გაზაფხულზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე მუსიკის მასწავლებელთა ტრენინგს გეგმავს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 14 საბავშვო ბაღიდან მუსიკის მასწავლებელი 12 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ემსახურება. მუსიკის მასწავლებელი არ ჰყავთ წყალაფორეთისა და ზვარეს საბავშვო ბაღებში.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციას შევუთანხმდით და ერთად ჩაუტარდებათ მუსიკის მასწავლებლებს სამდღიანი ტრენინგი, მასტერკლასის თანხლებით,“ – ამბობს ირმა სებისკვერაძე.

მისივე ინფორმაციით, შაბათ-კვირას სემინარები ტარდება ახალგახსნილი საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებთან დაკავშირებით. ამ პროცესს მეთოდისტი თამარ ავალიშვილი ხელმძღვანელობს.

ტრენინგები ტარდება ასევე ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების გამგეების, აღმზრდელების, ექთნებისა და მზარეულებისთვის. დაინერგა ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა. გაერთიანების ადმინისტრაციამ შეიძინა შესაბამისი სახელმძღვანელოები. ახლახან შეიძინეს სახელმძღვანელო ჰიგიენის საკითხებზე „კარიუსი და ბაქტერიუსი.“

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში სიახლეა – აღმზრდელი, რომელიც ბაგის ასაკში ჩაიბარებს ჯგუფს, ბოლომდე გაჰყვება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე ამბობს, რომ პატარას აღარ უჭირს ახალ სასწავლო წელს გარემოსთან შეგუება. აღმზრდელმაც იცის ყველა ბავშვის ხასიათი და შესაძლებლობები. აღმზრდელები წლების განმავლობაში ერთი და იგივე პროგრამას ამუშავებდნენ, ახლა ისინიც ვითარდებიან. 2016-2017 სასწავლო წლიდან ეს სიახლე ხარაგაულის #2 და ბორითის საბავშვო ბაღებში განხორციელდება.

ნინო კაპანაძე

 

sabavshvo_baghi-5 sabavshvo_baghi-1