ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 იანვრის სხდომაზე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დაინტერესებულია, თუ რომელ სოფლებს მიენიჭა მაღალმთიანის სტატუსი.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს – ნუნისს, პატარა სახვლარს, გოლისს, გოლათუბანს, გუდათუბანსა და ფონას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

დეპუტატ ბესიკ ფოცხვერაშვილის ინფორმაციით, გოლათუბანი და ბეჟათუბანი ერთმანეთსაა მიბმული. ამიტომ, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბეჟათუბანსაც მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი.

დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის საინფორმაციო ბიულეტენში – „ნოდარ ებანოიძე – ჩემი დეპუტატი“, რომელიც დამოუკიდებელი გაზეთის „ჩემი ხარაგაული“ საშუალებით ვრცელდება, მაღალმთიანის სტატუსის მქონე სხვა სოფლებიცაა დასახელებული.

მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ბიუროს თანამშრომელთა განმარტებით, საინფორმაციო ბიულეტენში გაიპარა ტექნიკური უზუსტობა.

ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, ხომ არ მიმდინარეობს მუშაობა, სხვა სოფლებისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის ინფორმაციით, 2016 წლის 1 აპრილამდეა ვადა, რომ მუნიციპალიტეტმა მთავრობას წარუდგინონ დასაბუთებული არგუმენტები, თუ კიდევ რომელ სოფელს შეიძლება მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.

ნინო კაპანაძე