დღეს, 28 დეკემბერს, ხარაგაულში გამართულ საახალწლო კონცერტზე „საპატიო ხარაგაულელები“ დასახელდნენ.

2015 წელს წელს „საპატიო ხარაგაულელის“ ტიტული მიენიჭათ:
ვახტანგ აბაშიძეს, – ქართული სამეცნიერო ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელს, გეოფიზიკოსს;
ლაშა თაბუკაშვილს – დრამატურგს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დრამატურგთა ასეულშია დასახელებული;
რეზო ამაშუკელს, – გამოჩენილ ქართველ პოეტს, ღირსების ორდენის კავალერს;
ენდი ბუაჩიძეს, – ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო სპეციალისტს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი თაობის აღზრდელს;
ვანიკო მაჭავარიანს, – „შვიდკაცას“ წევრს, ქალაქური სიმღერის უბადლო შემსრულებელს (გარდაცვალების შემდეგ).

ვახტანგ აბაშიძე: -ყოველთვის მჯეროდა, რომ ხარაგაული იყო საქართველოს გული. მას შემდეგ, რაც 1947 წელს ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა დავამთავრე, თავდაუზოგავად ვშრომობ. დღესაც მზად ვარ, დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, ვემსახურო საქართველოს.

ლაშა თაბუკაშვილი: -რამდენიმე დღის წინ ვიყავი ხარაგაულის სახალხო თეატრის არაჩვეულებრივ, შესანიშნავ სპექტაკლზე „დარისპანის გასაჭირი“ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ხარაგაულელთა ნიჭიერებაში. დღევანდელი დღე დასტურია იმისა, თუ როგორი გამორჩეულია ეს უსაყვარლესი კუთხე. დარწმუნებული ვარ, ახლა ხარობენ ჩვენი წინაპრების სულები.

ენდი ბუაჩიძე: -ჩემთვის დიდი პატივია, ასეთ გამოჩენილ ადამიანებთან ერთად რომ მომანიჭეს საპატიო ხარაგაულელის ტიტული. თუ ვინმეს რამეში გამოვადგები, თავს ვანაცვალებ. მიხარია, რომ არ მივიწყებენ ჩემი აღზრდილები. მასწავლებელი სიყვარულის, სიმართლის მქადაგებელია. ამიტომ მინდა, ჩემი მოსწავლეები ყოველთვის აფასებდნენ და აკეთებდნენ თავის საქმეს ღირსეულად.

ირაკლი მაჭავარიანი, ვანიკო მაჭავარიანის შვილი: ერთ-ერთი ყველაზე რთული, ამავე დროს სასიქადულო და საამაყო დღეა ჩემთვის. ამ მხარეს ეთაყვანებოდა ვანიკო, მე და ჩემი ოჯახი.

„საპატიო ხარაგაულები“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა დაასახელა.

საახალწლო კონცერტზე აღინიშნა 2015 წელს ხარაგაულში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები.

ღონისძიების ორგანიზატორმა და წამყვანმა, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ დამდეგი ახალი წელი ილია ჭავჭავაძის სიტყვებით მიულოცა დამსწრეთ.

სცენაზე საახალწლო განწყობა შექმნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა გუნდი (ხელმძღვანელები გიორგი ჩოგოვაძე, ზაქარია ბერაძე), ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ანსამბლები „კახორი“ და „საუნჯე“ (ხელმძღვანელი დალი მაღრაძე, ლოტბარი მაია მაღრაძე, ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე), ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა,“ ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები), ინდივიდუალური შემსრულებლები – თიკო ჯანიაშვილი, სალომე კვირიკაშვილი, თიკო და თამარ ლურსმანაშვილები, მოსწავლეთა სახლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი) აღსაზრდელები.

ღონისძიების დასასრულს ხარაგაულელებსა და მოწვეულ სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ხარაგაულელებმა იუზა კელენჯერიძემ, იზა ვეფხვაძემ, დავით კიკნაძემ, იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნდირაძემ.

ნინო კაპანაძე

lasha_tabukashvili vakhtang_abashidze ANSAMBLI_KAKHORI ANSAMBLI_SAUNJE odila saakhalclo_ZEIMI-1 saakhalclo_zeimi-2 sakhalclo_zeimi-4