ხარაგაულში 26 ნოემბერს გიზო თავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო  ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის VII-XII კლასების მოსწავლეები. მათ წაიკითხეს გიზო თავაძის ლექსები და შეასრულეს სიმღერები იმერეთზე. საღამოს უძღვებოდა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, პოეტი ვალერი გოგნაძე.

გიზო თავაძე თითქმის 35 წელია შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. ის V კლასიდან წერს. გიზო თავაძე პროფესიით ისტორიკოსია, მისი პოეტობა კი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღმერთის მიერ იყო გადაწყვეტილი, მანვე უბოძა შემოქმედების ნიჭი.“ როგორც თვითონ ამბობს, მისი შთაგონების წყარო სამშობლო, ბუნება და სიყვარულია. გიზო თავაძემ უპასუხა ხარაგაულელი მოსწავლეების შეკითხვებს და გამოთქვა ღონისძიებით მიღებული შთაბეჭდილებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია მოსწავლეთა მხატვრული კითხვით, მათი ორატორული ნიჭით. გიზო თავაძემ წაიკითხა საკუთარი შემოქმედებიდან რჩეული ლექსები და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

გიზო თავაძის შემოქმედებაზე აზრი გამოთქვეს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის მსახიობმა იზა ვეფხვაძემ, ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მერი გიორგიძემ.

26 ნოემბერი ხარაგაულელებისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო  დღე იყო, რადგან ამ დღეს ხარაგაულს ეწვია კიდევ ერთი ცნობილი პიროვნება, მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, რომელმაც ხარაგაულელების მეხსიერებაში გააცოცხლა რეზო თაბუკაშვილი. გიორგი კიკვაძემ შექმნა რეზო თაბუკაშვილის ბიუსტი, რომელიც ერთადერთია მთელს საქართველოში.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მოხიბლულნი არიან იმერელთა სტუმართმოყვარეობითა და კულტურული ცხოვრებით.

მარიამ ჭიპაშვილი

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე

gizo-tavadze-1 gizo-tavadze