ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ 49 თანამშრომელმა დღეს დირექტორ მიხეილ ჭიპაშვილის გათავისუფლება საკრებულოში გააპროტესტა.

მათ საკრებულოს წინასწარ წერილობით მიმართეს და სხდომაზე საკუთარი პოზიციების დაფიქსირება მოითხოვეს.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა დირექტორმა მიხეილ ჭიპაშვილმა ვრცლად ისაუბრა სამსახურის მიერ დაბა ხარაგაულსა და სხვა ტერიტორიული ორგანოების სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე. მან გაიხსენა ვარლამ ჭიპაშვილთან გასულ წლებში დაწყებული დაპირისპირება, რაც ერთი კვირის წინ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საბაბი გახდა.

მიხეილ ჭიპაშვილის თქმით, ვარლამ ჭიპაშვილი ბაზალეთის ადმინისტრაციული ორგანოს რწმუნებულად მუშაობისას ცდილობდა გაეყალბებინა დოკუმენტები და სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გამოყოფილი თანხა ისეთ ოჯახს მიეღო, ვინც ამას რეალურად არ საჭიროებდა. მიხეილ ჭიპაშვილი იმ დროს ამ მიზნით შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობდა.

მიხეილ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ ვარლამ ჭიპაშვილი ეწინააღმდეგებოდა ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობისთვის“ შენობისა და მანქანის გადაცემას, შესრულებული სამუშაოებისთვის თანხის ჩარიცხვას.

მიხეილ ჭიპაშვილმა განმარტა, რომ ვარლამ ჭიპაშვილი ბრალს დებს იმაში, რომ სოფელ ბაზალეთში გზის მოასფალტების შემდეგ გარე განათების სამუშაოების წარმოებისას გზა ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ მანქანამ დააზიანა.

„ზედამხდეველობის სამსახურის მიერ მომზადებულ არც ერთ დოკუმენტში არ არის ნახსენები, რომ გზა დაზიანდა ჩვენი ავტომანქანის მუშაობის შემდეგ,“ – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი.

მისივე თქმით, ის 22 ოქტომბერს საკრებულოში მივიდა მეუღლესთან საღამოს რვის ნახევარზე. „გავიგონე ვარლამ ჭიპაშვილის ხმა. მისი ნებართვის შემდეგ შევედი მასთან კაბინეტში და ვთხოვე განემარტა, თუ რას უკავშირდებოდა ჩემს წინააღმდეგ მისგან განხორციელებული ქმედებები. მან მითხრა, რომ პოლიტიკოსია და რასაც უნდა იმას იტყვის. შენ და შენი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძე, თუ გამლანძღავთ, მე ავმაღლდებიო, მითხრა ვარლამ ჭიპაშვილმა. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ მისნაირი უნამუსო ჭიპაშვილი არასოდეს მინახავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან პოლიციას მიმართა, რაზეც საქმე არ აღიძრა,“ – განაცხადა მიხეილ ჭიპაშვილმა.

ამის შემდეგ საკრებულოს წევრებმა – ფრაქცია „ქართული ოცნებისა“  და „მრეწველების“ წევრებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ვარლამ თავზარაშვილმა, ჯამბულ გამცემლიძემ, მანანა ბარბაქაძემ, შალვა ლურსმანაშვილმა, დავით ლურსმანაშვილმა, გივი თხელიძემ, გიორგი გრიგალაშვილმა, ბესიკი ტალახაძემ, დავით კიკნაძემ, ბესიკ ფოცხვერაშვილმა, აზა ფურცელაძემ, ნონა ზურაბიანმა, ვარლამ ჭიპაშვილმა, იუზა კელენჯერიძემ, გივი ხიჯაკაძემ, მარინე ვეფხვაძემ, ვლადიმერ ტალახაძემ და მერაბ ტალახაძემ წერილობით მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სადაც დაგმეს მიხეილ ჭიპაშვილის ქმედება.

„კატეგორიულად მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე მიხეილ ჭიპაშვილის მიმართ გაატაროთ მკაცრი ღონისძიებები,“ – აღნიშნულია დეპუტატებისგან გამგებლისთვის გაგზავნილ წერილში.

მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ  გამგებელთან საკითხის განხილვისას ვარლამ ჭიპაშვილმა ვერ დაამტკიცა და ვერ დაასაბუთა მისი არასამართლებრივი ქმედება. „მე მოვუწოდე, ვარლამ ჭიპაშვილს, რომ ბოდიში მოეხადა დეპუტატებისთვის, რომლებიც მან შეცდომაში შეიყვანა და რის გამოც სხდომები ჩაიშალა.“

ვარლამ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ჭიპაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას. „ნასვამი მოვიდა ჩემთან და მთხოვდა პასუხს ჩემს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დროს გაკეთებული განცხადებების შესახებ. მოითხოვდა ჩემგან ახსნა-განმარტებებს, თუ რატომ მივიღე ესა თუ ის გადაწყვეტილება. არავის აქვს უფლება, საკრებულოს წევრის საქმიანობაში ჩაერიოს და მას ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს,“ – აცხადებს ვარლამ ჭიპაშვილი და მიიჩნევს, რომ გამგებელმა მიხეილ ჭიპაშვილი თანამდებობიდან კანონიერად გაათავისუფლა.

საკრებულოს სხდომას დღეს არ დასწრებია მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი. მისი პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, „მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი არ იმყოფება ხარაგაულში. სხვა საკითხებთან ერთად, რომელიც აქტუალურია და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარეობს, მათ შორის დღეს აქ განხილულ საკითხზეც, ბატონი კობა გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ხვალ გაგცემთ პასუხს,“ – აღნიშნა პაატა გოგოლაძემ.

მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ის სასამართლოს მიმართავს და ბრძოლას სამართლიანობის დადგენისთვის იქ გააგრძელებს.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები კი აგრძელებენ გაფიცვას მანამდე, სანამ, მათივე თქმით, არ დადგინდება სიმართლე და თანამდებობაზე არ დააბრუნებენ მიხეილ ჭიპაშვილს.

ნინო კაპანაძე

P.S. ამ თემაზე „ჩემი ხარაგაული“ ამზადებს ვიდეო მასალას.