მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილი 120 მილიონი ლარი ღირებულების პროექტი მოიწონა 15 იანვარს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ სხდომაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა, ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის თანადაფინანსების წესიც. მუნიციპალიტეტმა თანადაფინანსების სახით, პროექტის მთლიანი ღირებულების 5% უნდა გაიღოს. რგფ-დან გამოყოფილი თანხები წელს ძირითადად გზების, წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე გადანაწილდა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 წელს, წინასწარი ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რვა პროექტი დაფინანსდება.

იგეგმება უბისა-ღორეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უბისის საავტომობილო ხიდიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე. ამ პროექტზე გათვალისწინებულია 1 199 767 ლარი; მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 59 998 ლარს.

ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 139 251 ლარი; ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს ამ თანხის 5%-ს ანუ 7 ათას ლარს.

ხევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა 88 710 ლარი; მუნიციპალიტეტი გაიღებს 4 440 ლარს.

ღორეშის, წიფისა და მოლითის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე 165 438 ლარია მოთხოვნილი. 8 300 ლარის სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს.

იგეგმება გედსამანიის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

გზის დამცავი კედლების მოსაწყობად დაბა ხარაგაულში, ჩხერსა და ლეღვანში განსაზღვრულია 108 727 ლარი.

ბაზალეთის გზის რეაბილიტაციას ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ღარიხევის გადასახვევამდე უნდა მოხმარდეს 287 811 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება 14 400 ლარს შეადგენს.