
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება“ დაიწყო. პირველ ეტაპზე სოფლებში მოსახლეობის კრებები ტარდება.
20 მარტს კრება გაიმართა ბაზალეთში, ღარიხევში, ვერტყვიჭალაში, ბჟინევში, ვერტყვილაში; 21 მარტს – ქროლში, წიფში, ხუნევში, გედსამანიაში; 22 მარტს – დ. ხარაგაულში, უჩამეთში, ღვერკში, ხემაღალში;
23 მარტს – ლაშეში, ლაშის იგორეთში; 26 მარტს – კიცხში, ბორში, ლეღვანში, დიდვაკეში, ფარცხნალში, ახალსოფელში, წყალაფორეთში, ხონში; 27 მარტს – მაქათუბანში, უბისაში, ვახანში, საქარიქედში, კიცხის იგორეთში, თეთრაწყაროში, მარელისში, პატარა სახვლარში, დეისში, ბეჟათუბანში, ნებოძირში, ანიულაში, სარგვეშში, საღანძილეში, ზარანში, სხლითში, ვანში, ისლარში, ღუდუმექეთში, ლახუნდარაში, პატარა ვარძიაში, ჩალხაეთში, ხევში, წაქვაში; 28 მარტს – გრიგალათში, ციცქიურში, ჩხერში, ჯაფარეულში, მიროწმინდაში, საბეში, გოლისში, ნადაბურში, მოლითში, სერბაისში, ამაშუკეთში, კვესრევში, ბორითში.
ბაზალეთზე გამოყოფილია 9 531 ლარი. მოსახლეობამ მოითხოვა, რომ დევდარიანების უბანში შეკეთდეს გზა და უბანმა შეიძინოს წყლის მილები, ჭიპაშვილების უბანში სასაფლაოზე მოსაწყობია გადახურული შენობა და საუბნო გზა, ჭუმბურიძეებისა და გლუნჩაძეების უბანში შესაკეთებელია საუბნო გზა, თაბაგრების უბანში გასაყვანია ახალი გზა, ნანიტაშვილების უბანში ითხოვენ ნაგავსაყრელის მოწყობას ან ამ მიზნით ტერიტორიის შემოღობვას. ქროლში წელს პროგრამის ფარგლებში 4 982 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობამ კრებაზე მოითხოვა სასოფლო ავტობუსის გარემონტება ან ავტობუსისთვის ნაწილების შეძენა. ამავე სოფელში ჩუბინიძეების უბანში წყლის მილებია შესაძენი და შესაკეთებელია გზა. ღარიხევისთვის გამოყოფილია 5 964 ლარი. ამ თანხით მოსახლეობა გეგმავს სასაფლაოს შემოღობვას, გზის გაკეთებას, ჭილოფის უბანში გზის შეკეთებას, ბრუისში წყლის მილების შეძენას და გზის შეკეთებას. წიფის მოსახლეობა 4 992 ლარს წყლის ავზის შესაძენად გამოიყენებს. ოთხივე სოფლის საერთო თანხიდან ღარიხევის კლუბში კეთილმოწყობა ერთი ოთახი ბიბლიოთეკისთვის და ასევე შეკეთდება მდინარე ჩხერიმელაზე საცალფეხო ბოგირი.
ფარცხნალზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული 13 200 ლარით მოსახლეობა გეგმავს ცენტრალური და საუბნო გზების შეკეთებას, წყაროს კეთილმოწყობას და გარე განათების გაკეთებას, წისქვილის მოწყობას. ახალსოფელში 7 631 ლარით მოსახლეობა ფიქრობს გზის შეკეთებას ფარცხნალისა და ოკიშურის მხრიდან, შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას, სასაფლაოს შემოღობვას. ახალსოფლელებს სურთ, თუ თანხა ეყოთ, შემოღობონ ხიდრის საზღვარზე არსებული ყანები, რისთვისაც 5 000 მეტრი მავთულია საჭირო. ისლარში 7 630 ლარი საუბნო გზების, სასაფლაოს შემოღობის, ღამის განათებისა და წისქვილის მოწყობის, ასევე წყაროს კეთილმოწყობისთვის გაიხარჯება. ღუდუმექეთში 4 667 ლარით ცენტრალური და საუბნო გზები შეკეთდება.

ლეღვანში 19 993 ლარით მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ დაიხრეშოს ცენტრალური გზა სკოლისა და ქვიანთის უბნის ჩათვლით. სამ უბანში შეიძენენ წყლის მილებს და წყლის ათტონიან რეზერვუარს. დიდვაკისთვის გათვალისწინებულია 6 203 ლარი საცალფეხო ბოგირისა და წყაროს კეთილმოსაწყობად. მარელისში შეკეთდება საუბნო გზები და კლუბი სარიტუალო დარბაზად გადაკეთდება. მოსახლეობამ მოითხოვა 1 000 მეტრი წყლის მილის შეძენა. ამ სოფლისთვის განსაზღვრულია 15 175 ლარი. პატარა სახვლარის მოსახლეობა 2, 5 კმ-ზე ითხოვს ელექტროენერგიის გაყვანას. სოფელი პროგრამის ფარგლებში 2 138 ლარით დაფინანსდება.
მოსახლეობის კრება ჩატარდა ლაშის ტერიტორიული ორგანოს სოფლებში. იგორეთში – 5 246 ლარით შეკეთდება გზა მანჯავიძეების უბანში. ლაშეზე გამოყოფილია13 626 ლარი. მოსახლეობას სურს ბუნებრივი აირის გაყვანა, რამდენზეც შეძლებენ და გზის შეკეთება ზედა ლაშეში. ღვერკში 7 631 ლარით მოსახლეობამ გადაწყვიტა „დრაბილკა“ წისქვილის და გზების გაკეთება, ხემაღალში 6 001 ლარით – გაზის შეყვანა, უჩამეთი 6 291 ლარით – „დრაბილკა“ წისქვილის გაკეთება, ბუნებრივი აირის შეყვანა სოფლის იმ ნაწილში, რომელიც ლაშეს ესაზღვრება.
უბისაში წელს 13 073 ლარი, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სარიტუალო სახლის დასრულებას მოხმარდება. მაქათუბანში 2 840 ლარი დაიხარჯება ჩხერეთუბნის ეკლესიამდე მისასვლელი გზის კეთილმოსაწყობად, დანარჩენი 11 000 ლართ დაიწყება სარიტუალო სახლის მოწყობა.
ანიულაში 5 359 ლარით მოსახლეობამ წისქვილის გაკეთება, პატარა სალოცავის აგება და სასაფლაოს შემოღობვა გადაწყვიტა. დეისში გაღმა უბანში შეკეთდება გზა; ეკლესიის უბანში მოეწყობა წისქვილი, მოსახლეობას სურს მიცვალებულის საყინულეს შეძენა. ამ სოფელში პროგრამის ფარგლებში 7 895 ლარი დაიხარჯება. ბეჟათუბანში სარკინიგზო ბაქნიდან სოფლამდე მისასვლელი გზა უნდა გაკეთდეს. თუ თანხა დარჩება, კეთილმოაწყობენ ცენტრალურ გზას. სოფლისთვის გათვალისწინებულია 4 705 ლარი. ნებოძირის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მთლიანად შეკეთდება წყლის 9 კილომეტრიანი მაგისტრალი. ამავე სოფლის მაცხოვრებლებს სურთ მინისტადიონის მოწყობა. ნებოძირისთვის განსაზღვრულია 9 632 ლარი.
ხევში პროგრამით გამოყოფილი 8 323 ლარით მოსახლეობა სარიტუალო შენობას მოაწყობს, წაქვაში კი ამავე პროექტის განსახორციელებლად 9 800 ლარი დიხარჯება.
სარგვეშის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ 9 833 ლარით შეიძინოს „დტ 75“ ტიპის გუთნიანი და დანიანი ტრაქტორი. ხორითში 3 ათასი ლარით ცენტრალური გზა შეკეთდება, 2 ათასი ლარით – გრძელიძეების საუბნო გზა, 737 ლარით შეიძენენ სასმელი წყლის მილებს.
ვახანში მოსახლეობას სურს 15 552 ლარი კოვშიანი ტრაქტორის შეძენას მოახმაროს. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზვიად არევაძე ამბობს, რომ ზედუბანისა და სერბაისის მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მოიწვევენ საერთო კრებას, რათა სამივე სოფლის თანხით ერთი პროექტი განხორციელდეს.
კიცხის ტერიტორიული ორგანოების სოფლებში – კიცხში (26 000 ლარი), ბორში (10 200 ლარი), საქარიქედში (13 400 ლარი), კიცხის იგორეთსა (5 300 ლარი) და თეთრაწყაროში (14 400 ლარი) მოსახლეობას გზის შეკეთებისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება სურს.
ვერტყვიჭალაში დასრულდება სასოფლო კლუბი, შეიძენენ წყლის რეზერვუარს ციცქიშვილების უბანში, გოგოლაძეების უბანში შეაკეთებენ გზას, სახვაძეების უბანში შეიძენენ წყლის მილებს. ამ სოფლისთვის გამოყოფილია 13 200 ლარი. ბჟინევში 5 031 ლარით მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა გზებზე და მოიხრეშება გზა. ვერტყვილაში დასასრულებელია სარიტუალო დარბაზი და შესაღობია ფეხბურთის მოედანი. ამ სამუშაოებზე პროგრამით 13 415 ლარია გათვალისწინებული. გედსამანიაშიც 14 ათასი ლარით უნდა გაგრძელდეს სარიტუალო დარბაზის მშენებლობა. ხუნევში მოსახლეობამ გადაწყვიტა სარიტუალო დარბაზის მოწესრიგება, გზების მოხრეშვა და სასაფლაოზე წყლის მიყვანა. ამ სოფლისთვის განსაზღვრულია 16 700 ლარი.
საღანძილის ტერიტორიული ორგანოს სოფელ საღანძილესთვის გამოყოფილია 9 695 ლარი, ზარანისთვის – 6 127 ლარი, სხლითისთვის – 5 397 ლარი, ვანისთვის – 6 404 ლარი. ამ სოფლების მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ მოწესრიგდეს წყალმომარაგების სისტემები და გზები, შემოიღობოს სასაფლაოები.
დაბა ხარაგაული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 26 350 ლარით დაფინანსდება. მოსახლეობა ითხოვს, რომ მოწესრიგდეს ელისო ჭიპაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგება, დასრულდეს სანიაღვრე არხების მშენებლობა, საუბნო გზების რეაბილიტაცია და მოეწყოს რამდენიმე ჩიხში გარე განათება.
26 მარტს სოფლის მოსახლეობის კრება წყალაფორეთის ტერიტორიული ორგანოს სოფლებში – ხონსა და წყალაფორეთში ჩატარდა. ხონის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ სოფელში 5 599 ლარით დაიხრეშოს გზა. „გზაზე ურმის გავლაც შეუძლებელია. ერთხელ და სამუდამოდ გავაკეთოთ ისეთი სანიაღვრე არხი, რომ გზა პირველივე გაწვიმებისთანავე არ გაფუჭდეს,“ – აღნიშნეს შეხვედრაზე ხონის მაცხოვრებლებმა. მათივე თქმით, ხრეშის კარიერი ახლოსაა და თუ გაიხსნება, უფრო იაფი დაჯდება გზის დახრეშვა. მოსახლეობის კრებაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მიხეილ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადდება ტენდერი, თუმცა მოსახლეობის ჩართულობა და მონიტორინგი სამუშაოს ხარისხზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, თანადაფინანსება შეიძლება ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც.
წყალაფორეთი წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 9 443 ლარს მიიღებს. მოსახლეობამ კრებაზე ორი პრიორიტეტი დაასახელა: ცენტრალური გზის შეკეთება და თავშეყრის ადგილის – კლუბის მოწყობა. სოფლის მცხოვრებმა მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ გზის პრობლემა გრეიდერის გატარებითაც მოგვარდება. „სოფელში სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ახალგაზრდაა დარჩენილი. მათ სჭირდებათ თავშეყრის ადგილი, სადაც განთავსდება ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, კლუბი. ასე ნაფრონტალი სოფელი, სადაც არაფერი გაკეთებულა წლების მანძილზე, არსად მეგულება,“ – თქვა მალხაზ ფხალაძემ. მისივე თქმით, თუკი სოფლის ცენტრში არსებული, დანგრევის პირას მყოფი ორი შენობა სოფელს გადმოეცემა, შეიძლება მათგან ერთის კეთილმოწყობა. რაც შეეხება ფინანსებს, მალხაზ ფხალაძე ვარაუდობს, რომ თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაემატება თანხა, ასევე ჩალხაეთის, პატარა ვარძიის და ლახუნდარას მაცხოვრებლები თუ ცოტაოდენ თანხას დათმობენ წყალაფორეთის სასარგებლოდ, შენობა შეიძლება სახურავამდე მივიდეს.
წყალაფორეთში მცხოვრები მუხრან დვალის თქმით, ახალგაზრდები გზაში თავშეყრის გამო რამდენჯერმე პოლიციამ ტყუილუბრალოდ დააკავა. „გამოდის, – რომ შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ, ამის უფლება არ გვაქვს. თავშეყრის ადგილი გვჭირდება,“ – ამბობს მუხრანი.
სოფლის მცხოვრები გიორგი კუდარავა უპირატესობას სოფელში თავშეყრის ადგილის მოწყობას ანიჭებს, სადაც ინტერნეტის გარდა შეიძლება სწრაფი გადახდის აპარატები დაიდგას. ბატონი გიორგი ამბობს, რომ თუ გზა ისე გაკეთდა, როგორც გასულ წლებში, მაშინ მასზე ფულის ხარჯვას აზრი არ აქვს. ამ მოსაზრებას მოსახლეობის უმრავლესობა დაეთანხმა, რადგან წინასაარჩევნოდ „გაკეთებული“ გზა პირველივე წვიმის შემდეგ წყალმა წაიღო.
მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობას გზის შეკეთებას ამჯობინებს სოფლის დეპუტატი ვლადიმერ გვრიტაძე. ის კლუბის ერთ წელიწადში გაკეთებას წარმოუდგენლად მიიჩნევს და ეჭვობს, დათანხმდებიან თუ არა ტერიტორიული ორგანოს სხვა სოფლები თანხების გაღებას წყალაფორეთის კლუბის სასარგებლოდ. „გზაზე ავტობუსის გავლა უკვე შეუძლებელია. გზა უფრო მნიშვნელოვანია,“ – ამბობს საკრებულოს წევრი.
საბოლოოდ, შეკრებილმა მოქალაქეებმა კენჭი უყარეს პრიორიტეტის გამოვლენას. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით წყალაფორეთში გაკეთდება გზა სანიაღვრე არხებით.
წყალაფორეთის ტერიტორიული ორგანოს სოფელ პატარა ვარძიაში 5 358 ლარი დაიხარჯება გზის შესაკეთებლად. სოფელ ლახუნდარაზე გამოყოფილია 16 446 ლარი. ამ თანხით ხუთ უბანში შეკეთდება გზა, შეიძენენ წყლის რეზერვუარს და 500 მ წყლის მილს. ჩალხაეთში 2 088 ლარი დაიხარჯება გზის გასაწმენდად და 300 მ წყლის მილის შესაძენად.
დღეს, 29 მარტს, მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ პრიორიტეტებს გამოავლენს საქასრიაში, ერეთაში, ვაშლევში, ზედუბანში, ჭარტალში, ქვებში, ბაბში, ღორეშაში.
30 მარტს, 11 საათზე, მოსახლეობის კრება დაგეგმილია გუდათუბანში, 15 საათზე – გოლათუბანში; 31 მარტს – ფონაში 11 სთ., წიფაში – 15 სთ; 3 აპრილს – ჩრდილში 12 სთ., ვარძიასა და ზვარეში 15 სთ., ნუნისში 17 სთ; 4 აპრილს – ხიდარში 12 სთ.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან