ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულში #3 საჯარო სკოლაში გაიმართება. სკოლის დირექტორის მოადგილის, ნანა კვინიკაძის თქმით, სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შეუფერხებლად ჩატარებისათვის.

„ოლიმპიადის მონაწილეებს სკოლაში დავახვედრებთ სითბოსა და მერხებს. ვეცდები, ყველანაირად ხელი შევუწყო. ხელისშემშლელი, მე მგონი, არაფერი იქნება,“ – ამბობს ნანა კვინიკაძე.

2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს მათემატიკის სესიით დაიწყება.

9 იანვარსვე ჩატარდება გამოცდა რუსულ ენაში.
10 იანვარს I სესია – ფიზიკაში, II სესია – ისტორიაში გაიმართება;
11 იანვარს I სესია – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, II სესია – ინგლისურ ენაში;
12 იანვარს I სესია – ბიოლოგიაში, II სესია – გეოგრაფიაში;
13 იანვარს I სესია – ქიმიაში, II სესია – გერმანულ და ფრანგულ ენებში ჩატარდება.

პირველ სესიაზე რეგისტრაცია იწარმოებს დილის 9:00 საათიდან, ხოლო გამოცდა 10:00 საათზე დაიწყება.

მეორე სესიაზე რეგისტრაცია იწყება 14:00 საათზე, ხოლო გამოცდა – 15:00 საათზე.

ტესტირებისათვის გამოყოფილია შემდეგი დრო: მათემატიკა – 4 საათი; ქართული ენა და ლიტერატურა – 3 საათი; ისტორია – 1 საათი და 30 წუთი; გეოგრაფია -1 საათი და 30 წუთი; ფიზიკა – 4 საათი; ქიმია – 3 საათი და 30 წუთი; ბიოლოგია – 2 საათი; უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) -1 საათი და 30 წუთი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე ტურში ქართულ ენასა და ისტორიაში ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 40, უცხო ენებში – 60, გეოგრაფიაში – 45, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში კი 25-25 ქულა.