ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბუნების ძეგლების კვლევის პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა შესწავლილი მასალა ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

მისივე თქმით, ხარაგაულში ბუნების ძეგლების კვლევა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

„იმერეთის რეგიონი ყველაზე მდიდარია ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, მაგრამ ნაკლებად არის პოპულარული და ტურისტებით დატვირთული, – აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, – თქვენი ჩართულობა და ინტერესი ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, გამოსაცემად მზადაა წიგნი, სადაც იქნება ინფორმაცია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის ბუნებრივი წარმონაქმნის შესახებ. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ბუნების ძეგლების რეესტრი და რუკა, სადაც დაიტანენ ბუნების ყველა უნიკალურ ძეგლს.

„ხევის ტერიტორიაზე, სადაც პირველად შემოდის იმერეთში ტურისტი, აუცილებელია საინფორმაციო დაფა განთავსდეს იმერეთისა და კონკრეტულად ხარაგაულის შესახებ,“ – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ხარაგაულის თითქმის ყველა სოფელში ბუნების რამდენიმე ძეგლია. ამ მხრივ, გიორგი დვალაშვილის თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა მდინარე ძირულას ხეობა:

-ნადაბურის ჩანჩქერი, ღელე, პატარა გოლისის ნასოფლარი, ბიბლისხევი, ზორთხევი, ბჟინევისა და კოზმანის მღვიმეები და ბუნების სხვა ძეგლები ნაკლებადაა პოპულარული. ძირულას ხეობაში ბევრი ვიზიტორი ჩერდება რესტორნებში. ჩვენ შეგვიძლია ბუნების ძეგლებით უფრო მიმზიდველი გავხადოთ ეს ხეობა. ვფიქრობთ, ტურისტებით რეალურად დაიტვირთოს, განსაკუთრებით – ნადაბური, სადაც გაჩნდება საოჯახო ტურისტული სასტუმროების პერსპექტივა.

გედსამანიის პოპულარიზაცია იქნება ძალიან კარგი. უზარმაზარი ქედი ძირულას და ჩხერიმელას ჰყოფს. აქ საინტერესო მარშრუტის დაგეგმვა შეიძლება.

კოზმანის მღვიმე არის ხარაგაულში ყველაზე დიდი. ძალიან დავინტერესდით და გაზაფხულზე აუცილებლად გავაგრძელებთ მის კვლევას. კოზმანის გადმოსახედი უნიკალური პანორამით იშლება. აღმოსავლეთ საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში მღვიმე არაა. ერთადერთი, რაც  სჭირდება კოზმანის მღვიმეს, მისასვლელის მარკირებაა. კოზმანის მღვიმე გაცილებით ეფექტურია პრომეთეს მღვიმეზე, რადგან პრომეთეს მღვიმე ბოლო სტიქიის დროს დაიტბორა. კოზმანის მღვიმე სიმშრალით გამოირჩევა და იქ წყალმოვარდნა გამორიცხულია.

1933 წლიდან მირონწმინდა ოფიციალურად წითელხევის სახელით არის ცნობილი. 1921 წლის აღწერით კი მირონწმინდა ეწოდება. მაცნეს ჩამონათვალში და სტატისტიკის დეპარტამენტში დღესაც წითელხევი წერია და არა მირონწმინდა. მირონწმინდაში გაედინება მდინარე ყარნება. ფაქტობრივად, ამ ხეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილები არ არის, მაგრამ არის ძალიან საინტერესო, – 1968 წლის მონაცემებით მდინარე ყარნებაზე 28 წისქვილია. აღსანიშნავია, რომ წისქვილითაც შეიძლება ტურისტების მოზიდვა.

ლაშეში, უჩამეთის ტერიტორიაზეა დევის ხვრელი. მნიშვნელოვანია, რომ იქ მისასვლელი გზა მოწესრიგდეს. მომავალ წელს საქართველოში ბელორუსიიდან და უკრაინიდან გეოგრაფები, გეოლოგები და არქეოლოგები ჩამოვლენ. განსაკუთრებით დაინტერესდნენ დევის ხვრელის გამოკვლევით, ამიტომ დევის ხვრელის მარშრუტი უნდა იყოს მარკირებული.

ბაზალეთში, ერთ პატარა ხეობაში, სანახავი და დასაფიქსირებელია ჩანჩქერი. საინტერესო ხეობებია ვარძიაში. ბორში ღირსშესანიშნავ ადგილად შეიძლება დაფიქსირდეს კიცხის საზღვართან ახლოს მდებარე ტბა.

ჩხერის ციხე არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნების ძეგლი. ის გეოლოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილია და ნაშრომში ბუნების ძეგლად დაფიქსირდება. მეტი ემოცია აქვს ტურისტს, როცა ციხეზე ადის. მისი განათება მნიშვნელოვანიც იქნება და ეფექტურიც.

უნიკალურია ლეღვნის ტბა. ლეღვანსა და მოლითში საინტერესო ბუნების ძეგლებია.

წიფაში აბანოსღელე ჩამოედინება და უერთდება ჩხერიმელას. იქვე არის ერთი გვირაბი. იდეა გვაქვს, რომ დაითესოს სოკო. დასჭირდება მხოლოდ ხელოვნური განათება. ნიადაგი და ტემპერატურა საკმარისია. ეს ადგილი იმითაც არის საინტერესო, რომ იქვეა საპიკნიკე ადგილი. წიფაში ჩხერიმელას მარცხენა მხარეს ჩამოდის ჩანჩქერი, რომელსაც აუცილებლად დავიტანთ რუკაზე.

წიფაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საბუეთის მთა. იქ თუ გაკეთდება ქარის ელექტროსადგური, უფრო მეტ ელნერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ხუდონჰესი. მოსახლეობის აზრი იქნება აქ ყველაზე საინტერესო. საქართველოში ყველაზე ქარიანი ადგილია საბუეთის მთა და ეს არის ხარაგაულში.

ზვარეში ბერების კლდემდე მისასვლელი გზის მარკირება გვინდა. იქ სამი ჩანჩქერია, რომელთა სიმაღლე ათ მეტრს აღემატება, არის ტბაც. მართალია, ამ ტერიტორიას კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, მაგრამ მის მიღმა არის ძალიან ბევრი საინტერესო ბუნების ძეგლი.

ფარცხნალზე, რაც პირველ რიგში უნდა ვთქვათ ისა, რომ შესაძლოა ეს სოფელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. 3 980 სოფელია საქართველოში. ყველაზე მეტი მეცნიერი, აკადემიკოსი, ინტელიგენტი და გამოჩენილი პიროვნება ფარცხნალიდანაა. ფარცხნალს აქვს რესურსი, რომ ამ კუთხით შევიდეს გინესის წიგნში. სხვა რომ არაფერი იყოს ფარცხნალში, ამ მიმართულებით უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია. უახლოეს ხანში ცნობილი ჟურნალისტი გვანჯი მანია, რომელიც გინესის საკითხებზე მუშაობს, ჩამოვა ფარცხნალში.

ხარაგაულის ცაშეკრულას კანიონი ბევრმა გაიცნო. აქ ვგეგმავთ ტურისტების ჩამოყვანას ზამთარშიც.

გიორგი დვალაშვილი დაინტერესდა ხიდარში ე. წ. ოხრას მღვიმით. ის უახლოეს ხანში გეგმავს ხიდარში ჩამოსვლას და მღვიმის გამოკვლევას.

ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარები, რომელთა საშუალებით სოფლებში არსებული ყველა ბუნების ძეგლს დაიტანენ ტურისტულ რუკაზე.

ნინო კაპანაძე