საქართველოს პრემიერ- მინისტრის შემდეგ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე შეხვდა. მინისტმა მოკლედ ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება. მათ შორისაა  „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ და შეღავათიანი აგროსესხების პროექტი, რომლებიც  უკვე მიმდინარეობს.

დავით კირვალიძის განცხადებით, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს და იგი 640 ათასი მცირემიწიანი ფერმერისა და გლეხისათვის ხვნისა და მიწის სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს. მხოლოდ საგაზაფხულო პროგრამის ბიუჯეტი 190 მილიონი ლარია.

უკვე დაწყებულია სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება, რომლითაც გლეხებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი, ასევე უსასყიდლოდ დახნან და გააფხვიერონ საკუთარი მიწის ნაკვეთები.

იმის მიხედვით, თუ რამდენ მიწას ფლობს, გლეხები ორი სახის ბარათებს მიიღებენ, ნომინალურს და კომბინირებულს.

რაც შეეხება „შეღავათიანი აგროსესხების პროექტს“, დავით კირვალიძის განცხადებით, დღეისათვის აგრო-სამრეწველო სექტორში მწვავედ დგას ფინანსების ნაკლებობის საკითხი, რაც პირდაპირ აისახება წარმოების პოტენციალზე და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შემუშავდა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც 2013 წლის მარტის ბოლოს დაიწყება. ეს პროექტი სამი მიმართულებით განხორციელდება: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისათვის; 2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის; 3.შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ყველა რაიონში იქნება მაღაზია, საიდანაც გლეხი უპროცენტო სასაქონლო კრედიტით (5 ათას ლარამდე) შეძლებს გამოიტანოს სათესლე-სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები და ა. შ. (სასუქის გარდა). სეზონის დასრულების (6 თვის) შემდეგ გლეხი გადაიხდის ამ თანხას ყოველგვარი პროცენტის დამატების გარეშე. 6 თვეში თანხის ვერ დაფარვის შემთხვევაში, მას დაემატება თვეში 3%.

რაც შეეხება შეღავათიან აგროკრედიტს საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის, დავით კირვალიძე აცხადებს, ეს უპრეცედენტო პროექტია, რადგან ფერმერისათვის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი სადღეისოდ არნახულად დაბალი, წლიურად მაქსიმუმ 7-8% იქნება. რაც შეეხება თანხას, მისი ოდენობა 5-დან 100 ათას ლარამდე განისაზღვრება.

მეორე ტიპის აგროკრედიტი, რომელიც უკვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისთვისაა განსაზღვრული, ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 60 ახალი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. სესხი 7 წელზეა გათვლილი და 30-დან 600 ათას ლარამდე თანხას მოიცავს.  ეს პროგრამა ითვალისწინებს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის (შემნახველი, სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები, თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები, სარწყავი სისტემები) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას.

დავით კირვალიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში კიდევ ბევრი პროგრამა განხორციელდება, მათ შორის ისეთიც, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული არ არის. მთავარი კი ისაა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება და პოლიტიკა სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოფლის მიმართ.

სოფო დვალი