„ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები არა მხოლოდ ყოფილი დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის, გათავისუფლებას აპროტესტებენ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავადაც იბრძვიან.

მათი თქმით, ახალი დირექტორი თემურ ფურცელაძე პირველივე შეხვედრაზე უფასო შვებულებებში გაშვებაზე, ხელფასების შემცირებასა და სამსახურიდან დათხოვნაზე ესაუბრა.

მიხეილ ჭიპაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ოცი დღით ადრე გამგებლისგან მიიღო წერილი ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თავიანთი მოვალეობის პირნათლად შემსრულებელ თანამშრომლებს სამსახურიდან ვერ დაითხოვდა, რის შესახებაც განუცხადა გამგებელს. „არ აწყობდა გამგებელს ხმაური და ამიტომ გადაწყვიტა ჩემი გათავისუფლება, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – იძულებული გავხდი მივმართო სასამართლოს.“

მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ საინფორმაციო წერილი არა მხოლოდ ამ ა(ა)იპ-ის დირექტორმა მიიღო შესასრულებლად. გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ა(ა)იპ-ების დირექტორებს დაავალა, რომ გაეფრთხილებინათ თანამშრომლები შესაძლო რეორგანიზიის შესახებ.

„ამდენი ა(ა)იპ-ის შექმნას რომ ბიუჯეტი ვერ გაუძლებდა, ამას ორი წლის წინ ვამბობდი, – ამბობს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე, და გამგებლის ბოლოდროინდელ განცხადებას, – „ხარაგაულში რა საჭიროა 17 ა(ა)იპ-ი“ – არაეფექტური მმართველობის დასტურად მიიჩნევს. „დღეს ვდგავართ პრობლემის წინაშე, რომ ადამიანთა ნაწილი უნდა გაუშვა სახლში იმიტომ, რომ ფული აღარ არის. მომავალ წელს ხარაგაულში გვექნება მილიონ 300 ათასი ლარით ნაკლები ბიუჯეტი, ვიდრე გვაქვს 2015 წელს. წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 300-400 ათასი ლარით ჩავარდება.

იმის გამო, რომ ხარაგაულის ბიუჯეტში აღარ გვაქვს ფული, უარი ვთქვით გზების, ხიდების გაკეთებაზე, რაზეც შეთანხმება არსებობს საკრებულოსთან.

რომ ქმნიდი ახალ ა(ა)იპ-ებს, ახლა უკან უნდა დაიხიო, – გამოდის, რომ შენმა პრაქტიკამ არ გაამართლა. თავის დროზე ადამიანების სამსახურში დანიშვნას კი არა, უგუნურ გადაწყვეტილებებს ვაპროტესტებდი. არც ერთი ადამიანი არ უნდა დაზარალდეს. ამ ადამიანებს აინტერესებთ მუშაობა და მუნიციპალიტეტში ნორმალური სიტუაცია,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.

პარლამენტარის განცხადებით ეს მდგომარეობა შეეხება სხვა ა(ა)იპ-ებსაც.

„თავის დროზე არ ვეთანხმებოდი ტურიზმის ა(ა)იპ-ის შექმნას. ვისზეც იდგა ეს სამსახური, ახლა ის ადამიანი გამოაცალა გამგებელმა. ბარემ ადექი და უთხარი თანამშრომლებს, რას უპირებ ამ ა(ა)იპ-ს.

დავურეკე იმ ა(ა)იპ-ების დირექტორებს, რომელთაც მოთხოვეს, რომ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაეწერათ და არ დაწერეს. მე მათ სოლიდარობა გამოვუცხადე. ადამიანი, რომელიც კარგად უძღვება თავის საქმეს, აკეთებს ქვეყნის, თავისი მუნიციპალიტეტის საქმეს და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა სხვა ფაქტორებს.

„წყალმომარაგების კომპანიიდან“ დაუთხოვიათ ხელმძღვანელი ლევან შარიქაძე, რომელიც საკმაოდ კარგი ადამიანია. სრულებით დარწმუნებული ვარ, პარტიული გადაწყვეტილებაა. ადამიანს თუ რამეს უწუნებ, უთხარი ხუთი თვით ადრე. ჰპირდები ხვალ-ზეგ გაგიგრძელებ ხელშეკრულებასო და უცბად იღებენ საპირისპირო გადაწყვეტილებას.

კი არაფერს ვერჩი, ვინც დაინიშნა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ წყალმომარაგების სისტემაში ლევანზე უკეთ ერკვევა.

მეგონა, 2012 წელს დავამარცხეთ ადამიანებზე ზემოქმედება და ზეწოლა. დღეს კვლავ ვხედავ ამის მცდელობებს. პირდაპირი წესით არჩევა არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს.

არ შეიძლება გადაწყვეტილებას იღებდე, – „ეგრე რომ გინდა, – იმიტომ.“ სუბიეტური გადაწყვეტილებები ანგრევს ყველაფერს. ჩვენ ეს ერთხელ დავინახეთ. მეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ.

ნოდარ ებანოიძე გამგებლისგან მიხეილ ჭიპაშვილის გათავისუფლებას „ხელების გადაგრეხვად“ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს უფრო მისდამი მიმართული ქმედებაა. „შეიძლება ეს უფრო ჩემზეა მომართული, – ე.ი. „სიტუაციას ვერ ვაკონტროლებ აქ,“ – ამბობს პარლამენტარი.

ის ასევე აცხადებს, რომ გამგებელი ცდილობს ხელი შეუშალოს/შეაფერხოს მისი და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა/აქტიურობით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ამის მაგალითებად ასახელებს მარელისის, ფარცხნალისა და დიდვაკის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის უკვე დაწყებულ პროექტებს.

ნოდარ ებანოიძე გაფიცულებს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში. მისი თქმით, მისგან რომ იყოს გადაწყვეტილება მისაღები, დაეთანხმებოდა „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სამსახურს გაძღოლოდა მოვალეობის შემსრულებელი მათივე კოლექტივიდან. „თუმცა გამგებელს ვერაფერს ვუკარნახებ. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვერევი გადაწყვეტილებების მიღებაში. მე ამირჩიეთ პარლამენტში სამუშაოდ, კობა აირჩიეთ იმიტომ, რომ – მუნიციპალიტეტში იმუშაოს. ხარაგაული არ არის არც ჩემი დუქანი, არც კობას დუქანი.“

გაფიცულებს სამუშაოზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს იმერეთის ვიცეგუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი: „თქვენ გაქვთ მიხეილ ჭიპაშვილის მხარდაჭერის უფლება. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ სამუშაოს დასრულების შემდეგ. გთხოვთ, დაუბრუნდეთ სამუშაოს, მიხედეთ ხარაგაულს და თქვენს ოჯახებს. გამგებელი გეუბნებათ, რომ არავინ არ მიდიხართ უფასო შვებულებაში. თანხის პრობლემა იყო, – მოძიებულია. გეუბნებათ იმას, რომ თუ თქვენ არ დაბრუნდებით, იძულებული გავხდები, ახალი წლისთვის მუნიციპალიტეტი მოვამზადო და დავიქირავო სხვა ხალხი, – უნდა გადაუხადოს იმ სხვა ხალხს ფული, – უფასოდ ხომ არავინ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგექმნებათ პრობლემა ამ ახალი წლის წინა დღეებში. თქვენი სოლიდარობა ძველი ხელმძღვანელის მიმართ თქვენი ნებაა, მაგრამ ნუ დაარღვევთ სამუშაო ხელშეკრულებას, რაც შეიძლება სამსახურიდან თქვენი დათხოვნის საბაბი გახდეს.“

„ჩემი გადაწყვეტილება გაფიცულების შრომის უფლებებს პირდაპირ არ შეხებია, – ამბობს გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, – რამდენად სწორია, ისე გაიფიცონ, რომ მათი უფლება არ არის დარღვეული. დირექტორი ბევრი იხსნება და ინიშნება, კოლექტივები ამის გამო არ იფიცებიან.

„ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებს მოგწერდით თუ არ მოგწერდით, მიხეილს გადაყენება მოუწევდა თუ არა, ხომ იცოდით, რომ 31 დეკემბრამდე გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები?! არ დაგვირღვევია თქვენი შრომითი უფლებები და არც ვაპირებთ დარღვევას. ახალი დირექტორი რომ დაინიშნა და ძველი გათავისუფლდა, – დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის გამგებლის პრეროგატივა. ახალმა დირექტორმა თუ თქვენი უფლებები დაარღვია, ამაზე არავის მოუმართავს, რეაგირება რომ მომეხდინა.

თქვენ ღელავთ იმის გამო, რომ არ იყოთ დათხოვნილები სამსახურებიდან. გიცხადებთ, რომ ეს არ მოხდება.

სრულიად უსაფუძვლოდ რომ გამეთავისუფლებინა მიხეილ ჭიპაშვილი, სასამართლოში უნდა გააქარწყლოს ჩემი გადაწყვეტილება. ჩემს გადაწყვეტილებას დავიცავ სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რადგან გამგებლის გადაწყვეტილების დაცვა ეხება გამგებლის რეპუტაციას.

თანხა მოძიებულია არამარტო თქვენთან, არამედ ყველა ა(ა)იპ-ში და თქვენ არ გემუქრებათ უხელფასო შვებულება. ჩვენი შემოსავლები თერთმეტი თვის მონაცემებით მივიღეთ დაგეგმილის 106 პროცენტით. ანუ საუბარი, რომ ხარაგაულის ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება ხარჯები, ჩაბარდა წარსულს. 12 თვეზე ვნახოთ, რა იქნება,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

10 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და გაფიცულებს საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარი ჭინჭარაული და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია შეხვდნენ.

მათ მიხეილ ჭიპაშვილს გამოუცხადეს მხარდაჭერა სამართლებრივად და კანონიერად უფლებების აღდგენისათვის ბრძოლაში; გაფიცულების სოლიდარობა შეაფასეს ვაჟკაცობად და განაცხადეს, რომ იზრუნებენ იმისთვის, რომ არ დაისაჯონ ადამიანები გაფიცვაში მონაწილეობისათვის.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა გამგებელთან მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას, რომ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ 49-ვე თანამშრომელს 31 დეკემბრიდან ერთი წლით გაუგრძელდება ხელშეკრულება, თუ ისინი შეწყვეტენ გაფიცვას და გააგრძელებენ უფლებამოვალეობების შესრულებას. ასევე, გაფიცვა, რაც კონსტიტუციური უფლებაა, არ გახდება გაფიცულების შემდგომი დევნის საფუძველი. ამაზე პროფკავშირების წარმომადგენლები მიიღებენ წერილობით გარანტიას.

იმასთან დაკავშირებით, რომ გაფიცულები არ ენდობიან ახალდანიშნულ დირექტორს, დაისვა „ხარაგაულკეთილმოწყობისა“ და „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორების თემურ ფურცელაძისა და ნოდარ სხილაძის შესაძლო ურთიერთგადანაცვლების საკითხი.

„თუ ეს მოხდება, ეს იქნება პროფკავშირების ჩარევის შედეგი,“ – ამბობს გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.

ლაურა გოგოლაძე