საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტებში არსებული მდგომარეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

შეხვედრაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი მონაწილეობდნენ. მთავრობის წევრებს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოსგან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ წარუდგინა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო. 2014 -2015 წლებში აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა. საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებებში ქვეყნის მასშტაბით მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.

მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, „2013 წლამდე სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტები არ კონტროლდებოდა. 2015 წლის ბოლოს სრული სურათი გვაქვს იმისა, თუ რა მდგომარეობაა სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში. ქვეყნის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი უკვე შემოწმდა და სკოლების 80%-ზე მეტი წლის ბოლომდე შემოწმდება. შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის შემუშავებაშიც ყველა შესაბამისი უწყება – ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისი მერია და რეგიონის თვითმმართველობები არის ჩართული. შემუშავებული რეკომენდაციები გულისხმობს ჰიგიენური ნორმების დაცვას, კვების სწორი რაციონის შექმნას და ა.შ. – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

„უკვე დავასრულეთ რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობა და გავწერეთ კონკრეტული გეგმა ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად, – ამბობს მინისტრი დავით სერგეენკო, – რეკომენდაციებით სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ბავშვთა ჯანსაღი კვების პრინციპებზე. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროდუქტების დიფერენცირება, განსაზღვრა, თუ რომელი პროდუქტების მიღებაა აუცილებელი და მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და რომელი პროდუქტები საერთოდ ამოსაღებია კვების რაციონიდან. მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა, სუსტი წერტილების მოძებნა და აღმოფხვრა, რათა ეფექტიანად ამუშავდეს ეს პროგრამა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით:

  • საბავშვო ბაღებში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, აღარ გამოიყენება ალუმინისგან დამზადებული ინვენტარი, რომელიც მიჩნეულია მეორე კლასიფიკაციის საშიშროების ელემენტად და დაუშვებელია ბავშთა კვების მოსამზადებლად.
  • საბავშვო ბაღების უმეტესობამ მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
  • თითქმის ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოში მოწესრიგდა წყალგაყვანილობა (ცხელი წყალი).
  • საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენური მდგომარეობა, მათ შორის, პერსონალის ჰიგიენა, სურსათის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რეცხვა-დეზინფიცირება.
  • სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების პერსონალისთვის პერიოდულად ატარებს   ტრენინგებს თემაზე „5 გასაღების პრინციპი“, რომელიც სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენის აუცილებელ ნორმებს შეეხება.
  • საბავშვო ბაღებში სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერების გამოცხადების დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ტექნიკური სპეციფიკა თანხმდება და ცხოველური წარმოშობის სურსათის მომარაგების პირობები მკაცრად არის რეგლამენტირებული.