მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის ერთ-ერთი კომპონენტის – თვითშეფასების კითხვარის შევსების ვადა 15 იანვარს იწურება.

საღანძილის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნაილი კამკამიძე ამბობს, რომ თვითშეფასების კითხვარი რთული იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ მასწავლებელმა ვერ დაძლიოს. მისივე თქმით, სკოლის ყველა მასწავლებელი ჩართული იყო ამ პროცესში.

ვარძიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ხარაზიშვილი გვიამბობს, რომ თავიდან კითხვარის გაცნობისას, შევსებისას ცოტა შეშინდა. „რაც დავწრე, მე მგონი, იმას შევასრულებ კიდეც. არაფერია დაუძლეველი. საკუთარ თავზე მუშაობა და სიახლების გაზიარება აუცილებელია,“ – ამბობს ლალი მასწავლებელი.

ლაშის საჯარო სკოლის მასწავლებელი ეთერი ლომსაძე მიიჩნევს, რომ თვითშეფასების კითხვარში მასწავლებელმა უნდა გამოკვეთოს პრობლემები, რომლებსაც შემდეგ სამოქმედო გეგმაში ასახავს. „ვიმუშავეთ კითხვარზე და სამოქმედო გეგმაც შევიმუშავეთ. ველოდებით შესაბამის დროს ასატვირთად. ზოგ მასწავლებელს კომპიუტერთან მუშაობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ერთმანეთთან თანამშრომლობით დავძლიეთ ყველაფერი, – სამუშაო შეხვედრებზე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ თვითშეფასების კითხვარი. ფაქტობრივად, ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გავეცით, სანამ ზამთრის არდადეგებზე წავიდოდით. მთავარია, კითხვარის შევსებისას მასწავლებელი გულწრფელი იყოს.“

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის, პედაგოგ თინათინ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, თუ მასწავლებლებს კითხვარის შევსებისას რაიმე პრობლემები ექმნებათ, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ რესურსცენტრს. „გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის გამო კრედიტები მოაკლდებათ, არასწორია, – ამბობს თინათინ ბოჭორიშვილი, – თვითშეფასების კითხვარი ივსება იმისთვის, რომ მასწავლებელმა თავისი საჭიროებები უკეთ დაინახოს და განვითარდეს. მასწავლებლის შეფასების იარაღად ამ კითხვარს არავინ გამოიყენებს. მასწავლებლებს ვთხოვ, მაქსიმალურად რეალისტურად შეაფასონ საკუთარი საქმიანობა. ამას მოჰყვება სამოქმედო გეგმა, რომელიც თვითშეფასების კითხვარზე იქნება დაფუძნებული.“

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ხარაგაულელი მასწავლებლები თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებულ ტრენიგზე