

იანვრის შუა რიცხვებისთვის ელოდნენ.
ბედობას, 2 იანვარს, მოევლინა გიორგი ამ ქვეყანას.
ბაბუა მეორე დღისთვის მეგობრებს ელოდა საკუთარ დაბადების დღეზე.
ბაბუას მეგობრებისთვის გამზადებული გოჭით გიორგის ამქვეყნად მობრძანება აღნიშნეს მამიკოს მეგობრებმა.
„გოჭი წამართვაო,“ – ხშირად ხუმრობდა ბაბუა.
დღეს, 3 იანვარს, გივი გოგოლაძის დაბადების დღეა. 82 წლისა გახდებოდა…
პროფესიით პედაგოგი, სპეციალობით ფიზიკოსი, მოწოდებითა და მთელი არსებით ლიტერატორი, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას.
გთავაზობთ გივი გოგოლაძის რამდენიმე ლექსს მისივე კრებულიდან „კეთილ გულით მოძღვნილია“
გიორგის
ქვამარილივით მოგაწვდი
ლექსის ბორჯღალა სტრიქონს,
ბიჭი გამოდი მგლისმუხლა,
ძირს ბეჭით არვინ გდრიკოს.
ენასთან ახლა ბრუსკნაობ,
უკვე ამოთქვი „ბაბუ“…
კარგს ეზიარე ყველაფერს,
ცუდს კი – უკმეხი ტაბუ!
მე ვიცი, რასაც ღუღუნებ,
მე ვიცი, რასაც ფიქრობ,
რომ გაიზრდები, საავდრო
ღრუბელს გაუქრობ ციკლოპს.
რის გაკეთებაც გინდოდეს,
აკეთე იმავ დღესვე,
ნუ ჩამორჩები ნურასდროს
ნურც ერთ სიკეთის მთესველს.
სიმართლის ბილიკს გაჰყევი,
ჯილაგის ნაწალდს ენთე.
მამულისათვის სანთელად
და საკმეველად ენთე.
შენი გზისა და ბილიკის
სულაც არა მაქვს შიში,
არას იქმ შეუფერებელს
შენი ამაყი ჯიშის.
ბიჭი გამოდი მგლისმუხლა,
ძირს ბეჭით არვინ გდრიკოს.
ქვამარილივით სალოკად
გიტოვებ ამ ორ სტრიქონს.
მე და ცოლიკაური
მოყოლებული მარტიდან,
ასე, ოქტომბრის ოცამდე,
ვებუტბუტებით ერთმანეთს
გამარჯობიდან ლოცვამდე.
სხვას რას აქვს
მეტამორფოზის
დიაპაზონი იმხელა,
ტირილით იწყებს სიცოცხლეს
და დამთავრდება სიმღერად.
როს ჩაიღვრება ჩაფიდან
ქვევრებში მისი ჩანჩქერი,
გავიმართები წელში და
ჭიშკარს ამაყად გავცქერი!
დროს ვინ ამოსდებს ავშარას
თითქოს ჯერ კიდევ გუშინწინ
ბუდეს ვუჩხრეკდი ღაბუას,
დღეს ჩემი ბარტყის ბარტყები
უკვე მიხმობენ ბაბუას.
დროს ვინ ამოსდებს ავშარას,
ან ვინ მოუწყობს სამართავს,…
საიდან მოდის, სად მიდის?
დიდება ღმერთის სამართალს!
გული
ყველა ვაშას და
ვიშის მეგზური,
ხან აბეზარი
ავადმყოფივით…
ზოგჯერ იფრქვევა,
როგორც ვეზუვი,
ზოგჯერ მღვიმეა
ანაკოფიის.
იტანს სიხარულს,
ელდას და სევდას,
მე რომ ბოლომდე
ღამე მითიოს
და სიკეთეზე
ყველა ფიქრი და
ყველა სიმღერა
რომ დაიტიოს.
ფოტოზე: გივი გოგოლაძე შვილიშვილებთან ერთად
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“