოფი შეშა,“ – ამბობს ირმა სებისკვერაძე.

გასული წლის მაისში სურსათის უვნებლობის სააგენტომ ხარაგაულში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღი შეამოწმა. შენიშვნები და რეკომენდაციები კი გაერთიანების ადმინისტრაციას წარუდგინა.

მათი რეკომენდაციით, სანიტარული დასუფთავებისთვის შეიძინეს დეზოქლორის ორპროცენტიანი ხსნარი. შენიშვნები სველი წერტილების, სამზარეულოსა და სათავსო ოთახების კეთილმოწყობას ეხებოდა. სამზარეულოში აუცილებელია გამწოვები, მწერსაწინააღმდეგო ბადეები.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზოგიერთი პრობლემის მოსაწესრიგებლად 63 ათასი ლარი გამოიყო. სამზარეულოები მოწესრიგდა ხარაგაულის #1, #2 და მოლითის საბავშვო ბაღებში.

წყლის ანალიზი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში. სოფლების საბავშვო ბაღებში წყლის ფილტრები დააყენეს. ამის შემდეგ ისევ შემოწმდა წყლის ხარისხი და ყველგან დამაკმაყოფილებელია.

„სურსათის უვნებლობის სააგენტოს რამდენიმე მოთხოვნა ვერ შესრულდა, – გვიამბობს ირმა სებისკვერაძე, – ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში 4-5 წლიანთა ჯგუფის ოთახები და სველი წერტილები მოსაწესრიგებელია, შესაძენია სამზარეულოს ჭურჭელი და სხვ. წერილობით შევატყობინე სურსათის უვნებლობის სააგენტოს და ვითხოვე ვადის გადაწევა. ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. სააგენტო დაგვთანხმდა და წელს ყველა ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას.“

ირმა სებისკვერაძის თქმით, დიდი მოთხოვნაა ვახანში მეორე ჯგუფის დამატებაზე, მაგრამ იქ შენობის პრობლემაა. წელს ხევში დაემატება მეორე ჯგუფი. მეორე ჯგუფის გახსნას ითხოვენ კიცხში. საჭიროა ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში ბაგის ჯგუფის დამატება.

2016 წელს ახალი საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება დიდვაკეში, საღანძილეში, ღორეშასა და წიფაში.

წელსვე მოლითის ბაღში მოწესრიგდება ეზო და შეიცვლება სახურავი. ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის შენობის ფუნდამენტი გამაგრდება და შეიცვლება კარ-ფანჯრები.

რამდენად შეძლებს შემცირებული სუბსიდიის პირობებში სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი არსებული პრობლემების მოგვარებას და 2016 წელს გასახსნელი საბავშვო ბაღების დაფინანსებას, ირმა სებისკვერაძე გვპასუხობს:

„შარშანაც ასე იყო, – მოთხოვნები იზრდებოდა და შესაბამისად გვეძლეოდა თანხა. იმედია, რომ გვერდში დაგვიდგებიან. სკოლამდელი აღზრდა პრიორიტეტია და იმედია, ყველა დაყენებული საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრება. ისეთი მწვავე პრობლემა არ გვაქვს, რომ დავზარალდეთ, – ხელფასებში ან კვებაში თანხა არ გვეყოს. როცა ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნება, მერე თანხასაც მივიღებთ.“

ნინო კაპანაძე

sabavshvo_baghi-3 sabavshvo_baghi-4 sabavshvo_baghi-6 sabavshvo_baghi-7