ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 49 მასწავლებელს  თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდა.

ტრენინგი განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებითა და დაფინანსებით გაიმართა.

„საანგარიშო კრებაზე მასწავლებლებს მივმართე, თუ რა მიმართულებით სურდათ დატრენინგება. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ თვითშეფასების კითხვარზე ესაჭიროებოდათ მეტი ინფორმაცია,“ – აღნიშნა განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ.

ვახანის საჯარო სკოლის მასწავლებელი დოდო ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ ტრენინგზე სასარგებლო ინფორმაცია მიიღო. „თვითშეფასების კითხვარზე ბევრი სამუშაოა. ამით ახარისხებ შენს ცოდნას და უკეთ ერკვევი,“ – ამბობს დოდო მასწავლებელი.

„თვითშეფასების კითხვარების შევსებისას აუცილებელია, რომ მასწავლებელი იყოს გულწრფელი, – ამბობს ნადაბურის საჯარო სკოლის მასწავლებელი გაიოზ შუბითიძე, – მომავალში ეს დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი. ტრენერი ძალიან კარგად გადმოგვცემს ინფორმაციას. აუცილებელია ასეთი შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება.“

ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა ტალახაძე ამბობს, რომ თვითშეფასების კითხვარი „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მთავარი მამოძრავებელი ძარღვია. „თვითშეფასების კითხვარი მასწავლებელთა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა და მას „კოშმარი“ უწოდა, – გვიამბობს თეა მასწავლებელი, – ვფიქრობ, რომ კითხვარის შევსება თითოეულ ჩვენგანს გვეხმარება წინსვლაში, ჩვენი საჭიროებების დადგენაში, გვაიძულებს დავფიქრდეთ ჩვენს ძლიერსა და სუსტ მხარეებზე. შეკითხვა, პუნქტი, რეფლექსია, – ეს ყველაფერი ჩვენთვის ნაცნობია. თუ ყოველდღიურად ვაკვირდებით საკუთარ საქმიანობას, მოვინიშნავთ, რა გვქონდა კარგი და რა სუსტი, რისი გაუმჯობესება გვჭირდება, – თვითშეფასების კითხვარის რეფლექსიის დაწერა არ გაგვიჭირდება.“

რაც შეეხება სპმთპი-ს ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციისგან ჩატარებულ ტრენინგს, თეა ტალახაძე მიიჩნევს, რომ მასწავლებლებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა ტრენერმა კითხვარში საორიენტაციოდ. „ტრენერი დაწვრილებით გვესაუბრა რეფლექსიის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. გვითხრა, რომ რეფლექსია გვაძლევს საშუალებას, ახლებურად გავიაზროთ მასწავლებლის როლი. რეფლექსია არის სარკე, რომლის საშუალებითაც ჩვენ საკუთარ თავს გვერდიდან ვაფასებთ,“ – დასძენს თეა ტალახაძე.

ნადაბურის საჯარო სკოლის მასწავლებელ მალხაზ გელაშვილს ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება ფეხი აუწყოს იმ სიახლეს, რაც განათლების სისტემაში ინერგება.

„სიახლის მიმართ ყოველთვის არსებობს გარკვეული შიში, – ამბობს ტრენერი დავით ლიპარტელიანი, – თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საკუთარი თავის შეფასება ვინც იცის, უნდა გააგრძელოს, ვინც არა, – უნდა ისწავლოს. თვითშეფასება გვჭირდება იმისთვის, რომ საჭიროებები დავადგინოთ, მერე კი დავგეგმოთ, როგორ გავიუმჯობესოთ პრაქტიკა.“

ნინო კაპანაძე

treningi_tvitshefaseba