

ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლმა ლიტვის ქალაქ ტაურაგის მოსწავლეთა ხელოვნების ცენტრთან, ხარაგაულის სამუსიკო სკოლამ (დირექტორი ლალი ალექსიძე) კი – ტაურაგის სამუსიკო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.
ამ დღის აღსანიშნავად ხარაგაულში მეგობრობის საღამო გაიმართა ქართული, ლიტვური, უკრაინული და რუსული ახალგაზრდული ანსამბლების მონაწილეობით.
ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორ დალი მაღრაძის ინფორმაციით, ლიტველებთან დამეგობრების იდეის ხელშემწყობია ზესტაფონის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ძმები“ ხელმძღვანელი ზაზა შალამბერიძე. სწორედ ანსამბლ „ძმების“ დაარსებიდან 25 წლის იუბილეს მოსალოცად ჩამობრძანდნენ საქართველოში მათი უცხოელი მეგობრები.
მეგობრობის საღამოს, რომელშიც ლიტველ, უკრაინელ და რუს ახალგაზრდებთან ერთად ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები „კახორი“ და „საუნჯე“ (ლოტბარი მაია მაღრაძე) მონაწილეობდნენ, ესწრებოდნენ პარლამენტარები გუგული მაღრაძე და პაატა ბარათაშვილი.
გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები აცოცხლებს რაიონს: „ყოველთვის მხარს დავუჭერთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავდადებულად იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს რეგიონებში ჩქეფდეს კულტურული ცხოვრება; შრომობს, რათა რეგიონებში გაიზარდონ ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ თავისი კულტურა და ფოლკლორი.“
პარლამენტარმა პაატა ბარათაშვილმა ხარაგაულში გამართული მეგობრობის საღამოს ინიციატორები და ორგანიზატორები ვაჟას სიტყვებით შეამკო – „მადლობელი ვარ გულითა, შოთაის სულის ლხენამა, სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა.“
ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს საინტერესო საღამოსთვის და შემდგომი მეგობრობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
„ხელოვნების, კულტურის ენით მეგობრობის დაწყება საუკეთესო დიპლომატიაა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის, რეალური თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
„სტუმრებმა საოცრად საინტერესოდ წარმოგვიდგინეს პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ გვესაუბრებოდნენ ჩვენთვის უცხო ენაზე, ეს იყო ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ამიტომ მშვენივრად აღვიქვით,“ – ამბობს პაატა გოგოლაძე.
ლიტვურ მუსიკალურ სპექტაკლში „თავისუფლების რიტმის ქვეშ“ ლიტველმა ახალგაზრდებმა წარმოგვიდგინეს მხიარული და მეგობრული დავა იმის შესახებ, თუ რა მსგავსებაა ლიტვასა და საქართველოს, ლიტველებსა და ქართველებს შორის. ახალგაზრდები ხმას აძლევენ ხელთათმანებით, რომელიც მოქსოვილია ძველი ლიტვური ტრადიციებით.
პირველმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ორივე ერის ხალხს შეუძლია იამაყოს მშობლიური ენით, რადგან ლიტვური და ქართული ენა მოხვედრილია ათ უძველეს ენას შორის.
მეორე ჯგუფი იხსენებს და თამაშობს ცნობილ ლეგენდას, თუ როგორ ანაწილებს უფალი მიწას დედამიწაზე. ახალგაზრდები ავლებენ პარალელს ქართველი და ლიტველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე, – ორივე ერის ხალხი ძალიან ჰგავს ერთმანეთს სტუმრების მიმართ გამოთქმულ ანდაზებსა და მიმართვებში.
მესამე ჯგუფი აჩვენებს, რომ ორივე ერისთვის მთავარი ფასეულობაა ოჯახი, ქალისადმი პატივისცემა, დედისა და ასაკოვანი ხალხის დაფასება.
ხელთათმანების დათვლისას გამოცხადდა თანაბარი ანგარიში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ არ მისცა ხმა. თუ რატომ არ მისცა ხმა, ამ კითხვაზე პასუხი სიღრმისეულია, – რადგან ორივე ერის მთავარ თვისებაზე, – თავისუფლების სიყვარულზე, – არავის უსაუბრია. ლიტვამ და საქართველომ უამრავი ომი გადაიტანა. ამიტომ მათ იციან მშვიდობის ფასი. ლიტველებმაც და ქართველებმაც იციან, რომ მხოლოდ მათ ექნება თავისუფლება, ვინც იბრძვის თავისუფლებისა და საკუთარი ქვეყნის მომავლისათვის.
ლაურა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“