
სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტში, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე, ცვლილებაა.
საქართველოს რკინიგზის მასშტაბური პროექტების ხელმძღვანელ გიორგი ზაზაშვილის ინფორმაციით, ზვარე-ქვიშხეთის უღელტეხილზე ერთლიანდაგიანი მონაკვეთი მნიშვნელოვნად ამცირებს რკინიგზის გამტარუნარიანობას. ამიტომ ზვარე-ქვიშხეთის მონაკვეთზე, მეცხრე გვირაბის პარალელურად, სამმეტრიანი გვირაბის მშენებლობა გადაწყდა.
ამ ცვლილებასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საჯარო განხილვა გაიმართა ხარაგაულში მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
გზშ საკონსულტაციო ფირმა „გამას“ წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, გეოლოგიური პროცესების შესწავლის შემდეგ დოკუმენტში ასახეს შემარბილებელი, მთის ფერდების გამაგრების, ღონისძიებები, რაც მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწება.
გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მეცხრე გვირაბის შესასვლელი პორტალის, სამშენებლო ბანაკიდან, სოფელ ზვარემდე დარჩენილი და სოფლიდან მერვე გვირაბის შესასვლელს შორის ტერიტორია. ეს ტერიტორიები გატყიანებულია, შესწავლილია ცხოველთა და მცენარეთა სამყარო. მცენარეთა სახეობებიდან ორი სახეობაა საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი. ძირითადად მეორადი ტყეებია, მაგრამ დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვის გამო მაინც მაღალი რისკია ცხოველთა სამყაროს შევიწროვების თვალსაზრისით.
რაც შეეხება დასახლებულ პუნქტებზე ზემოქმედების რისკებს, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, ხმაური, ნარჩენების მართვის საკითხები. დათვლილია ხმაურის გავრცელება, ატმოსფერული ჰაერის ემისიები და პრაქტიკულად პრობლემა არ იქნება. პრობლემაა ავტომობილების მოძრაობა, რაზეც გათვალისწინებულია შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.
მშენებლობის ზონაში ხვდება მოსახლეობის კუთვნილი ნაკვეთები და სახლები. როცა პროექტის მარშრუტები საბოლოოდ დადგინდება, დაიწყება განსახლების საკითხებზე მუშაობა.
ხმაურის გავრცელება სარისკოა ზვარესა და ანეულას ტერიტორიაზე მატარებლების მოძრაობისას. გთვალისწინებულია ხმაურდამცავი ღონისძიებები, ტერიტორიის გამწვანება სახეობებისა და სიხშირის მიხედვით. შეიძლება საჭირო გახდეს ხმაურდამცავი ეკრანების მოწყობაც.
საინჟინრო გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კველევების მიხედვით, ზვარეს მინერალურ წყალზე ნეგატიური ზემოქმედება გამორიცხულია. დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ქანების გადაადგილებას და უწყვეტ რეჟიმში გადასცემს ინფორმაციას. მშენებლობა ზვარეს მინერალური წყლის ოცდამეათე მოქმედი ჭაბურღილიდან 15 მეტრითაა დაშორებული.
გვირაბის მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანია ნარჩენების პრობლემა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 სანაყაროა. იგეგმება სოფელ ნუნისის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე პირნათლის ხევში ნარჩენების განთავსება. შემუშავებეულია ნარჩენების მართვის გეგმა. ნარჩენების მართვის კოდექსი მკაცრ მოთხოვნებს აწესებს.
იმისთვის, რომ ცვლილებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცეს, საქართველოს რკინიგზას მოუწევს გარემოს დაცვის სამინისტროს 24 შენიშვნის გათვალისწინება.
შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობა დაინტერესდა როგორც ეკოლოგიასთან დაკავშირებული, ისე განსახლების საკითხებით.
გიორგი ზაზაშვილი ამბობს, რომ განსახლების საკითხზე ჯერჯერობით დეტალურად ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, გადაწყვეტილია, რომ, წინა პროექტისგან განსხვავებით, ზვარეს სკოლა რკინიგზის მშენებლობის ზოლში არ ხვდება. მომავალი კვირიდან „საქართველოს რკინიგზა“ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხზე იმუშავებს.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტის განხორციელების მუდმივი მონიტორინგი და კომუნიკაცია ადილობრივ მოსახლეობასთან, რათა თავიდან ავიცილოთ გასულ წელებში მშენებელი ორგანიზაციის თვითნებური ქმედებები.
ნინო კაპანაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ