მაჩეი კოვალსკი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიშკოვში 1993 წელს დაარსებული გაზეთის „ნოვი ვიშკოვიაკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამ გაზეთის დაფუძნებამდე, 1990 წელს, მაჩეკამ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ვიშკოვია,“ რომელსაც გამოსცემდა ბურგომისტრს დაქვემდებარებული კულტურის სახლი.
„1990-1993 წლებში კარგად ვთანამშრომლობდით ბურგომისტრთან და არ ვფიქრობდით ახალი გაზეთის შექმნაზე, – იხსნებს დღეს მაჩეი კოვალსკი, – 1993 წელს კი ავირჩიეთ ახალი ბურგომისტრი, რომელიც გვაკონტროლებდა და ღრმად იჭრებოდა ჩვენს საქმიანობაში. მხოლოდ ერთი წელი ვითანამშრომლეთ ახალ ბურგომისტრთან. თუმცა ეს არ იყო სასიკეთო და სასურველი ურთიერთობა. ამიტომ ახალი, დამოუკიდებელი გაზეთის დაფუძნება გადავწყვიტეთ. კულტურის სახლის დირექტორმა თავი დაანება კულტურის სახლში მუშაობას და ჩვენს გუნდს შემოუერთდა.“
„არავის უნდა ისეთი გაზეთის წაკითხვა, სადაც წერია, ბურგომისტრმა რა გახსნა, საიდან მოვიდა და სად წავიდა, – ამბობს პოლონეთის ქალაქ რადზიმინის ბურგომისტრი ზბიგნიევ პიოტროვსკი, –
ადგილობრივი დამოუკიდებელი გაზეთების არსებობის აზრი ისაა, რომ გამოაქვეყნონ კრიტიკული სტატიები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას გვაძლევს ჩვენი საქმიანობის „გარედან“ შეხედვისა და ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობას. ჩვენ რომ საკუთარი ნაკლის დანახვა არ გვდომებოდა, თავად გავაკეთებდით გაზეთს და „ყველაფერი იქნებოდა კარგად.“ ძალიან ვაფასებ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რადგან ჩვენს მუშაობას კრიტიკულად აფასებენ. თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ, გვიხარია, რომ ისინიც ხედავენ.“
რადზიმინის ბურგომისტრი დამოუკიდებელი მედიის სახით მოსახლეობიდან ინფორმაციის სანდოდ მიღებისა და მიწოდების შესაძლებლობას ხედავს და ხაზს უსვამს მოქალაქეებთან სანდო და პროფესიონალური მედიით დამყარებული კავშირის მნიშვნელობას.
პოლონეთის ქალაქ რადზიმინში ხუთი დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის. როგორც ბურგომისტრი ამბობს, თვითმმართველობა განცხადებების გამოქვეყნებლად მათ შორის ყველაზე მაღალტირაჟიან, გავრცელების ფართო არეალის მქონე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გაზეთს არჩევს, თანაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საყურადღებოა განცხადების განთავისების ღირებულება. ბურგომისტრი ამბობს: „ვალდებულნი ვართ, გავუფრთხილდეთ ფინანსებს.“
პოლონეთში 16 სავოევოდია, რომლებიც დაყოფილია პოვიატებად, პოვიატები კი – გმინებად (თემებად). რადზიმინის პოვიატის წლიური ბიუჯეტი 65 მილიონი ზლოტია. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები არ აღემატება 5 პროცენტს. ეს წესი ეხება არა მარტო მერიას, არამედ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას. ბურგომისტრის განცხადებით, ცდილობენ, რომ ერთმანეთს უახლოვდებოდეს საჯარო მოხელისა და ბურგომისტრის ხელფასი. ყველა მოხელე კონკურსით საქმდება. ყოველთვიურად განყოფილებების ხელმძღვანელები ადგენენ სიებს, თუ ვის ეკუთვნის პრემია. მერიას დავალებები ეზრდება, მაგრამ არ ზრდიან შტატების რაოდენობას. თვითმმართველობაში არ არსებობს დაფარული ინფორმაცია და მათ ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატურად აქვეყნებენ. ყველა სხდომა ჩაწერილია და განთავსებულია ინტერნეტში. მთავარ საფინანსო დოკუმენტს, – ბიუჯეტს, მოსახლეობას უთანხმებენ.
პოლონეთში 12 პროცენტია უმუშევრობა. რადზიმინი ეკონომიკური თვალსაზრისით უსაფრთხო ქალაქად ითვლება, რადგან იქ სამი ქარხანა ფუნქციონირებს – „კოკა-კოლას,“ კოსმეტიკისა და ტკბილეულის. რადზინის მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და ბევრი ახალი მოქალაქე იბადება. რადზიმინის თვითმმართველობა განსაკუთრებულად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მარტოხელა დედებსა და უმუშევრებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მოქალაქეები არ უნდა დაეჩვიონ სოციალური დახმარების მიღებას. ადამიანი უნდა გააქტიურდეს შრომის ბაზარზე და თავი საზოგადოებისთვის საჭირო პიროვნებად იგრძნოს. მხოლოდ სოციალური დახმარებით მოქალაქეები დარჩებიან იმავე დონეზე.
ქალაქი რადზიმინი პოლონეთში განსაკუთრებით იმითაა ცნობილი, რომ 1920 წლის 15 სექტემბერს პოლონურმა არმიამ სწორედ რადზიმინის ველზე შეაჩერა ბოლშევიკური ჯარი, რომელიც პოლონეთის აღებას ცდილობდა.
უკვე რამდენიმე წელია, ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრთან თანამშრომლობით მხარს უჭერს საქართველოს ადგილობრივ გაზეთებს და ზრუნავს საქართველოში ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის. ვიზიტი, რომელშიც თერთმეტ კოლეგასთან ერთად, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ გამომცემელი ლაურა გოგოლაძეც ვმონაწილეობდი, სწორედ ამ ასოციაციის პროექტის –„საქართველოს ადგილობრივი გაზეთების მომზადება მცირე განცხადებების მოძიების სისტემის ჩამოყალიბებისათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი თანადაფინანსებულია პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერის“ ბიუჯეტიდან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის „პოლონეთის დახმარება 2013 წ.“ ფარგლებში და ასევე ამერიკული ფონდის მიერ.
პოლონეთში ვიზიტის დროს გავეცანით პოლონელი კოლეგების გამოცდილებას ქალაქ ვიშკოვისა და ლეგიონოვოს პოვიატებში გამომავალი რეგიონული გაზეთების რედაქციებში. ქალაქ რადზიმინის ბურგომისტრმა ზბიგნიევ პიოტროვსკიმ გაგვაცნო თვითმმართველობების მედიებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ვიზიტის დროს დავათვალიერეთ ვარშავისა და რადზიმინის ღირშესანიშნაობები.
„1989 წლიდან, მას შემდეგ, რაც პოლონეთში კომუნისტური წყობა დაიშალა, დასავლეთ ევროპის ქვეყნები დიდ დახმარებას გვიწევდნენ იმისათვის, რომ პოლონეთში სამოქალაქო საზოგადოება შექმნილიყო, – ამბობს ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთის“ თავმჯდომარე ანნა ჰეიმანი, – ამიტომ ვგრძნობთ ვალდებულებას, რომ ახლა დავეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს. გვსურს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც ხდება და მოხდა პოლონეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც და მათ შორის, საქართველოშიც, განხორციელდეს.“
რატომ მაინცდამაინც საქართველო?
„ბევრგან ვგრძნობ თავს კარგად, – ამბობს „დემოკრატიული პოლონეთის“ წარმომადგენელი აგნიეშკა ნოვინსკა, – მაგრამ მხოლოდ საქართველოში ვიგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში.“
პოლონელებისგან ქართველებისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა პოლონეთში ჩვენს ვიზიტს ნათელ ზოლად გასდევდა.
ფოტოებზე: გაზეთის „ნოვი ვიშკოვიაკის“ დამფუძნებელია მაჩეი კოვალსკი და ასოციაცია „დემოკრატიული პოლონეთის“ წარმომადგენელი აგნიეშკა ნოვინსკა თარჯიმან მარინა ურბანოვიჩის დახმარებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ;
ქართველ ჟურნალისტთა დელეგაცია ქალაქ რადზიმინის ბურგომისტრ ზბიგნიევ პიოტროვსკისთან შეხვედრის შემდეგ.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“