განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ მეექვსე საანგარიშო კონფერენცია გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ გასული ორი წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა ორგანიზაციის წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს.

ლალი სებისკვერაძე მოხარულია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში აღდგა ორგანიზაციის საქმიანობა. 2014 წლიდან კი განათლების პროფკავშირების რიგებს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება შეუერთდა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ორგანიზაციაში 556 წევრია. განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაცია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს, თუმცა, ზოგი მათგანიდან ყველა დასაქმებული განათლების პროფკავშირის წევრია, რამდენიმედან კი – მხოლოდ 5-6. ლალი სებისკვერაძე იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

რაიონული ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტია ორგანიზაციის გაძლიერება, წევრთა უფლებების დაცვა და ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა.

საანგარიშო კრებაზე ლალი სებისკვერაძემ აღნიშნა, რომ სპმთპ-მ გარკვეული წვლილი შეიტანა მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების მატებაში. ორგანიზაციას კონსტრუქციული დიალოგი აქვს განათლების სამინისტროსთან, ცდილობს და მოითხოვს, რომ პედაგოგის ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტი განათლების სამინისტროს ყველა მოქმედი კომისიის წევრია. ეს, ლალი სებისკვერაძის თქმით, რაიონული ორგანიზაციის ლიდერებს საშუალებას აძლევს კონსტრუქციული ურთიერთობა  ჰქონდეთ ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, საკრებულოსთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

ლალი სებისკვერაძის ანგარიშის მიხედვით, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ხარაგაულში 2013-2014, 2014-2015 სასწავლო წლებში ჩატარდა ტრენინგები პროფესიულ უნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში (1-6 კლასი), მათემატიკაში (1-6 კლასი), საბუნებისმეტყველო საგნებში (1-6 კლასები), ინგლისურში.

ის საგნები, რომლებზეც იყო მოთხოვნილება და ვერ შედგა ჯგუფი (ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, საბუნებისმეტყველო საგნები 7-12 კლასი), მსურველი პედაგოგები გაიგზავნენ სპმთპ-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, რაც დაფინანსდა რაიონული ორგანიზაციის მიერ. შვიდი პედაგოგი გადამზადდა თბილისში #166-ე სკოლაში.

ორგანიზაცია მიმდინარე წელს ჩაატარებს გამოკითხვას იანვარში ჩასატარებელ სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით. თუ შედგება საგნობრივი ჯგუფები, რაიონული ორგანიზაცია ადგილზე დაგეგმავს ტრენინგებს.

ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, რაიონული ორგანიზაცია ცდილობს დააფინანსოს შიდა სასკოლო ღონისძიებები. თანხის გაცემის დროს ითვალისწინებენ წევრთა რაოდენობას და მათ მიერ ჩარიცხულ თანხას.

ახლახან ორგანიზაციამ ტრენინგი ჩაუტარა პირველადი ორგანიზაციის ბუღალტრებს, რამაც უაღრესად დიდი მოწონება დაიმსახურა ბუღალტრებში. თავად ტრენერმა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში, ნათია კორძაძემ, აღნიშნა, რომ ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებულად მობილიზებულნი და მომზადებულნი იყვნენ.

გასულ წელს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა განახორციელა პროექტი „პიონერფილმთან“ ერთად. პროექტის მონაწილეებმა ხარაგაულში შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს. პროექტის გასვლითი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში განათლების პროფკავშირების რაიონულმა ორგანიზაციამ დააფინანსა.

ლალი სებისკვერაძის სურვილია, რომ სასწავლო პროექტი განახორციელოს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში. საუბარია საბავშვო ბაღებში ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულთა გადამზადებას შემდეგ სფეროებში:

სკოლამდელ დაწესებულებათა ადმინისტრაცია და მართვა;

ტრენინგი საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელებისთვის (დღის დაგეგმვა, ბავშვთა ფსიქოლოგია და ინკლუზია);

დასაქმებულთა სერტიფიცირება ჰიგიენურ მოთხოვნებზე.

საანგარიშო კონფერენციაზე ლალი სებისკვერაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მისიაა, ხელისუფლებამდე მიიტანოს საზოგადოების აზრი. მისივე თქმით, „ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ პროფკავშირი იყოს ძლიერი. ძლიერ პროფკავშირს კი ქმნიან თავისუფალი ადამიანები.“

ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, ორგანიზაციის კომიტეტში ცვლილებებია. ხუნევის საჯარო სკოლის პირველად ორგანიზაციას ნატო შავიძე უხელმძღვანელებს, ხიდრის საჯარო სკოლაში – ხათუნა ბერაძე, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში – გიგა ლაცაბიძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში – ანა გაჩეჩეჩილაძე, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში – მაია დევდარიანი.

საანგარიშო კონფერენციაზე ლალი სებისკვერაძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა პირველადი ორგანიზაციის ის ლიდერები, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად ედგნენ გვერდით ორგანიზაციას: ალექსანდრა ჭიპაშვილი (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა), ლალი გრიგალაშვილი (ხევის საჯარო სკოლა), მადლენა ნებიერიძე (მარელისის საჯარო სკოლა), ელვარდი გიორგიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა).

ლაურა გოგოლაძე

profkavshiri-2 profkavshiri-3 profkavshiri-5 profkavshiri-6 profkavshiri-7