„ჩუმათელეთი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დასრულებულია მიზანშეწონილობის კვლევა, რომელსაც აწარმოებდნენ საერთაშორისო დონორი საფინანსო ინსტიტუტები. ამ კვლევებში გარკვეული დაზუსტებებია გასაკეთებელი, მათ შორის ტრაფიკის დაშვების კუთხით. უახლოეს პერიოდში გაიმართება სამუშაო შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ვფიქრობთ, რომ ხარაგაულის გზა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას, როგორც ალტერნატიული გზა, რათა ფასიანი გზა ავაშენოთ ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე. გამოვაცხადებთ კონკურსს და უახლოეს მომავალში დავასრულებთ ამ პროექტს,“ – უპასუხა ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დღეს, 29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნოდარ ებანოიძემ პარლამენტში შეკითხვები დასვა ჩუმათელეთი-ხარაგაულის საავტომობილო გზის პროექტის მიმდინარეობისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით.

„გაზიფიცირების პროექტი 2015 წელს, ხარაგაულთან მიმართებაში, ჩავარდა, – აღნიშნა შეკითხვის დასმისას ნოდარ ებანოიძემ, – მხოლოდ ოთხი სოფლის გაზიფიცირების პროექტი შედგა, რასაც გაგრძელება არ მოჰყვა. ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გუშინდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მომავალ წელს მეტი მოლოდინი უნდა გვქონდეს. ხარაგაულში გაზიფიცირების პროცესის გაგრძელება არის გადაუდებლად აუცილებელი. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი ამ მიმართულებით წარმატებული იქნება.“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს უპასუხა: „ენერგეტიკის სამინისტრო მზადაა, რომ თქვენთან ერთად განიხილოს ეს საკითხი.“